„ადამიანები ფიქრობენ, რომ არ უნდა დაუშვა შეცდომა, მაგრამ საქმის კეთებისას ეს ნამდვილად გარდაუვალია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვისწავლოთ შეცდომებიდან და გავიზარდოთ, რაც უფრო ძლიერ ადამიანებად გვაქცევს – ვეცნობით საკუთარ ძალებსა და სისუსტეებს. საკუთარი თავის შეცნობაც შეცდომების დაშვებით იწყება. შედეგად, ვიღებთ გამოცდილებას, რითაც სამომავლო შეცდომების რაოდენობის შემცირება შეგვიძლია.“
ხშირად ვერ შეხვდებით ისეთ სტარტაპს, რომელმაც მეწარმეობა ხელნაკეთი ნივთების შექმნით დაიწყო და წლების მანძილზე ასე განვითარდა. „კოსმო“-სური აქსესუარების ხელით კეთება სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა, დაახლოებით ხუთი წლის წინ, საკუთარი მცირე რესურსებით დაიწყეს. თავიდან, ეს იყო შორეული ოცნება, შეექმნათ ქართული კომპანია, რომელიც განსხვავებული ხედვითა და მიდგომით იქნებოდა გამორჩეული. ეტაპობრივად, ორი ადამიანის წამოწყება რამდენიმე ათეული თანამშრომლისგან შემდგარ წარმოებად იქცა და „კოსმოს“ ჩანთებს, სამკაულებს, ჭიქებს, საფულეებსა თუ დღიურებს, დღეს, სავაჭრო ცენტრებში, სტარტაპ მარკეტებსა და ონლაინ პლატფორმებზე წააწყდებით. თუმცა, განვითარების პროცესში დაშვებული შეცდომები „კოსმოსთვისაც“ არ არის უცხო და ეს გამოცდილება გულწრფელად გაგვიზიარეს:
„სტარტაპების ნაწილი დაფინანსების მოპოვებით იწყებს ბიზნესს, მეორე ნაწილი – ინვესტორებში ეძებს სახსრებს. ზოგი საბანკო სესხით, ან უკვე არსებული რაიმე კაპიტალით იწყებს საქმიანობას. არსებობენ კიდევ სტარტაპები, რომლებიც გადიან ყველაზე რთულ გზას, ფინანსური რესურსების გარეშე…
ჩვენ სწორედ ბოლო გზა ავირჩიეთ, ყველაზე რთული და ეკლიანი. დიდი კაპიტალით შევძლებდით პროცესების დაჩქარებას, რაც ჩვენი პირველი შეცდომა იყო, სტარტაპის ფორმირებისას. შეგვეძლო მოკლე დროში მიგვეღწია წარმატებისთვის და იმაზე ბევრად წინ ვყოფილიყავით, ვიდრე ახლა. თუმცა, ჩვენი განვლილი გზა ყველაზე საინტერესო, წინააღმდეგობებით აღსავსე და მრავალფეროვანი იყო. ეს ერთგვარი მარათონი აღმოჩნდა.
დიდი სურვილი გვქონდა, შეგვექმნა რაღაც განსაკუთრებული, რაც გაგვაბედნიერებდა ჩვენც და ყველას, ვინც ჩვენი პროდუქტით ისარგებლებდა. გასულ წელს, ეს შეცდომა გამოვასწორეთ – დავიწყეთ ფინანსების მოძიება, ავიღეთ სესხი, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა, როგორც გაყიდვებზე, ასევე ბრენდინგის მიმართულებით.“
პრობლემები პანდემიისას
კორონავირუსმა და კარანტინმა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. პირველ ეტაპზე, ყველაფერი ონლაინ რეჟიმში გადავიდა. დღეს, თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ამ სიტუაციას “კოსმო” სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა. ჩვენი facebook გვერდი მომხმარებელს სრულად არ უქმნიდა კომფორტულ გარემოს ონლაინ ვაჭრობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპერატორები ძალიან ოპერატიული და გულისხმიერი მომსახურებით გამოირჩევიან, ეს არ იყო საკმარისი. საჭირო გახდა ახალი ვებგვერდი, უკეთესად აღქმადი ფოტოების განთავსება სოციალურ ქსელებში და მთლიანად ონლაინ ვაჭრობის სისტემის გამართვა.
პრობლემის მოგვარება მალევე დავიწყეთ და დღეს, მომხმარებელს შეუძლია კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად გამოიწეროს ჩვენი პროდუქცია. შედეგად, ონლაინ გაყიდვები 400%-ით გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სირთულეებს არ შევუშინდით. შეცდომა დროულად გამოვასწორეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით წარმატებისკენ.“
შეცდომები ფინანსების გადანაწილებისას
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მარკეტინგული ხარჯებისათვის ძალიან მცირე ბიუჯეტის გამოყოფა იყო. თითქმის არც ვხარჯავდით რეკლამაში თანხას. პანდემიის დროს, ონლაინ გაყიდვებზე კონცენტრირების აუცილებლობამ, ამ მიმართულებით, ჩვენი სტრატეგიის გადახედვა გახადა საჭირო. მარკეტინგული ხარჯების გაზრდა სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. შედეგად, ცნობადობა და აუდიტორიაც საგრძნობლად გაიზარდა.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი