in

როგორ ვმართოთ ბიზნესი კორონავირუსის კრიზისის პირობებში

კორონავირუს Covid-19-ის მასშტაბების ზრდამ მსოფლიო ვირუსის პირობებში მუშაობაზე დააფიქრა. გადაფასდა და გადახალისების გზას დაადგა სამუშაო მექანიზმები, განათლების სისტემა, მთელი რიგი ყოველდღიური აქტივობები… გაუთვალისწინებელი გარემოებებით სავსე გარემოში, ბიზნესიც გამოწვევის წინაშე დადგა, როგორ განაგრძოს სრულყოფილად ფუნქციონირება? როგორ ვმართოთ ბიზნესი ასეთ სიტუაციაში? ან, რა ვუყოთ დაგეგმილ ან დასაგეგმ ღონისძიებებს? კომუნიკაცია როგორ განვაგრძოთ? 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყოველდღიურად განავითარეთ ინტელექტი

მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და მასთან ერთად, ყოველდღიური გლობალური სურათი. თუკი, სულ ახლო წარსულში, ვირუსი ჩინეთის საზღვრებში იყო მოქცეული, დღეს მთელი მსოფლიოს თავისტკივილია. სწორედ ამიტომ, მომართეთ ტვინი ყოველდღიურ ცვლილებებზე, რადგან ამ პირობებში, ეს გარდაუვალია.

დააკვირდით, რა პერიოდულობით იცვლება ამბავი

სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიები ხშირად კონცენტრირდებიან ახალ ამბავზე და ავიწყდებათ მთლიანი სურათი, ხშირად უდავო ფაქტსა და ვარაუდს ურევენ ერთმანეთში. გუშინდელმა სიახლეებმა კი, მნიშვნელოვნად შეიძლება განსაზღვროს, როგორ იმუშავებს კომპანია დღეს. როდესაც საქმე სწრაფად გავრცელებად ინფორმაციას ეხება, მიდრეკილები ვართ, თავიდან დავაიგნოროთ მომავალი სიგნალები, შემდეგ კი, ზედმეტი სიმძაფრით მივუდგეთ წამოჭრილ პრობლემას. როდესაც უახლეს ინფორმაციას ეცნობით, რეაგირებამდე, ფრთხილად დაუკვირდით მის წყაროს. 

ინფორმაცია და ინფორმირებულობა ერთი და იგივე არ არის

ამ სამყაროში, სადაც ინფორმაციის მიღების უამრავი წყარო გვაქვს, ლიდერები ხშირად ცდებიან სიახლის გაგებისას. ისინი ფიქრობენ, რომ ინფორმაცია იმდენად ჭარბად მოიპოვება, რომ დამატებით არ საჭიროებს რაიმე ძალისხმევას. თუმცა, ინფორმაციის ნაკადის რეგულარული განახლება და მსჯელობა მხოლოდ უწყობს ხელს საზოგადოებაში მის რეალურ გაცნობიერებას.

ექსპერტები და პროგნოზები ფრთხილად გამოიყენეთ

ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები, ჯანდაცვის, ლოჯისტიკისა თუ სხვა მიმართულების სპეციალისტები აუცილებელია რთული და ცვალებადი ინფორმაციის გავრცელებისას. თუმცა, აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ მთელ რიგ კრიტიკულ საკითხებში, ექსპერტების მოსაზრებები იყოფა. ყველა ექსპერტი ერთსა და იმავეს არ გეტყვით იმ საკითხზე, თუ როგორი ეკონომიკური გავლენა ექნება ვირუსს და პოლიტიკა როგორი უნდა გატარდეს. ყველა ეპიდემია არაპროგნოზირებადია და ამჟამინდელის კრიტიკულ საჭიროებებს ჯერ კიდევ სწავლობენ. ამიტომ, გვჭირდება ემპირიული მიდგომა იმასთან მიმართებაში, რა არის ჩვენს კითხვებზე სწორი პასუხები, ამავდროულად, იხელმძღვანელეთ ექსპერტების მოსაზრებებით.

მუდმივად განაახლეთ თქვენი აღქმა მოვლენების მიმართ

საჭიროა, რომ საერთო სურათს მუდმივად ხედავდეთ და რაკი ის ხშირად იცვლება, თქვენი გონება ამ სიახლეებს უნდა ანახლებდეს. სამწუხაროდ, დიდი ორგანიზაციები ცალკეული გონებასავით სწრაფად ვერ რეაგირებენ. მენეჯერები ხშირად არიდებენ თავს გეგმების გამხელას, სანამ მთლიანად არ დარწმუნდებიან. შემდეგ კი, ამ გადაწყვეტილებების შეცვლა არ სურთ, რათა დაბნეულობა არ გამოიწვიონ, თანამშრომლებს კი არ აფიქრებინონ, რომ დეზინფორმაციაში მუშაობენ. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მუდმივად მიაწოდოთ მათ განახლებადი ინფორმაცია. 

