ყველაფერი ციფრულის ფონზე ამ ეპოქაში, სადაც კომუნიკაციაც კი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს… რომ აღარაფერი ვთქვათ ფილმების ყურებაზე, განათლების მიღებასა და სიახლეების გაცნობაზე. თითქოს, ყველაფერმა, რაც კი ფიზიკურ სივრცეში არსებობდა და ჩვენც პირდაპირ ვურთიერთქმედებდით, ახლა ამ ტექნოლოგიური ეკრანების მიღმა გადაინაცვლა. ასეა ჟურნალების შემთხვევაშიც, ვინაიდან ბეჭდური მედიის კომპანიებმაც კი გადაუხვიეს ტრადიციულ გზას და დღეისათვის თითქმის ყველა ინტერნეტსივრცეში პოზიციონირებს. თუმცა უახლესი კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის გამომცემლებმა შექმნეს County Highway — გაზეთი, რომელიც არასდროს იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ.
„ამერიკის ერთადერთი გაზეთის“ წოდებით გამოჩენილი County Highway მელნით დაწერილი ფურცლების ეპოქას უბრუნდება. დიზაინიც მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი აქვს, მისი ტიპოგრაფიაც იმ პერიოდის გაზეთებს შეესაბამება, ხოლო სათაურები ვინტაჟური ჟურნალისტიკის გამოძახილია. მსგავსი ვიზუალური იდენტობის მიღებაზე დიზაინ სააგენტო Pentagram-მა იმუშავა.
რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაანაცვლებს ონლაინ მედიის სწრაფ ტემპს, რაც დღევანდელ სამყაროს სჭირდება ინფორმაციის გასავრცელებლად. თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტზე ყველას მყისიერი წვდომა აქვს და ყველაფერი ღიად ფიქსირდება… რეალურად, County Highway-ის მიზანი არც არის ეს — უბრალოდ სურთ, ძველი კულტურა შეინარჩუნონ და იყვნენ „ერთადერთები“, ვინც ამ გზას ირჩევს. თანაც წელიწადში მხოლოდ 6 ეგზემპლარი გამოვა.