ნათურით დაწყებული თქვენი სმარტფონის ეკრანით დამთავრებული, Corning Incorporated-მა თანამედროვე სამყარო იმაზე მეტად შექმნა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოგიდგენიათ. ამ ბრენდის მემკვიდრეობა 170 წელიწადზე მეტს ითვლის და ამ წლების განმავლობაში ის იყო არა უბრალოდ ბიზნესი, არამედ მეცნიერების, ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების გზაჯვარედინზე იდგა და ქმნიდა ინოვაციურ მასალებს, რომლებმაც ინდუსტრიები შეცვალა.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ როდის და როგორ გააკეთა მან ეს.
მოკრძალებული დასაწყისი: 1851–1900
Corning-ის ისტორია 1851 წელს იწყება, როდესაც ემორი ჰოტონ უფროსმა დააარსა Bay State Glass Co. სომერვილში, მასაჩუსეტსის შტატში. ადგილმდებარეობის რამდენჯერმე შეცვლისა და ახალი სახელის დარქმევის შემდეგ კომპანია 1868 წელს გადავიდა კორნინგში, ნიუ-იორკში, სადაც ის ქალაქის ქვაკუთხედად იქცა და Corning Glass Works-ის სახელწოდებაც მიენიჭა.
ადრეულ წარმატებას მიაღწია კომპანიამ რკინიგზის სიგნალის ლინზებისა და სითბოს მდგრადი მინის წარმოებით, თუმცა ყველაზე უკეთ Corning-ის გამომგონებლური სული ნამდვილად გაღვივდა მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც შეიქმნა სითბოს მდგრადი ბოროსილიკატური მინა, რამაც ათწლეულების შემდეგ Pyrex-ის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.
მსოფლიოს განათება: 1900–1940 წწ.
მე-20 საუკუნის დასაწყისი დიდი გარღვევით დაიწყო ტექნოლოგიებში. Corning-ის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი ამ ეპოქაში თომას ედისონთან თანამშრომლობა იყო, რომლის ფარგლებშიც ელექტროგანათებისთვის პირველი პრაქტიკული მინის ნათურები აწარმოვა.
1915 წელს Corning-მა წარმოადგინა Pyrex – დაბალი გაფართოების ბოროსილიკატური მინისგან დამზადებული საცხობი ჭურჭლის ბრენდი, რომელიც თავდაპირველად რკინიგზის ფარნებისთვის იყო შექმნილი. Pyrex სწრაფად გახდა ცნობილი თავისი გამძლეობისა და თერმული მდგრადობის გამო.
აღსანიშნავია, რომ 1932 წელს ჯორჯ ელერი ჰეილმა Corning-ს მიმართა გამდნარი კვარცისგან ოპტიკის დამზადების თხოვნით, რაც მას პროექტისთვის სჭირდებოდა, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩამოსხმული ბლანკი სიცარიელეებით იყო სავსე. მიღებული გამოცდილების გამოყენებით, კომპანიამ წარმატებით ჩამოასხა მეორე ბლანკი. პირველი ბლანკი ამჟამად კორნინგის მინის მუზეუმშია დაცული.
1935 წელს Corning-მა ბოთლების მწარმოებელ Owens-Illinois-თან პარტნიორობა დაამყარა, რამაც დღეს Owens Corning-ის სახელით ცნობილი კომპანია ჩამოაყალიბა.
ომი, მეცნიერება და ზრდა: 1940-იანი წლები–1960-იანი წლები
მეორე მსოფლიო ომმა და შემდგომმა ათწლეულებმა Corning-ს საშუალება მისცა, უფრო ღრმად ჩასულიყო სამეცნიერო და სამრეწველო მინის სფეროში. კომპანია მინის კომპონენტებს აწვდიდა სამხედრო აღჭურვილობისა და ლაბორატორიული ნივთებისთვის, რითაც თავი სანდო მიმწოდებლად დაიმკვიდრა როგორც თავდაცვის, ასევე აკადემიური წრეებისთვის.
1952 წელს Corning-მა კალიფორნიის შტატში, პალომარის ობსერვატორიაში, ჰეილის ტელესკოპის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა, რომლისთვისაც გამოყენებული იყო 200 დუიმიანი მინის დისკი — იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი, ზუსტად ჩამოსხმული მინის ობიექტი. ეს ინჟინერიის მიღწევა იყო და კორნინგის რეპუტაცია გაამყარა ოპტიკაში.
ბოჭკოვანი ოპტიკის დაბადება: 1970 წელი
Corning-ის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტი 1970 წელს დადგა, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა პირველი დაბალი დანაკარგის მქონე ოპტიკური ბოჭკო, რამაც შესაძლებელი გახადა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციები იმ რეალობად ქცეულიყო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ციფრული ეპოქის დასაწყისს.
Gorilla Glass
ეს არის თხელი, მსუბუქი მინა, რომელიც მდგრადია ნაკაწრებისა და დაზიანებების მიმართ. პირველად 2007 წელს წარმოადგინეს და ფართოდ ცნობილი მას მერე გახდა, რაც ის გამოიყენეს ორიგინალ Apple iPhone-ში. დღეს კი მსოფლიოს უმეტეს სმარტფონებსა და მოწყობილობებში მოიხმარენ. ქიმიური გამაგრების პროცესით შექმნილი Gorilla Glass ამჟამად მე-7 თაობას აწარმოებს.
უწყვეტი ინოვაციების კულტურა
Corning-ს ყოველთვის გამოარჩევდა სტრატეგიული მოდელი, რომელიც მას წარმატებაში ეხმარებოდა: გრძელვადიანი ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში, ფსონის დადება ტექნოლოგიებზე, რომლებიც მიმდინარე პერიოდს სულ მცირე ათწლეულით უსწრებდა ყოველთვის.
ბრენდი დღეს ითვლის 50 000-ზე მეტ პატენტს, აგრძელებს მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ინოვაციურ ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაში. Corning-ის მემკვიდრეობა გვახსენებს, რომ ნამდვილი ინოვაცია ხშირად იწყება „უხილავი მასალებით”, რომლებიც ჩვენს სამყაროს აყალიბებენ.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.