in

Cosmo: „თავიდან, მხოლოდ 3 ყელსაბამის მასალა და 2 ადამიანის უდიდესი მონდომება იყო“

Startauperi
Startauperi

ჩვენი სტარტაპი თავიდან არაფერი იყო. მხოლოდ 3 ყელსაბამის მასალა და 2 ადამიანის უდიდესი მონდომება და ოცნებები, რომლებსაც მალე მეგობრები შეუერთდნენ. დღეს, ვართ 50 კოსმოელი და ჩვენი უსაყვარლესი და უფერადესი მომხმარებლები. ადამიანებისთვის ბედნიერება თემატური, პიროვნების გამომხატველი ნივთებით მოგვაქვს. დღეს, როდესაც საზოგადოება ტექნოლოგიებსა და ვირტუალურ სივცეზეა გადართული, ჩვენ ვცდილობთ ბედნიერება, ზრუნვა და თვითგამოხატვა ხელშესახები გავხადოთ.

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ორმა სტუდენტმა სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი შეგვექმნა. ჩვენი მიზანი იყო ალტერნატიული, ფერადი სამყაროს შექმნა საქართველოში, რომელიც როგორც ჩვენ, კოსმოელებს, ისე თითოეულ მომხმარებელს გააბედნიერებდა გამომხატველობითი, თემატური აქსესუარებით.

პირველი ფილიალის გახსნა მხოლოდ პირველი თვის იჯარის თანხით და 300 ლარის მასალისგან დამზადებული ნივთებით შევძელით. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოსწონდა ჩვენი ხელით დამზადებული ინვენტარიც და ნივთებიც, ყველა ბიზნესში გამოცდილი ადამიანი გვიწინასწარმეტყველებდა, რომ 2 ან 3 თვეში აუცილებლად დავკეტავდით მაღაზიას. სამი თვის განმავლობაში, ყველას ვარწმუნებდით, რომ დიდი გეგმები გვქონდა და მათ თვალში ჩვენი ცარიელი მაღაზია, მალე პროდუქციას ვეღარ დაიტევდა გაზრდილი წარმოების გამო და გავფართოვდებოდით. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ყოველდღე გვაკითხავდა და ამოწმებდა დავიკეტეთ თუ არა, თუმცა ჩვენ შევძელით და თითოეული მათგანი ჩვენი დიდი გულშემატკივარი გახდა.

კოსმომ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დაიწყო საქმიანობა. თუმცა უნდა აღინიშნოს სტარტაპერი და სხვა მსგავსი ინიციატივები, რომლებმაც საწყის ეტაპზე მოგვცეს საშუალება მიგვეღო მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში. ასევე, სტარტაპერი ჩვენ და სხვა მსგავს კომპანიებს აძლევს მეტი ცნობადობის საშუალებას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით.

დღეს, კოსმოს მაღაზია ვარკეთილში ძველზე სამჯერ დიდია და ჩვენი წარმოებული პროდუქცია უკვე შვიდ ფილიალს და უამრავ პარტნიორ მაღაზიას ამარაგებს. დაბრკოლება ყველა ნაბიჯზეა, თუმცა მისი გადალახვა ერთიანად გვზრდის. როდესაც პრობლემას ვაწყდებით, მათ გამოწვევებად აღვიქვამთ. თავიდანვე ისე ვართ განწყობილი რომ ყველაფერი გამოვა და ეს ამართლებს. თუ რამე არ წავიდა ისე როგორც გვინდა ეს ახალი შესაძლებლობებისკენ გვიხსნის გზას.

#სტარტაპერი5წლისაა

Windfor’s სახელოსნოები – პირველი საგანმანათლებლო პროექტი სააგენტო Windfor’s-ისგან

მეცნიერებმა გიგანტურ ღრმულში უძველესი ტყე აღმოაჩინეს