1
Nov
2017

როგორ გავზომოთ ადამიანური რესურსი? – ქართული პროექტი Coshkee.com

1 Nov 2017

თანამედროვე კომპანიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის განსაზღვრა და მისი გაუმჯობესებაა. Coshkee ქართული კომპანიაა, რომელიც ადამიანური რესურსების მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის სისტემა ეფექტურია იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სამუშაო კომპიუტერთან არის დაკავშირებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი აკვირდებიან, რაში კარგავს თანამშრომელი დროს, რა გამოსდის კარგად და რა – არა, რის საფუძველზეც შესაძლებელია სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც და ადამიანური რესურსის პროდუქტიულობის გაზრდაც. დეტალებისთვის კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს, პეტრე ჩიტაშვილსა და მმართველ პარტნიორს გიორგი მჟავანაძეს მივმართეთ.

M: ვისზეა გათვლილი მონიტორინგის სისტემა და როგორ ზომავთ თანამშრომლის ეფექტურობას?
კოშკი გათვლილია იმ ორგანიზაციებზე, რომელთა ხელმძღვანელებს: შეუძლიათ ცივი გონებით შეაფასონ სიტუაცია და აიღონ პასუხისმგებლობა კომპანიაში დროის განაწილებაზე, სურთ კომპანიის საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია, შეფასების ობიექტური კრიტერიუმების შემოტანით და ანალიზის გზით. ჩვენ არ ვზომავთ ეფექტურობას, ჩვენ ვზომავთ, თუ რაში ხარჯავს დროს თანამშრომელი, ვაკვირდებით მის უნარ-ჩვევებს კომპიუტერთან მუშაობისას და შემოგვაქვს ობიექტური კრიტერიუმები თანამშრომლის ეფექტურობის შეფასებისთვის.

M: კონკრეტულად, რა ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მონიტორინგით?

ინტერნეტის გამოყენების ანალიზი: – რომელი საიტები რა ხანგრძლივობით იყო გახსნილი. თანამშრომლების სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება: დღესდღეობით, ოფისებში ყურადღების გაფანტვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო სოციალური ქსელები და აზარტული თამაშების საიტებია. კოშკი იძლევა საშუალებას გამოვლინდეს აღნიშნული დამოკიდებულებები.
უმოქმედოდ გატარებული დრო: ვინ რა პეროდის განმავლობაში მუშაობდა კომპიუტერთან. კომპიუტერული პროგრამების გამოყენება: ექსელი, ვორდი, მეილი – რა ხანგრძლივობით გამოიყენება ისინი და ვის მიერ, შეიძლება თუ არა მათი გამოყენების ჩანაცვლება სხვა აპლიკაციებით? კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევები: განვითარებული მომხმარებლები (advanced users) გამოიყენებენ “შორთქათებს”, ბეჭდავენ სწრაფად, ნაკლებად გამოიყენებენ მაუსს. შესაბამისად, ბევრ პროგრამასთან დაკავშირებულ დავალებებს ისინი სხვა თანამშრომლებთან შედარებით უფრო სწრაფად ასრულებენ.

M: რა მონაცემებზე/კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხორციელდება დაკვირვება?

კრიტერიუმები ინდივიდუალურია ყველა კომპანიისთვის – კომპანია თავად ადგენს წესებს, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს დაკვირვება თანამშრომლებზე.

M: არის ალბათობა, რომ მონიტორინგმა შეიძლება მოგვცეს მცდარი შედეგი?

არა. კოშკი ითვლის დახარჯულ დროს აქტივობებისთვის მინიჭებული კატეგორიების მიხედევით (პროდუქტიული, არაპროდუქტიული, ნეიტრალური), როგორც თანამშრომელზე, ისე თანამშრომელთა ჯგუფზე ან მთლიან კომპანიაზე.

M: რა ხდება მონიტორინგის შემდეგ?

ჩვენ გვსურს, რომ კოშკი დაეხმაროს მომხმარებლებს (თანამშრომლებს), აღიქვან თავიანთი სუსტი წერტილები, რათა შეძლონ მათი გამოსწორება. ამ ყოველივეს მიღწევა შესაძლებელია მრავალი კრიტერიუმის მიხედვით მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საშუალებით. ჩვენ თავად ვართ მონდომებული და ვცდილობთ შევქმნათ საშუალებები, რომ შესაძლებელი გავხადოთ ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების დრო განვკარგოთ უფრო სწორად. ასევე, ვფიქრობთ, კონსულტაცია გავუწიოთ ორგანიზაციებს იმის შესახებ, თუ რა ზომები შეიძლება მიიღონ კოშკის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

M: გაქვთ ხოლმე რაიმე ტიპის რეკომენდაციები კომპანიებთან?

კომპანიის მამოძრავებელი ძალა მისი პერსონალია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომპანიის მმართველობა ხედავდეს თანამშრომლების განვითარებისა და ხელშეწყობის საჭიროებას. ჩვენ გვჯერა, რომ თუ თანამშრომლებს შევუქმნით ისეთ სამუშაო პირობებს, როგორშიც ისინი იქნებიან გამომწვევ გარემოში და შეძლებენ პროფესიულად განვითარებას, მათი პროდუქტიულობა გაიზრდება. კომპანია უნდა ცდილობდეს დაანახოს თანამშრომელს რომელი უნარ-ჩვევების განვითარება და გამოსწორება შეუძლია.

