12
Mar
2019

კოსმო – ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები

12 Mar 2019

Startauperi
Startauperi


კოსმო ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც 3 წელიწად-ნახევრის წინ სოფი მუხიგულიშვილმა და თამარ აფციაურმა შექმნეს. ჩანთები, სამკაულები, ჭიქები, საფულეები, დღიურები – ეს იმ ძირითად პროდუქტთა ჩამონათვალია, რომლებზეც ბრენდის გუნდი მუშაობს. კოსმოს შესახებ მის შემქმნელებს გავესაუბრეთ:

M: როგორ დაიწყო Cosmo-ს ისტორია და რა იყო თქვენი ინსპირაცია?

ჩვენი გატაცება – ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება მალევე იქცა ძირითად საქმიანობად, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა არა მხოლოდ კარგი, ქართული პროდუქტი, არამედ საქართველოში დაგვეფუძნებინა განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი კომპანია, მაღალი მომსახურების სტანდარტებითა და სრულიად ახალი ხედვითა და მიდგომებით. ჩვენი გუნდის შთაგონების წყაროდ კი ქართული ტრადიციების მრავალფეროვნება, საინტერესოობა და უნიკალურობა იქცა. გუნდი საწყის ეტაპზე მხოლოდ 2 ადამიანისგან შედგებოდა, თუმცა, დღეს უკვე 25 ადამიანი ქმნის კოსმოს და ცდილობს გაამართლოს სახელი კოსმო – როგორც ყველაზე ამოუცნობი, სასურველი, მოწესრიგებული, მრავლისმომცველი და გლობალური ბრენდის იდეა.

M: რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს?

სწორედ მრავალფეროვნებაა ის ერთ-ერთი, რაც ძალიან უყვარს კოსმოს მომხმარებელს. ამის გამო, ჩვენ ვმუშაობთ ხეზე, ტყავზე, ასევე ვქმნით მეტალის აქსესუარებს. დღეს ჩვენი პროდუქტი დაახლოებით 20 სახეობას აერთიანებს: ჩანთები, საფულე, ქამარი, დღიურები, სამკაულები, სანათები და ა.შ.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

კოსმოს ბრენდის ქვეშ დამზადებული პროდუქციის უმეტესობა 100%-ით ხელნაკეთია და იქმნება ნატურალური, მაღალი ხარისხის მასალისაგან. მაგალითისთვის, ჩანთები მზადდება მაღალი ხარისხის ქართული ტყავისაგან და სრულად იკერება ხელით. ხის აქსესუარების დასამზადებლად უმეტესად ვიყენებთ ქართულ კაკალის ხეს, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთი მუქი ფერის მერქანი ევროპაში არც ერთი კაკალის ხეს არ აქვს, გარდა ქართულისა. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, ტრადიციებისა და თანამედროვეობის, წარსულისა და აწმყოს შერწყმა საინტერესო ფაქტურის, ტონებისა და ფერების შეხამება, ორიგინალური სტილის ხარისხიანი და, რაც მთავარია, კომფორტული პროდუქტის შექმნა მათთვის, ვინც კოსმოს მიანიჭებს უპირატესობას.

M: რაიმე კამპანიასა ან პროექტში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

სულ მალე – 13, 14, 15 მარტს კოსმო ახალი კოლექციით წარსდგება ჰონგ კონგში ტყავის გამოფენაზე. აღნიშნული ახალი კოლექცია ნატურალური ტყავისგან შეკერილ ჩანთებს, საფულეებს, დღიურებს წარმოადგენს – ყველაფერი ეს თანამედროვე ტენდენციებთან ფეხშეწყობით და ძველი, ტრადიციული, ეროვნული ორნამენტებითაა გაფორმებული.

M: როგორი სერვისით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

როგორც აღვნიშნეთ, კოსმო ცდილობს შექმნას მაღალი სტანდარტების და მომხმარებელზე მორგებული სერვისი, ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სერვისს ჩვენი პროდუქციის შესაძენად. შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად ჩვენს ვებ გვერდზე შეიძინოს ნივთი, რომელსაც ჩვენი კურიერი მაქსიმალურად მოკლე დროში მისამართზე მიიტანს. მათთვის, ვისაც პროდუქციის ადგილზე შეძენას არჩევს გვაქვს სამი ფილიალი: სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანში და ვარკეთილში სავაჭრო ცენტრ ფენიქსში. ასევე, გვაქვს სახელოსნო-შოურუმი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს,  შეიძინოს სასურველი ნივთი და პარალელურად დაესწროს თავისი ნივთის დამზადების პროცესს და სურვილის შემთხვევაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა.

M: და მაინც, როგორ ფიქრობთ, ვისზეა გათვლილი ბრენდი?

კოსმო არსებობს ყველასთვის, ვინც ეძებს სიახლეებს, უყვარს ცხოვრება და არის გამორჩეული.

განხილვა