29
Jan
2020

ადამიანები კორონავირუსს ლუდ “კორონას” უკავშირებენ

29 Jan 2020

თუკი სიტყვა “კორონა” აქამდე ოცნებებში მიგვაქროლებდა, დღეს პანიკის დაუსრულებელი მორევისკენ გვექაჩება. ვირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ჩინეთის რამდენიმე ქალაქი კარანტინში მოაქცია, ახლა ლუდის მოყვარულებსაც (და ვინ იცის, შოკოლადისაც) გაუჩინა თავსატეხი.

ანალიტიკური კომპანია SEMrush-ის ცნობით, ამ კვირაში ლუდ “კორონას” შესახებ ინფორმაციას ამერიკელები Google-ში ყველაზე ხშირად ეძებდნენ. ონლაინ გამოცემა VICE-ის ცნობით კი, საზოგადოების შემაშფოთებლად დიდი ნაწილი კორონავირუსს სწორედ ლუდ “კორონას” უკავშირებს. ამას ადასტურებს გუგლის საძიებო მონაცემები. როგორც ჩანს, როდესაც საქმე სწრაფად გავრცელებად დაავადებას ეხება, ადამიანმა ყველაფერი შეიძლება იფიქროს.

მთელი მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსისკენაა მიმართული. მისი სიმპტომების შესახებ ინფორმაციის ძიება 1050%-ით გაიზარდა, გასულ კვირასთან შედარებით. ეს, ბუნებრივია, სრულიად ჯანსაღი ინტერესია, თუმცა, გუგლში საკმაოდ დაბნეული საძიებო სიტყვებიც გამოჩნდა. საძიებო სისტემაში საკმაოდ დიდია “corona beer virus”-ით დაინტერესებულთა რიცხვი. როგორც ჩანს, ბევრი თვლის, რომ ვირუსის სათავე კონკრეტული ლუდი შეიძლება იყოს. ამგვარი ინფორმაციით, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, იაპონიაში, ახალ ზელანდიასა და დასავლეთ ევროპაში დაინტერესდნენ. პარადოქსია, მაგრამ კორონა ლუდსა და კორონავირუსს შორის კავშირის ძიებას დიდად არ შეუწუხებია მექსიკა, სადაც ლუდი Corona იწარმოება.

ლუდ “კორონას” ვირუსთან არავითარი კავშირი არ აქვს და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსოფლიო მედია ამაზე უკვე აქტიურად საუბრობს. ვირუსის სახელი “კორონა” უკავშირდება გვირგვინს, რომელსაც გარსის სახით იკეთებენ ვირუსის უჯრედები ორგანიზმში. თუმცა, როგორ იმოქმედებს კორონავირუსთან დაკავშირება ლუდის 10 მლრდ-იანი ბრენდის გაყიდვებზე? ასეთი პრეცედენტი კი ნამდვილად არსებობს, როდესაც საყოველთაო პანიკამ კონკრეტული ბრენდი მნიშვნელოვნად აზარალა. მაგალითად, გავიხსენოთ 80-იანი წლების HIV/AIDS-ის ეპიდემია, რომლის გამოც, იმ დროინდელი დიეტური ტკბილეული Ayds-ის გაყიდვები, მოკლე დროში, 50%-ით შემცირდა. ან როგორ გამოიყენებს მოცემულობას ლუდი “კორონა” საკომუნიაციო მიმართულებით? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა