Courtyard Marriott-ში სასიამოვნო ცვლილებებია. ერთწლიანი საფუძვლიანი განახლების შემდეგ, სასტუმროს ნომრები ახლებური დიზაინით გააცოცხლა ბრიტანულმა კომპანიამ Twenty2Degrees და სტუმრებისთვის სრულიად განსხვავებული გარემო შექმნა. იგეგმება Courtyard Marriott-ის რესტორნის განახლებაც, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გამორჩეულ დიზაინს, რაზეც პროფესიონალებმა ასე საგულდაგულოდ იმუშავეს. სიახლეა სასტუმროს მენეჯმენტშიც – Courtyard Marriott-ის, Tbilisi Marriott-ისა და MOXY-ის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ალექსანდრე კვარაცხელია დაინიშნა, რომელმაც მარკეტერთან ერთად, სასტუმროს ღირსშესანიშნავი განახლება მიმოიხილა.
M: წლების მანძილზე, ეს „ქორთიარდ მარიოტის“ ინტერიერის დიდი განახლებაა. მიმოვიხილოთ, რას შეეხო ცვლილებები?
2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოთახების სრულად განახლება დავიწყეთ. განახლებული დიზაინის კონცეფცია ბრიტანეთში, კომპანია Twenty2Degrees-ის მიერ შემუშავდა. ოთახების რენოვაციის ფარგლებში, წარმოგიდგენთ 118 განახლებულ ნომერს, მათ შორისაა – Deluxe Single, Deluxe Twin, Superior Single, Superior Twin, Executive Rooms, Corner Room and Junior Suite.
M: როგორია განახლებული სტილი და ხელწერა?
თითოეულ ოთახში, მშვიდ რუხ და კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის სივრცეს. რბილი და სასიამოვნო ქსოვილები, კედლებზე ხავერდის რბილი ზედაპირი და სასიამოვნო განათება ირეკლება. ეს ყველაფერი კი, დადებითისკენ ცვლის თქვენს განწყობას.
M: როგორი ხასიათისა და ღირებულებების მატარებელია ქორთიარდ მარიოტი იმ სახით, როგორიც ახლაა?
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ დღესაც მთავარი პრინციპების ერთგულია. სტუმრებს მხოლოდ გამორჩეულ, პრემიუმ კლასის, დასამახსოვრებელ მომსახურებას ვთავაზობთ და თითოეულ მათგანს თავს ვაგრძნობინებთ ისე კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში.
M: ალექსანდრე, ცოტა ხნის წინ, თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტისა და მოქსი თბილისის გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავეთ. გვიამბეთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ამ პოზიციამდე?

„მარიოტის“ გუნდს, 2010 წელს, გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე შემოვუერთდი. მუშაობა საკმაოდ საინტერესო პერიოდში მომიწია. სწორედ იმ დროისათვის გაიხსნა სხვა საერთაშორისო ბრენდები ბაზარზე და ადგილობრივი ბრენდებიც საკმოდ კარგ კონკურენციას გვიწევდნენ. 2015 წელს, “Courtyard by Marriott Hotel”-ის Hotel Manager-ის პოზიციაზე გადავინაცვლე. იქ საკმოდ დიდი გამოცდილება შევიძინე, სასტუმროს ოპერირების მხრივ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა გაყიდვების დეპარტამენტის სპეციციკისგან. 2017 წელს, Armenia Marriott Hotel Yerevan-ის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი. საკმაოდ დატვირთული და საინტერესო პერიოდი გვქონდა მე და ჩემს გუნდს. იმ პერიოდს უკავშირდება საერთაშორისო დონის, მაღალი რანგის სტუმრების აქტიური ვიზიტები. ასევე, ბაზარზე ახალი სასტუმროების აქტიური გამოჩენა. 2019 წელს, კვლავ თბილისს დავუბრუნდი, „თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ მარიოტისა“ და „მოქსის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში. ორი წლის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება და ბათუმში, Le Meridien Batumi Hotel-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობა დავიკავე. ეს განვლილი წლები ძალიან საინტერესო და ამავდროულად, საკმაოდ რთულ პერიოდად დამამახსოვრდება, რადგან კოვიდისა და მისი შემდგომი სირთულეების გავლა მოგვიხდა. მფლობელების მხარადჭერით, შევძელით სასტუმროს შენარჩუნება და მისი ფუნქციონირების გაგრძელება. 2022 წლის ოქტომბრის დასასრულს, GMT-ის მფლობელობაში მყოფი სასტუმროების გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადმოვინაცვლე. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო GMT სასტუმროების მართველ გუნდს, ამხელა ნდობისა და გვერდში დგომისთვის.
M: როგორია ხედვა და გეგმები ახალ პოზიციაზე?
ამ სასტუმროების გენერალური მენეჯერობა უზომოდ დიდი პასუხისმგებლობაა, გუნდის, სტუმრებისა და მფლობელების წინაშე. ამას ერთი მარტივი მაგალითით გავუსვამ ხაზს – „თბილისი მარიოტის“ შენობა 1915 წლიდან ითვლის ისტორიას. მას შემდგომ, ეს სასტუმრო მასპინძლობს საქართველოში ჩამოსულ ისეთ სტუმრებს, როგორებიც გახლავთ ჯორჯ ბუში, ჯონ სტეინბეკი, ჟან პოლ სარტრი, ჯორჯ ბალანჩინი, ძმები ნობელები, ძმები სიმენსები, ფიცროი მაკკლეინი, მარგარეტ ტეტჩერი და კიდევ ბევრი ცნობილი საზოგადო თუ ბიზნეს სამყაროში მოღვაწე პიროვნებას.
M: სულ მალე, „ქორთიარდ მარიოტის“ რესტორნის განახლება იგეგმება – როგორ სახეს მიიღებს ის?
დიახ, რესტორნის განახლება ნამდვილად იგეგმება. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, დეტალებს მოგვიანებით გაგანდობთ, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ საინტერესო, დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინი გელოდებათ ჩვენს სტურებს, მაღალი დონის სერვისთან ერთად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წელს, „ქორთიარდ მარიოტის“ ოთახების განახლებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს სტუმრებს შორის. მათთვის კიდევ არაერთ საინტერესო და სასიამოვნო სიურპრიზს ვამზადებთ.
[R]