in

რატომ აქვთ მსგავს კომპანიებს განსხვავებული შედეგები AI მოდელების გამოყენებისას

Lenovo
Lenovo

დღეს, როდესაც კომპანიები ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ, უნდა გააცნობიერონ ერთი რამ: როცა ყველას ერთნაირ AI მოდელებზე, ინსტრუმენტებსა და ვენდორებზე აქვს წვდომა, მთავარი განმასხვავებელი სწორედ ეს კონტექსტი ხდება.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვლევრებმა 50-ზე მეტი მსხვილი კორპორაციის (ძირითადად Fortune 500-ის წევრების) 200-ზე მეტი სამუშაო პატერნი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მაშინაც კი, როცა კომპანიები ერთსა და იმავე ინდუსტრიაში ოპერირებდნენ და ერთნაირ სისტემებს იყენებდნენ, მათი შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა. და ეს განსხვავება არა ტექნოლოგიურმა ინსტრუმენტებმა, არამედ სწორედ სამუშაო კონტექსტმა განაპირობა.

რას ვგულისხმობთ „კონტექსტში“?

კონტექსტი არის ის, თუ როგორ მუშაობს გუნდი რეალურად, რა სიგნალებზე რეაგირებენ, რა თანმიმდევრობით ერთვებიან პროცესში სხვადასხვა როლის მქონე ადამიანები და რა გადაწყვეტილებებს იღებენ კრიტიკულ მომენტებში.

ათწლეულების განმავლობაში, მენეჯმენტი ცდილობდა, ეს განსხვავებები გაექრო და პროცესები დაესტანდარტებინა. სტანდარტიზაციას მოჰქონდა ეფექტურობა და ხარჯების დაზოგვა, მაგრამ უგულებელჰყოფდა ნიუანსებს. რადგან თავად AI მოდელები ზოგადია, მათ სჭირდებათ კონკრეტული ორგანიზაციის კონტექსტში მოხვედრა, რათა გაიგონ, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი.

სტრატეგიის ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ მდგრადი კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება რესურსებს, რომლებიც არის ფასეული, იშვიათი, რთულად კოპირებადი და შეუცვლელი. ორგანიზაციული კონტექსტი ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კონკურენტს შეუძლია დააკოპიროს თქვენი პროცესი, მაგრამ ის ვერ დააკოპირებს წლების განმავლობაში დაგროვილ, ქცევაში გამჯდარ გამოცდილებას.

AI კონტექსტს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის

რაც უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება AI, მით უფრო კარგავს ის კონკურენტული უპირატესობის სტატუსს. ბევრი კომპანია ერთსა და იმავე მოდელს იყენებს, მაგრამ შედეგები სხვადასხვაა. მიზეზი მოდელის ხარისხი კი არა, კონტექსტია.

როდესაც AI-ს უბრალოდ სტანდარტულ პროცესებს ვარგებთ, ის ქცევას აბლაგვებს. მაგრამ როცა მას ორგანიზაციის უნიკალურ კონტექსტში ვსვამთ, ის ზუსტად იმას აძლიერებს, რაც ამ კომპანიას გამოარჩევს. სწორედ ამიტომ მარცხდება ბევრი AI-პილოტი მასშტაბირებისას: ისინი კარგად მუშაობენ სატესტო გარემოში, მაგრამ რეალურ სამუშაო პროცესში, სადაც ინსტიტუციური ნიუანსები და კოორდინაციის დაუწერელი წესები მოქმედებს, მათი ეფექტურობა იკარგება.

რა უნდა გააკეთონ C-level ხელმძღვანელებმა ახლა?

AI-დან მიღებული უკუგება (ROI) მხოლოდ მოდელის სიმძლავრეზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად არის ეს ინტელექტი კომპანიის ოპერაციულ კონტექსტში ინტეგრირებული. ამისთვის ლიდერებმა ეს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან:

აქციეთ სამუშაო პროცესი გაზომვად მონაცემად. დანერგეთ ტექნოლოგიები, რომლებიც დააკვირდება, როგორ მუშაობს გუნდი რეალურად – რა თანმიმდევრობით იღებენ გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთობენ. შექმენით კომპანიის „კონტექსტის ბიბლიოთეკა“.

დააკავშირეთ AI კონტექსტის ბიბლიოთეკასთან. ნებისმიერი AI სისტემა უნდა იკვებებოდეს ამ უნიკალური გამოცდილებით. ზუსტად შერჩეული კონტექსტი არის ის, რაც განასხვავებს წარმატებულ პროექტს წარუმატებლისგან.

დააწესეთ წესები და შექმენით ნდობა. კონტექსტის მართვა მოითხოვს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მკაცრ დაცვას. გუნდმა უნდა იცოდეს, ვინ რაზე იღებს წვდომას. ნდობის გარეშე რეალური ქცევის დაფიქსირება შეუძლებელია.

დააკვირდით, გაუმჯობესდა თუ არა პროგნოზების სიზუსტე, გარიგებების სისწრაფე ან რისკების მართვა. თუ არა, შეცვალეთ კონტექსტის მიწოდების ლოგიკა.

ისტორიულად, კორპორაციულ ტექნოლოგიებს ყოველთვის IT დეპარტამენტი მართავდა. დღეს კი მენტალური მოდელი უნდა შეიცვალოს: კონტექსტი ხდება კომპანიის მთავარი ინფრასტრუქტურა – ცოცხალი, მუდმივად განახლებადი ორგანიზმი. AI მოდელებზე წვდომა ყველას ექნება. მაგრამ კონტექსტი ყოველთვის დარჩება უნიკალური ორგანიზაციისთვის და შესაბამისად, სწორედ ის იქნება მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

წყარო: HBR

eCommerce კამპანიების მაგალითები: რა მუშაობს დღეს და რატომ

ლევან კობერიძე Night Talk-ზე სტეპში