in

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი – რა ხდება?

ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური ვირუსული ისტერია ლუდ Corona-ს გაყიდვებსაც დაეტყო. კომპანია AB InBev-მა, რომელიც ლუდ “კორონას” ამზადებს, განაცხადა, რომ ჩინეთის ბაზარზე $170 მლნ დოლარიანი ზარალი ნახა. Budweiser-ის, Corona-სა და Stella Artois-ის შემქმნელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვირუსის გამო ჩინეთში მათ ლუდზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა. ეს შედეგი, განსაკუთრებით, ჩინური ახალი წლის პერიოდის დროს გამოჩნდა. AB InBev-ის თქმით, კორონავირუსის გამო, კომპანია, სავარაუდოდ, მოგებას 10%-მდე იზარალებს, წლის პირველ კვარტალში.

CNN-ის ცნობით, 5W Public Relations-ის გამოკითხვა, რომელშიც ლუდის 737 მოყვარული მონაწილეობდა, გვიჩვენებს შემდეგს: ამერიკელთა 38% ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყიდდა ლუდ “კორონას”, სხვა 16% კი, აღნიშნავს, რომ ლუდ “კორონას” საჯარო შეკრების ადგილებში არ შეუკვეთავდა.

ანალიტიკურმა კომპანიამ YouGov, რომელიც ამერიკელი მოქალაქეების მოსაზრებას იკვლევს, განაცხადა, რომ 2020 წლიდან, ლუდ კორონას შესახებ, დადებითი მოსაზრებების მაჩვენებელი 75-დან 51-ზე ჩამოვიდა.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩნდება კითხვა, რას მოიმოქმედებს ბრენდი? როგორც CNN Business იუწყება, “კორონა” არ აპირებს მის სარეკლამო ტაქტიკაში ცვლილების შეტანას, ვირუსთან სახელდებითი თანხვედრის მიუხედავად. Constellation-ის თქმით, უნდა გავიაზროთ, რომ ვირუსსა და ლუდის ბრენდს არაფერი აქვთ საერთო. მეტიც, “კორონამ” სიახლეების შესახებ დააანონსა და მისი წარმომადგენლის, მეგი ბოუმანის თქმით, ბრენდი მიჰყვება იმ საკომუნიკაციო სტრატეგიას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა: “ჩვენ თანავუგრძნობთ მათ, ვისაც ეს ვირუსი შეეხო. სიტუაციაზე დაკვირვებას განვაგრძობთ და ვცდილობთ დავრწმუნდეთ, ჩვენს მომხმარებლებს ესმით, რომ ჩვენს ლუდსა და ვირუსს შორის არაფერია საერთო. კომპანია Constellation-მა, რომლის შემადგენლობაშიც შედის Corona Extra, Modelo Especial და Svedka Vodka, აცხადებს, რომ გასულ თვეში $40 მლნ-ზე მეტის დახარჯვას აპირებდა მარკეტინგის მიმართულებით, რაც ოთხი ახალი არომატის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ჯერ უცნობია, ამ ბიუჯეტს ნამდვილად დახარჯავენ თუ არა კომუნიაციაზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა კორონავირუსის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, კომპანიის აქციების ფასი 6%-ით შეამცირა. ასეა თუ ისე, Twitter-ზე ლუდ Corona Hard Seltzer-ის ტიზერი მაინც გამოჩნდა, რასაც სოციალურ მედიაში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა.

https://twitter.com/i/status/1232092472710320128

მაინც, როგორ უნდა მოიქცეს ბრენდი? განაგრძოს ვირუსის დაიგნორება და ძველებურად შეუდგეს რეკლამირებას თუ ღიად უნდა ისაუბროს, რომ “კორონა” და კორონავირუსი სრულიად სხვადასხვა რამაა ან ანტიკრიზისულ კომუნიკაციას მიმართოს? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გრიპი, ღორი, ჯანდაბა და კორონა – ზუმერის რეკლამის ბიჭის და და დედა ვირუსზე რეპავენ

როგორ დავანახოთ გუნდის წევრებს პატივისცემა?