National Geographic-ის სატელევიზიო შოუ „კოსმოსი“ ახალი სეზონით ბრუნდება. სეზონის პრემიერისთვის, სილქნეტმა და National Geographic-მა, სარეკლამო სააგენტო WINDFOR’S-თან ერთად, მომავლის მუზეუმი შექმნეს.
მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები 7020 წლით იყო დათარიღებული და ადამიანთა ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო ვერსიას ასახავდა. შექმნილი სიტუაციის გამო, მუზეუმმა ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადმოინაცვლა და განვლილი 2 კვირის მანძილზე, სილქნეტის სოციალური მედიის არხები დროებით ციფრულ მუზეუმად ტრანსფორმირდა.
მომავლის მუზეუმში წარმოდგენილ ექსპონატებს შორის იყო:
ქალაქი არკადა – პირველი ქალაქი, რომელიც დედამიწელებმა სხვა პლანეტაზე ააშენეს და შემდეგ ინტერგალაქტიკურ დედაქალაქად იქცა.
საკვები პლანეტა ასტეროიდ ვესტადან, რომელსაც ატმოსფერული თავისებურებებისა და ადამიანების აღნაგობის ცვლილების გამო (სხეულმა მოგრძო ფორმები მიიღო), თხევადი ფორმით მიირთმევდნენ.
ასტრალის ბუზი ასტრამუსკა, რომელიც საკუთარი აზრების კომუნიკაციას გამჭვირვალე ფრთების ფერების შეცვლით ახერხებს.
ტანისამოსი 68-ე საუკუნიდან, რომლის ქსოვილიც ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავს, ხოლო მისი ფორმა დაბალი გრავიტაციის პირობებში გადაადგილებას ამარტივებს.
და უბრალო პლასტმასის საწრუპიც კი, რომელიც, თანამედროვე ადამიანების მიერ დატოვებული ერთადერთი ნაკვალევი შეიძლება გახდეს, თუ მეტად არ მოვუფრთხილდებით პლანეტას.
კოსმოსის სიღრმეებში მოგზაურობას, ისევე, როგორც მეორე სეზონში, ამჯერადაც ცნობილი ასტრონომი ნილ დეგრას ტაისონი გაუძღვება. სერიალის პირველ სეზონში, რომელიც ეკრანებზე 1980 წელს გამოვიდა, კარლ სეიგანმა უამრავი ადამიანი აზიარა ე.წ. კოსმოსური მეცნიერების (space science) საიდუმლოებს.
Cosmos: Possible Worlds 13 ეპიზოდისგან შედგება და ადამიანთა წარსულსა და, რაც მთავარია, მომავალზე მოგვითხრობს.
ამ საკითხების განხილვა, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება. თუმცა, ჩვენს წარმოსახვასთან ერთად, შესაძლო სამყაროებზე წარმოდგენის ჩამოსაყალიბებლად, შეგვიძლია “კოსმოსის” ძალიან საინტერესო აღმოჩენები და დასკვნები დავიხმაროთ.
და თან გვახსოვდეს, რომ, როგორც კარლ სეიგანი იტყოდა – “The absence of evidence is not an evidence of absence.”