29
Jun
2018

ქართველმა მეგობრებმა მუსიკალური ინსტრუმენტი – კოსმოფონი შექმნეს!

29 Jun 2018

Startauperi
Startauperi


29 წლის თვითნასწავლმა მუსიკოსმა, ნიკა ჯალაღონიამ, მეგობრებთან: თამაზ კვარაცხელიასა და დავით კარტოზიასთან ერთად, საკუთარი სახსრებით, დაუღალავი შრომის, გათენებული ღამეებისა და გადაყვლეფილი ხელების შედეგად, დასარტყამი საკრავების ოჯახიდან ერთ-ერთის, თონგ დრამის ქართული ანალოგი, კოსმოფონი შექმნა.

ჯერჯერობით, ამქვეყნად, კოსმიური ჟღერადობის 9 მუსიკალური ინსტრუმენტი – კოსმოფონი არსებობს. როგორც ავტორები ამბობენ, მისი გამოყენება ნებისმიერ საკრავთან შეიძლება პროფესიონალურ დონეზე, თუმცა, ამასთან, კოსმოფონის ნოტები ისეა აწყობილი, რომ მისი ნებისმიერი თანმიმდევრობით აღების შემთხვევაში, ლამაზი მელოდია ჟღერს, ანუ ყველას შეუძლია მასზე დაკვრა.ამ ეტაპზე კოსმოფონის გუნდის მთავარ გამოწვევას ინსტრუმენტის საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს, რადგან როგორც გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, ამ საკრავის შესახებ ერთეულებს აქვთ ინფორმაცია. ინსტრუმენტის ვიზუალმა კი, ადამიანებს ათასნაირი ინტერპრეტაციის საშუალება მისცა:

როგორ შეიქმნა კოსმოფონი? – ინსტრუმენტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ნიკა ჯალაღონიამ მარკეტერს გაუზიარა:

M: როგორ ჩაეყარა საფუძველი კოსმოფონის შექმნის იდეას?
კოსმოფონის წარმოების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც Youtube-ზე ვნახე უჩვეულო, კოსმიური ჟღერადობის მქონე მუსიკალური ინსტრუმენტი, ეგრეთ წოდებული, ენიანი დასარტყამი ინსტრუმენტი, „თონგ დრამ“ – Tongue Drum. საკრავი თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული ჟღერადობის გამო იმდენად მომეწონა, რომ მომინდა ექსპერიმენტი მეცადა, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში გამომეყენებინა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი. ვიცოდი, რომ საკრავი მთლიანად მეტალის იყო და სურვილი გამიჩნდა, საქართველოში დამემზადებინა.M: რა გზა გაიარეთ ინსტრუმენტის საბოლოო ვიზუალამდე თუ ჟღერადობამდე? როგორი იყო იდეის განხორციელების ეტაპები
„ელიავას“ ბაზრობაზე, მეტალზე მომუშავე და დიდი ხნის გამოცდილების მქონე ხელოსნებისთვის თეორიული კურსის ჩატარებისა და საკმაოდ სოლიდური თანხის შეთავაზების მიუხედავად, ყველამ უარით გამისტუმრა. გადავწყვიტე, თვითონ დამეწყო კოსმოფონის დამზადება. მეტალზე მუშაობის გამოცდილებაზე საუბარი ზედმეტია, როცა სამუშაო იარაღების სახელებიც კი არ ვიცოდი. პირველ რიგში, ჩემს მეგობარს, თამაზს ვთხოვე დახმარება. გვჭირდებოდა სამუშაო იარაღები და მათი გამოყენების წესები, შემოვიარეთ თბილისში არსებული ყველა მაღაზია თუ სავაჭრო ცენტრი, მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ საჭირო ინფორმაცია. გადავწყვიტეთ, youtube-ში მოგვეძებნა და შეგვესწავლა ჩვენთვის საჭირო ყველა თეორიული თუ პრაქტიკული საშუალება. მოვძებნეთ სხვადასხვა ხელსაწყო და დავიწყეთ მათი სწორად გამოყენების ინსტრუქციების ათვისება.რისკის ფაქტორი დიდი იყო. მეტალზე გვიწევდა მუშაობა და ერთი პატარა შეცდომაც შეიძლება რომელიმე ჩვენგანის დასახიჩრებით დასრულებულიყო. მეტალთან მუშაობაზე გამოუცდელები ვიყავით და პირველი ჩვენი მცდელობა დიდი შრომისა და მონდომების მიუხედავად, სრულიად უშედეგოდ დასრულდა, მეორე ცდაზე, ჩვენი ოდნავ გამოცდილი მეგობარი, დათო შემოგვიერთდა, თუმცა, მეცამეტე მცდელობამდე, მიზანს ვერ მივაღწიეთ. ტექნიკურად, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, ნოტებიც ზუსტად დავსვით და ჟღერადობაც სუფთა იყო. შემდეგ, ისევ დიდი შრომისა და ვიდეოგაკვეთილების საათობით ყურების ხარჯზე მივიღეთ დახვეწილი ვიზუალის მქონე, მუსიკალურად სწორად აწყობილი და გამართული საკრავი – კოსმოფონი.

M: სახელწოდება რაზე დაყრდნობით შეირჩა?
თონგ დრამ, რამდენიმე ქვეყანაში იწარმოება და ყველას სხვადასხვა სახელი აქვს. ჩვენი ინსტრუმენტი ვისაც მოვასმენინე, ყველა თქვა, რომ კოსმიური ხმა აქვს – ქსილოფონი და კოსმოსი გავაერთიანეთ და მივიღეთ, საბოლოოდ, ასეთი სახელი მივიღეთ.M: როგორია კოსმოფონთან დაკავშირებული გრძელვადიანი გეგმები – თქვენი ხედვები და პერსპექტივები?
ვგეგმავთ ერთ სრულ ოქტავიან მსგავსი ჟღერადობის ინსტრუმენტის გაკეთებას, რომელიც პროფესიონალური იქნება თავიდან ბოლომდე და წყობა ექნება ზუსტად ისე, როგორც ფორტეპიანოს სრულ ოქტავას აქვს. ინსტრუმენტის შექმნის შემდეგ, ახლა სატესტო რეჟიმშია კოსმოფონის წარმოება. ამ ეტაპზე თბილისის ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ჩვენი ორი ინსტრუმენტი განთავსდება.

განხილვა