1900-იანი წლების დასაწყისში ბევრი სხვადასხვა ინდუსტრია აღმოცენდა და მათ შორის სპორტული ფეხსაცმლის საწარმოებიც აღმოჩნდა. მაშინ შექმნილმა ბევრმა პროდუქტმა ვერ მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ ბევრიც არის ისეთი, რომლებსაც დღესაც ვიცნობთ, გვიყვარს და ვაფასებთ. ერთ-ერთი ასეთი ბრენდია Converse და ჩვენ მისი წარმატების ისტორიას მოგიყვებით.
როდის გაეშვა Converse, როგორც კომპანია
Converse 1908 წელს მარკიზ მილს კონვერსის მიერ დაარსდა მალდენში, მასაჩუსეტსში. თავდაპირველად მის ეტიკეტზე ეწერა “Converse Rubber Company” და მისი პროდუქტი მოიცავდა პრაქტიკულ და ფუნქციურ ფეხსაცმელს, როგორიცაა „კალოშები“, ჩოგბურთის ფეხსაცმელი და სანადირო ჩექმები.
თუმცა, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, საწარმო მხოლოდ ფეხსაცმელს არ კერავდა, არამედ ისეთ პროდუქციასაც აწარმოებდა, როგორიცაა მანქანის საბურავები და ზოგადად, „ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ რეზინისგან“.
პირველი მსოფლიო ომი, ჩაკ ტეოლორი და ბრენდის წარმატება
1916 წლისთვის Converse-ს კალათბურთის სრული პროდუქციის ხაზი ჰქონდა დანერგილი. კალათბურთელმა, ჩაკ ტეილორმა 1917 წელს პირველად ჩაიცვა „კონვერსები” და მათ დიზაინში თავისი წვლილი შეიტანა, რის გამოც ბრენდს Converse All-Star ეწოდა. პირველი მსოფლიო ომისა და ესპანური გრიპის მოახლოებული პანდემიის ფონზე, პროდუქტის წარმატებამ მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
მაინც როგორი იყო ჩაკ ტეილორის იდეით შთაგონებული Converse All-Star?
ფეხსაცმლის მაღალ ზედა ნაწილს ჰქონდა ბალიშიანი ძირი თაღისა და ქუსლის ოპტიმალური საყრდენისთვის, ქუსლის საფენი მოთამაშის ტერფის ირგვლივ დამატებითი დაცვისთვის, ქუსლის საყრდენი და ორმაგი ფრთის ენა ფეხის ირგვლივ დაჭიმვის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო ფეხსაცმლის რეზინი გამძლეობისთვის. ფეხსაცმლის ფორმა სპორტსმენებს სწრაფად სირბილისა და დროულად გაჩერების საშუალებას აძლევდა. ამის გათვალისწინებით, ტეილორის მიერ შეთავაზებულმა დიზაინმა ფეხსაცმელი მეტად მოქნილი გახადა.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კოლაბორაციის შემდეგ ტეილორმა კომპანიაში დაიწყო მუშაობა, როგორც გაყიდვების მენეჯერად, ისე ბრენდის ელჩად. მიუხედავად იმისა, რომ იგი უშუალოდ არ მონაწილეობდა ფეხსაცმლის ორიგინალური დიზაინის შექმნაში, მან შეერთებულ შტატებში იმოგზაურა ფეხსაცმლის პოპულარიზაციისთვის. გარდა ამისა, იგი ჩაერთო აშშ-ის ოლიმპიური გუნდისთვის დიზაინის შექმნაში. ეს იყო All-Star-ის პირველი თეთრი მოდელი და გამოირჩეოდა მკვეთრად პატრიოტული წითელი და ლურჯი მორთულობით.
რედიზაინი
Chuck Taylor All-Star sneaker ექსკლუზიურად იყიდებოდა, როგორც მაღალყელიანი სპორტული ფეხსაცმელი და 1960-იან წლებამდე ხელმისაწვდომი იყო თეთრ და შავ ფერებში. 1966 წელს ფერთა გამას შვიდი ფერი დაემატა, რათა გუნდებს შესძლებოდათ სასურველი ფერები აერჩიათ.
კრიზისი
1929 წელს ფინანსური პრობლემების გამო ბრენდი გაკოტრდა და რამდენიმე ახალი მფლობელი გამოიცვალა. 1939 წელს Converse მიჰყიდეს სტოუნის ოჯახს, რომელიც ფლობდა კომპანიას 1972 წლამდე, სანამ მას Eltra Corporation არ შეიძენდა. რამდენიმე წელიწადში ამ უკანასკნელმა Converse-ზე კონტროლი გადასცა თავის მშობელ კომპანიას, Allied Corporation-ს. ის 1983 წლამდე მართავდა ბრენდს, სანამ Eltra-ს აღმასრულებლებს თანხა არ გამოუჩნდებოდათ ბრენდის დასაბრუნებლად, თუმცა მათ ის ვეღარ გამოისყიდეს.
ამის შემდეგ Converse-მა კიდევ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და ბოლოს, 2003 წელს ის Nike-მა შეიძინა 309 მილიონ დოლარად. ნაიკი დღემდე რჩება მის დედა კომპანიად.
მიუხედავად იმისა, რომ Converse-მა სახელი კალათბურთის სფეროში გაითქვა, დღეს ის ყოველდღიურ ფეხსაცმლად იქცა და ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. Converse აწარმოებს ფეხსაცმელს მამაკაცის, ქალის და ბავშვის ზომებში. სტილი კი ორიგინალი Chuck Taylor All Star-ის დიზაინზეა დაფუძნებული და თანამედროვე ელემენტებსაც შეიცავს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი