in

„საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“ – ახალი იმიჯი მსოფლიოსთვის

საქართველო მსოფლიოს წინაშე ახალი საიმიჯო რგოლით წარსდგება. ვიდეო, გზავნილით „საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“, 40-მდე უცხოურ სატელევიზიო არხზე გავა.

https://www.youtube.com/watch?v=q0k81jMXrlk

რგოლი JWT Metro-მ გადაიღო. სარეკლამო სააგენტოს კრეატივ-დირექტორი ნინჩო ნემსაძე ამბობს, რომ მთავარი ამოცანა საერთაშორისო ბაზრისთვის გათვლილი საიმიჯო რგოლის შექმნა იყო.

Nina Nemsadze„შემოქმედებით ჯგუფს მოგვეცა თავისუფლება, წარგვედგინა ჩვენი ხედვა. თუმცა, იყო კონკრეტული მოცემულობა: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შემუშავებული ჰქონდა სლოგანი „საქართველო – სიცოცხლის ქვეყანა“, რის მიხედვითაც გვთხოვეს შემოქმედებითი კონცეფციის მოფიქრება. ამ “მესიჯიდან” ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა თემა „სიცოცხლე“.

M: კრეატიული კონცეფცია და „პროდაქშენი“ „მეტროს“ეკუთვნის. როგორ გაჩნდა ასეთი რგოლის იდეა? კონკრეტული ელემენტები როგორ შეარჩიეთ?

“მეტროს” შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა შეკრების პირველსავე დღეს საკუთარ თავს დავუსვით კითხვა „რა არის ცხოვრება?“. შემდეგი დღეების განმავლობაში ვიხსენებდით, ვმსჯელობდით და წარმოვიდგენდით ყველა იმ წამს, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ ცოცხალია და გრძნობს, რომ სიცოცხლით სავსეა. ამ შეგრძნებას ძლიერი ემოცია იწვევს, შთაბეჭდილება, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს.

მოგზაურობაც შთაბეჭდილებაა, რომელიც გზრდის, გცვლის და გაახლოვებს საკუთარ თავთან. რთულია, 70 წამში აჩვენო მთელი შენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, ტრადიცია და სილამაზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მოგვეყოლა საქართველოს ხასიათი, თავის სისადავით, სიმდიდრით, გულწრფელობით, სევდით და სინამდვილით. ყოველი კადრის მიღმა დგას ემოცია, რომელიც ერთგვარი გზავნილია მაყურებლისთვის. არცერთი მიზანსცენა არ არის შემთხვევითი. ყველა პორტრეტი, პეიზაჟი და მოქმედება ემსახურება კონკრეტულ მიზანს, შეიგრძნო ეს ქვეყანა მთლიანობაში. ვეცადეთ, წინა წლებში გადაღებული ანალოგიური ტიპის სარეკლამო რგოლებისგან განსხვავებული ესთეტიკის, დინამიკის და ხასიათის რგოლი შეგვექმნა. შემოვიტანეთ ახალი კომპონენტები. მაგალითად, რაგბი, რაც ჩვენი ქვეყნის ხასიათის გამომხატველია; რამიშვილები, როგორც დიდი კულტურის და უწყვეტი განვითარების მაჩვენებელი; პორტრეტები, რომლებიც უსიტყვოდ გადმოსცემენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების განსაკუთრებულ ხასიათს.

M: სად და როგორ იღებდით ამ რგოლს?

პროექტი 2 თვის განმავლობაში მზადდებოდა. გადაღების დაწყებამდე მოვიარეთ საქართველო. ვესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვნახეთ საინტერესო ადგილები. შემდეგ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, თავიდან გავემგზავრეთ შერჩეულ ლოკაციებზე. პროცესი არ იყო ადვილი. ყოფილა დღეები, ასობით კილომეტრს გავდიოდით ერთი კადრიდან მეორე კადრის გადასაღებად. ერთ დღეში გადაგვიღია პალიასტომის ტბა და იმავე დღეს ავსულვართ გომის მთაზე (ზღვის დონიდან 2200 მეტრზე). მიუხედავად ამ სირთულეებისა, მთელი ჯგუფი დაუღალავად და დიდი პასუხისმგებლობით მუშაობდა. ეს იყო პირველი ამ მასშტაბის რეკლამა საქართველოზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველების მიერ შესრულდა.

M: რა არის მთავარი სათქმელი?

დღეს მოგზაურები ეძებენ სინამდვილეს, ხელშეუხებელ ბუნებას, ეგზოტიკას, რეალურ ამბებს, შეულამაზებელ ისტორიებს და თავგადასავლებს. კონცეფციის მიხედვით, ჩვენი მიზანი არ ყოფილა უბრალოდ ჩამოგვეთვალა, რომ საქართველოში არის ზღვა, მთა, ჩანჩქერი, კულტურული ძეგლი, სასტუმრო თუ კლუბი. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ადამიანებს ემოციური კავშირი და გარკვეული დამოკიდებულება გასჩენოდათ მათთვის უცხო ქვეყანასთან. გვინდოდა, დაუფლებოდათ განცდა, რომ საქართველოში მოგზაურობის დასრულების შემდეგ, მათ ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი მოგზაურობა იწყება, ახალი შეგრძნებებით, აღმოჩენებით, ახალი კითხვებითა და ახალი მსოფლმხედველობით.

ტექსტისა და მუსიკის დრამატურგია მაყურებლის ფიქრებს ფონად გასდევს და ეხმარება მას მივიდეს დასკვნამდე, რომ სწორედ ეს არის ღირებული და, რომ სინამდვილეში სწორედ ეს არის ცხოვრება.

M: მხოლოდ ეს ერთი რგოლია თუ რეკლამა რაიმე კამპანიის ნაწილია?

ამ ეტაპზე „მეტრომ“ შეასრულა ერთი კონკრეტული დავალება, რომელიც ითვალისწინებდა საიმიჯო რგოლის კონცეფციის შექმნას და გადაღებას. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს რგოლი 40-მდე უცხოურ არხზე უნდა გავიდეს. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ.

2

10

13

14

17

16

Star Wars-ი ფრანკფურტის აეროპორტში! ვირუსული ვიდეო

Macbook-ის სატელევიზიო რეკლამა სტიკერებით