მოერიდეთ ბიუროკრატიას

სადავო დელიკატური ან ხმაურიანი საკითხები ხელმძღვანელობის, იურისტების, რისკ მენეჯერების თუ სხვა თანამშრომლების ყურადღებას იპყრობს. ყოველ მათგანს აქვს ვარაუდი, როგორ შეიძლება წარიმართოს კომუნიკაცია. ამან კი შესაძლოა ძალიან ნელ ტემპებამდე დაიყვანოს პროცესი.

შეკრიბეთ პატარა გუნდი, რომელსაც ენდობით და მიეცით მას მოქმედების ნაწილობრივი თავისუფლება, რათა სწრაფი ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ. კომუნიკაციების მეტისმეტად მკაცრად მართვა ყოველდღიურობას მოგწყვეტთ. გამოიყენეთ ციფრული დოკუმენტი, რითაც თავს აარიდებთ სირთულეებს და დააგზავნეთ თანამშრომლებთან. ისინი რეგულარულად გაეცნობიან განახლებებს და შეძლებთ ბიუროკრატიული სირთულეების თავიდან არიდებას.

შეინარჩუნეთ სიმტკიცე პოლიტიკის განსაზღვრისას

ეფექტურობა სტაბილურ გარემოში ადვილია. თუმცა, დინამიკური პრობლემების პირობებში, როდესაც ქმედებებისა და მიმართულების ცვლის ყოველწამიერი რისკია, უნდა შეინარჩუნოთ სიმტკიცე. რეზერვების ქონა ასეთ დროს ძალიან დაგეხმარებათ მოკლევადიან პერსპექტივაში ადვილად მოძებნოთ გამოსავალი.

მრავალფეროვანი მიდგომა შეიძლება ნაკლებად ეფექტური თუმცა მეტად მოქნილი იყოს და კრიზისებსაც გაუძლოს. ამიტომ, ანტიკრიზისულ გუნდში სხვადასხვა კოგნიტური უნარების მქონე ადამიანი იყოლიეთ და პატივი ეცით აზრთა სხვადასხვაობას.

გახსოვდეთ, სისტემა ეფექტურობისთვის შეიქმნა, მაგრამ ამავდროულად, განვითარებისთვისაც. კორონავირუსთან გამკლავება განვითარების საშუალებად აღიქვით.

თქვენ არ შეგიძლიათ გამოიცნოთ, რა მოხდება, მაგრამ შეგიძლიათ სავარაუდო სცენარები გაწეროთ და ამგვარად შეამციროთ რისკების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მომავალი კრიზისისთვის ახლა მოემზადეთ

კორონავირუსით თქვენი ბიზნესისთვის კრიზისის მიზეზები არ დამთავრდება. უნდა იყოთ მზად სხვა ეპიდემიური აფეთქებებისთვისაც მომავალში და ეფექტიანობა ამ წინდახედულობაზე ააგოთ.

მხოლოდ ინტელექტუალური მზაობა არ კმარა

ბევრი კომპანია მიჰყვება ინტელექტუალური მზაობის სცენარს, გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. თუმცა, არანაკლებია მატერიალური რისკიც. ამისთვის მზად უნდა იყოთ.

იფიქრეთ, რა ისწავლეთ ამ ყველაფრიდან

როცა ეს სიგიჟე გადაივლის, ნუ დაუბრუნდებით ძველებურ, “ნორმალურ” რუტინას. ამის ნაცვლად, გადააფასეთ, რა ისწავლეთ და როგორ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გამოყენება, არსებული გამოცდილების საფუძველზე.

მოემზადეთ შეცვლილი სამყაროსთვის

კორონავირუსი ბიზნეს გარემოზე უკვე მოქმედებს. ის მომავალშიც მოახდენს გავლენას რიგ საკითხებზე: შოპინგზე, ონლაინ განათლებაზე, ჯანდაცვაში ინვესტიციაზე… სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. აღარც თქვენ. ამიტომ, შეხედეთ ყველაფერს ახლებურად და მოემზადეთ შეცვლილ მსოფლიოსთან ურთიერთობისთვის.

 

წყარო: HBR



ორადგილიანი ელექტრომობილი, რომელსაც სახლის პირობებშიც დამუხტავთ

„რაც მომწონს, იმას ვაკეთებ, შეეგუე ამას! თავდაჯერებულობა სექსუალურია“