M: ბუნებრივია, არის საფრთხე, რომ ვინმემ მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე სამსახური დაკარგოს…

დამეთანხმებით, რომ კომპანიისთვის ისეთი თანამშრომელები, რომლებიც სამსახურში მთლიან დროს სოც. ქსელებში, youtube-ზე ვიდეოების ყურებას ან აზარტულ თამაშებს უთმობენ, საკუთარი საქციელით სხვა თანამშრომლების დემოტივაციას იწვევენ და შესაძლოა უკიდურეს შეთხვევაში, უმჯობესი იყის ასეთი თანამშრომელსის გათავისუფლება.

M: თქვენი გამოცდილებით, როგორ აისახება ხოლმე თანამშრომლების მოტივაციაზე მონიტორინგის ამგვარი მიდგომა?

ყველაფერი დამოკიდებულია ხელმძღვანელობის მხრიდან თანამშრომლებთან სწორ კომუნიკაციაზე. ჩვენ შეგვიძილია გითხრათ ჩვენი მაგალითი. კომპანიაში დავაკვირდით, რომ ლანჩის დროს გვქონდა აქტიურობის ჩავარდნა, რომელიც ლანჩის შემდეგ აღარ უბრუნდებოდა დილის მაჩვენებელს. შედეგად, ჩვენი სამზარეულო შევქმენით, სადაც თანამშრომლებს უფასოდ შეუძლიათ მიირთვან ჯანსაღი საკვები. ამან შეამცირა თანამშრომლების ოფისიდან გასვლის და მათი აქტიურობის კლების მაჩვენებელი. ასევე, კოშკის შედეგებიდან დავინახეთ, რომ შაბათს მუშაობის პირობებში ჩვენი კვირის ჯამური აქტივობის და პროდუქტიულობის მაჩვენებელი იყო იგივე იმ კვირასთან შედარებით როდესაც არ შაბათს არ ვმუშაობდით. შედეგად, ჩვენ გავაუქმეთ შაბათს მუშაობა.

M: როგორია უცხოური გამოცდილება, ამგვარი მონიტორინგის გამოყენების თვალსაზრისით?

განვითარებულ ქვეყნებში, თანამშრომლების მონიტორინგის სისტემებს უკვე მრავალი წელია იყენებენ სხვადასხვა მიზნისთვის. არამარტო პროდუქტიულობის გასაზრდელად, არამედ კიბერუსაფრთხოებისთვის, საიდუმლო ინფორმაციის გადინებისა და კრიმინალისგან თავდასაცავად გამოიყენებენ. ამასთან ერთად, ტარდება არაერთი კვლევა თანამშრომლების მონიტორინგის სისტემების მიერ გამოვლენილ შედეგებზე. გთავაზობთ მათ მოკლე მიმოხილვას: თანამშრომლების 64% აცხადებს, რომ სამუშაო საათებში იყენებენ ინტერნეტს პირადი ინტერესებისთვისაც იყენებენ. მიჩნეულია, რომ პროდუქტიულობის 30-40% იკარგება ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, როგორებიცაა სოციალურ ქსელებში აქტივობა, სატელეფონო ზარები, მეილი, ჩეთები და სხვა.

საშუალოდ, სამსახურში თანამშრომელი დღეში 75 წუთზე მეტს უთმობს საქმესთან დაუკავშირებულ საკითხებს, ეს დრო კი, აშშ საშუალო ხელფასის მონაცემებით, წლიურად თითოეული თანამშრომლისთვის $6250-ს შეადგენს რაც 500-თანამშრომლიან კომპანიაზე, წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი დოლარს უდრის (წყარო Gallup ).

სამსახურში ინტერნეტის გამოყენების 30-40% არ არის დაკავშირებული შესასრულებელ სამუშაოსთან (წყარო IDC Research).

M: ძირითადად, რა ტიპის ორგანიზაციებს მოიაზრებთ თქვენს დამკვეთებად?

კოშკის მიერ შეგროვებული მონაცემების ცოდნა სასარგებლო იქნება ნებისმიერი ზომის და საქმიანობის მქონე ორგანიზაციისთვის, რომლის თანამშრომლებიც, მეტწილად, კომპიუტერთან მუშაობენ.

M: Coshkee პროფესიული გამოცდილების შედეგია, თუ სხვა სფეროში იყავით და შემდეგ გადაწყვიტეთ ანალიტიკის მიმართულებით მუშაობა?

საქართველოში ხშირად შეგვხვედრია თანამშრომლის პროდუქტიულობასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველად რამდენიმე წლის წინ მოგვიწია ამ პრობლემის მოგვარებისთვის გზების ძიება და ჩვენი კომპანიისა და გუნდის ხედვის შედეგად შევქმენით “კოშკი”.

M: რა მიმართულებით აპირებთ პროგრამის განვითარებას?

ამჟამად ვმუშაობთ მოდულზე, რომლის საშუალებითაც ფიზიკურ პირს დამოუკიდებლად შეეძლება საკუთარ აქტივობას დააკვირდეს, განსაზღვროს მისთვის სასურველი კრიტერიუმები და შეაფასოს პროგრესი. ვგეგმავთ სისტემის ონლაინ ვერსიის შექმნას და უახლოეს მომავალში გვსურს ინფორმაციის ანალიზისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

უკვე მოვხვდით იმ 10 კომპანიას შორის, რომლებსაც Gateway & Partners-ის საშუალებით, ყაზახეთის ბაზარზე გასასვლელად, “აწარმოე საქართველოში”აფინანსებს.

განხილვა