Google Docs-იდან Slack-ში გადატანილ ტექსტს ზოგჯერ სათაურები ეკარგება, ბულეთები ეშლება ან გამუქებული სიტყვების ნაცვლად ვარსკვლავები უჩნდება. მოკლე შეტყობინებაში ამის გასწორება მარტივია, თუმცა დიდი ტექსტის ხელით მოწესრიგება დროს მოითხოვს. Copynpaste უფასო ვებინსტრუმენტია, რომელიც ტექსტის ფორმატს იმ აპლიკაციას არგებს, სადაც მის ჩასმას აპირებ.
პრობლემას პლატფორმებს შორის განსხვავებული წესები ქმნის. Microsoft Word და Google Docs ტექსტის ვიზუალურ ფორმატირებას იყენებენ, Markdown-ში კი სათაურები, გამუქება და სხვა ელემენტები სპეციალური სიმბოლოებით აღინიშნება. Slack-საც თავისი წესები აქვს, ამიტომ ერთი გარემოდან მეორეში ტექსტის გადატანისას გაფორმება ყოველთვის სწორად არ ნარჩუნდება.
Copynpaste-ის გამოყენებას რამდენიმე მოქმედება სჭირდება: საიტზე სვამ დაკოპირებულ ტექსტს, ირჩევ დანიშნულების აპლიკაციას და მიღებულ ვერსიას აკოპირებ. ინსტრუმენტი საწყის ფორმატს ავტომატურად ამოიცნობს, მათ შორის Markdown-ს, Slack-ისა და WhatsApp-ის ფორმატირებას, ასევე Google Docs-იდან გადმოტანილ გაფორმებულ ტექსტს.

ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ერთსა და იმავე მასალას სხვადასხვა პლატფორმაზე იყენებს. მაგალითად, დოკუმენტში მომზადებული ტექსტის გუნდურ ჩატში გასაზიარებლად ან Markdown-ით დაწერილი ჩანაწერის სხვა აპში გადასატანად. თითოეული სათაურის, სიისა თუ გამუქებული ფრაზის ცალ-ცალკე გასწორების ნაცვლად, მომხმარებელი ტექსტს სასურველ ფორმატში იღებს.
ვებგვერდზე ფორმატირების გზამკვლევებიცაა. ისინი ხსნის, როგორ მუშაობს ტექსტის გაფორმება სხვადასხვა აპლიკაციაში, მათ შორის Slack-სა და WhatsApp-ში. შესაბამისად, ინსტრუმენტის გამოყენებისას იმ წესების სწავლაც შეიძლება, რომლებიც მომავალში ტექსტის უშუალოდ შესაბამის პლატფორმაზე მომზადებას გაგიმარტივებს.
Copynpaste ბრაუზერში მუშაობს და რეგისტრაციას ან პროგრამის ჩამოტვირთვას არ საჭიროებს. სერვისი უფასოა და რეკლამებს არ შეიცავს. საიტის აღწერის მიხედვით, ტექსტის გარდაქმნაც მთლიანად მომხმარებლის ბრაუზერში ხდება, სერვერზე მისი ატვირთვის გარეშე.












