in

კოკა ქამუშაძე: ctrl – ინსპირაცია

             ყველა გაჭრილი ვაშლი ერთმანეთს ჰგავს, ყველა მოკბეჩილი ვაშლი, მოკბეჩილია თავისებურად.

თუ ჩემი ჯერჯერობით დაუწერელი რომანი ამ წინადადებით დაიწყება და ბოლოს სასოწარკვეთით შეპყრობილი, ერთ-ერთი ვაშლის მატარებლის ლიანდაგზე გაგორებით დასრულდება, ჩემი რომანი გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსება ერთი დიდი მწერლის მიერ დაწერილ დიდ რომანს, მე კი, ამ მწერლის სიდიადეს ვერაფრით გავუტოლდები,  თუმცა შესაძლოა ჩავთვალო, რომ ამ გზით უფრო მარტივია პოპულარობის მიღწევა.

რატომ ვიმტვრიო თავი რამე ახლის მოფიქრებით, რაც შესაძლოა, საერთოდ არ აღმოჩნდეს წარმატებული? რატომ ვიწვალო, როცა არსებობს დალოცვილი კომბინაცია ctr-c  ctr-v – აიღე დააკოპირე, იქნებ საერთოდ არ აქვთ ის წიგნი წაკითხული და ეს ე.წ. “ტრიუკი” მარტივად გაგივიდეს?

თუ ამ ლიტერატურულ მაგალითს უფრო განვაზოგადებთ, დავინახავთ, რომ კოპირების მაგალითს თითქმის ყველა სფეროში ვხვდებით: ვხვდებით პოლიტიკოსებს, რომლებიც უკეთესი პოლიტიკოსების იდენტური ტექსტებით საუბრობენ; ვხედავთ მხატვრებს, რომლებიც უკეთესი მხატვრების ნახატებს იხატავენ და საკუთარ სახელს აწერენ; ვხედავთ ბრენდებს, რომელთა კომუნიკაციაც იდენტურია და ამ დროს საკუთარი უნიკალურობით ამაყობენ; ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა ქმედება, ყველა კომუნიკაცია, ვერ იქნება სრულიად ახალი, სრულიად არნახული, რადგან როგორც კიდევ ერთი დიდი წიგნი გვეუბნება: „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.“

მაგრამ, ის რაც ყოფილა და ის რაც მომხდარა, შთაგონებისთვის უნდა გამოვიყენოთ და არა ასლების საკეთებლად.

როგორც ერთი დიდი ბრენდი გვეუბნება: Original is never finished – ამ სლოგანის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის რაც ყოფილა, კი არ დავივიწყოთ, არამედ პირიქით: ვიმღეროთ ჩვენს გზაზე ჩვენებურად, დავინახოთ „ვენერას დაბადება“ სხვაგვარად და შევქმნათ რაღაც ახალი, ახლებური, რომელიც ამ ორიგინალის ცხოვრებას უსასრულობას მიანიჭებს და იმას, რაც ჩვენამდე მომხდარა, ახალი ხედვის კუთხე ან ახალი დანიშნულება მოვუძებნოთ, ისე როგორც ამავე წიგნში მოყვანილი სიჟუეტის შთაგონებით, უძღებ შვილზე სრულიად ახალი და გენიალური ქართული რომანი შეიქმნა.

https://www.youtube.com/watch?v=7IY77rr3nP4&feature=youtu.be

ისევ სტატის დასაწყისში ნახსენებ ვაშლს რომ დავუბრუნდეთ, შემთხვევითი არ არის, რომ იმ ხელსაწყოს, რომელშიც თქვენ დიდი ალბათობით ახლა ამ სტატიას კითხულობთ, მოკბეჩილი ვაშლი ახატია და არა გაჭრილი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის პატივსაცემად არის ეს ვაშლი დახატული – ადამის, ნიუტონის, „ტროელი ელენეს“, ალან ტიურინგის, თუ ივანე პავლეს-ძე მიჩურინის, მთავარია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანი ზუსტად ესადაგება იმ ღირებულებას რომელსაც ეს ბრენდი ქადაგებს – think different.

შესაძლოა, ყველა სიტუაციაში ველოსიპედის გამოგონება მართლაც არ იყოს საჭირო და ამან ბევრი პროცესი შეაფერხოს, თუმცა თუ ჩვენ შემოქმედებით პროცესზე ვსაუბრობთ, ალბათ არც ერთ რჩევას არ შეუძლია იმაზე მეტი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე ველოსიპედის გამოგონებაზე არფიქრმა, რადგან თუ შემოქმედებით პროცესს ამ ფილტრით ჩავკეტავთ, მუდმივად ძველი ველოსიპედით მოგვიწევს სიარული და უფრო მეტიც, ალბათ, თავის დროზე ამ ველოსიპედის შექმნასაც დიდი საფრთხე დაემუქრებოდა.

ყველაზე საწყენი კი ისეთი copy-paste-ია, რომელსაც ის ადამიანები თუ ბრენდები აკეთებენ, რომლებსაც რამე ახლის ან ახლებურის შექმნის ყველანაირი რესურსი აქვთ, რადგან როცა სამყაროში ამდენი პრობლემაა და ამდენი საკითხი საჭიროებს მხარდაჭერას, ერთი და იმავე თემების გარშემო ტრიალი, ერთი და იმავე ხალხის გამოყენებით, ერთი და იგივე რაღაცების კეთება, არც თავად ამ თემას წაადგება, ისევე როგორც არც სამყაროს წაადგებოდა ქრისტეფორე კოლუმბს უკვე ათასჯერ გავლილი გზით რომ გადაეწყვიტა ინდოეთში ჩასვლა.

P.S. წარმოიდგინეთ ჩვენ დალოცვილ კლავიატურებზე ერთ დღესაც paste-ის ფუნქცია რომ გაქრეს, და მისი ადგილი ctrl – I (შთაგონება)-მ დაიკავოს.

You may say that I’m a dreamer
But I’m not the only one

 

კოკა ქამუშაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

შეკითხვა, რომელიც, ილონ მასკის აზრით, აპლიკანტს უნდა დაუსვათ

Reduce, Reuse, Recycle – სამი R-ის პრინციპი გარემოზე მზრუნველთათვის