ყველაფერი მეგობრის მონაყოლით დაიწყო – სოციალური მედია მენეჯმენტით დაკავებულს, ერთ საღამოს პოტენციურმა დამკვეთმა რომ დაურეკა და უთხრა: „გამარჯობა, პროგრამისტს ვეძებ ჩემი Facebook გვერდისთვის”. ბევრი საუბრის, კითხვების, პასუხებისა და ვერშემდგარი თანამშრომლობის შემდეგ გაირკვა, რომ პროგრამისტი კი არა, სინამდვილეში სოციალური მედია მენეჯერი იყო საჭირო, რომელიც კომპანიის ფეისბუკგვერდის ტექნიკურ ნაწილს გამართავდა, რეკლამაზე გაუშვებდა და დამსაქმებელს ყოველთვიურ რეპორტს მიაწვდიდა.
თანამედროვე პროფესიებმა და ციფრულმა სამყარომ იმდენად სწრაფად მოგვიცვა და ერთდროულად იმდენი ახალი პროფესია გააჩინა, გასაკვირი არ არის, რომ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია. ამის შედეგად, ხშირად სხვადასხვა მიმართულება ერთმანეთში ერევათ და ცოტა სახალისო გარემოებებიც კი იქმნება ხოლმე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი ადამიანისთვის მიგვემართა, ვინც ერთ-ერთ ყველაზე ცინცხალ და პოპულარულ პროფესიას წარმოადგენს. როგორც აღმოჩნდა, ქოფირაითინგი ხშირად საავტორო უფლებებში ერევათ. ქართულად როცა ვკითხულობთ, ალბათ, გვიკვირს, როგორ შეიძლება ამ ორი სფეროს არევა, მაგრამ ინგლისურ დასახელებებში მსგავსება ნამდვილადაა.
გიორგი ქუცა რუხაძე ქოფირაითერია, რომლის მთავარი დანიშნულებაც სარეკლამო, ორიგინალური იდეების გენერირება და ტექსტის სახით გადმოცემაა. ქუცა გვიყვება, რომ მისი საქმიანობა ყველაზე ხშირად სწორედ საავტორო უფლებების დაცვაში ერევათ, მართალია, ჯერ ისეთი შემთხვევა არ ჰქონია, რომ ამ მიმართულებით სერვისის გაწევა ეთხოვათ, მაგრამ პოზიციის დასახელების დროს ეს შეცდომა ხშირად გაპარულა და ქოფირაითერის მაგივრად copyright გამოუყენებიათ, რაც მთლიანად ცვლის შინაარსს.
„ძირითადად, არის შემთხვევები, როცა სარეკლამო სფეროდან მომიჯნავე პროფესიების შესაბამის სერვისს ითხოვენ. მაგალითად, ფეისბუკ ან იუთუბ არხის მართვა; დიზაინი პოსტებისთვის; ყოფილა შემთხვევა, როცა რეკლამის განთავსებაზეც კი მომმართეს.
არანაკლებ მტკივნეული მოსასმენია, როდესაც საქმიანობა არ ეშლებათ, მაგრამ ძალიან მარტივი ჰგონიათ და მოურიდებლად გწერენ: „აუ, სახელი მომაფიქრებინე, რა“. მაშინ, როცა სახელის მოფიქრება ერთ-ერთი საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა და დროს, დაფიქრებას, სხვადასხვა ვერსიის გავლას მოითხოვს…
ასეთ დროს მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, გასაგებად ავუხსნა ამ ადამიანებს ჩემი ფუნქცია-მოვალეობები და ჩემი პროფესიის ძირითადი მიმართულება. შეიძლება ითქვას, მინილექციასაც კი ვუტარებ, რომ სხვა დროს კარგად გაერკვნენ, რას საქმიანობს ქოფირაითერი.
თანამედროვე პროფესიების მიმართულებით ცნობიერება რომ გაიზარდოს, ალბათ მეტად უნდა გავაცნოთ სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანები დაინტერესებულ ხალხს და ამასთან, ვისაუბროთ მათი საქმიანობის პროცესის დეტალებზე. ეს პრობლემა მარტო სარეკლამო სფეროში არ არის.
მაგალითად, ავიღოთ კინო. ფელინის იცნობს ყველა, მაგრამ რა როლი აქვს მის ფილმებში ტონინო გუერას ეს ძალიან ცოტამ თუ იცის. სწორედ ამიტომ, საჭიროა პროფესიების სხვადასხვა კუთხით პოპულარიზაცია, რომ ქოფირაითერმა აკეთოს თავისი საქმე, სოციალური მედიის მენეჯერმა თავისი და ა.შ.”
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი