in

სტარტაპმა ბიოდეგრადირებადი წყლის ბოთლი შექმნა

ერთი შეხედვით, სტარტაპ Cove-ის მიერ დამზადებული წყლის ბოთლი ჩვეულებრივ პლასტმასის ბოთლს მოგაგონებთ. რეალურად კი იგი სრულიად საპირისპირო რამეს გვთავაზობს — პირველია მათ შორის, რომელიც PHA-სგან, ბიოდეგრადირებადი პლასტმასისგან, დამზადდა. სწორედ ამიტომ არის იგი თეთრი და არა, გამჭვირვალე…

„პლასტმასის წყლის ბოთლი დაბინძურების სიმბოლოდ იქცა. გვჯერა, რომ ყოველ წუთში გადაგდებული 1 მილიონი ბოთლისთვის გამოსავლის პოვნა, გლობალური პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება, — ამბობს ალექს ტოტერმანი, Cove-ის დამფუძნებელი.

უშუალოდ მასალა კი ფერმენტაციის გზით მზადდება, მიკრობები მცენარეული ზეთით, შაქრით, საკვების ნარჩენებით ან CO2-ით იკვებება. ხოლო შემდეგ ბუნებრივად აწარმოებს პოლიმერს უჯრედებში, რომლებიც პლასტმასად გარდაიქმნება. შესაბამისად, თუ ეს პლასტმასა ბუნებაში აღმოჩნდება, სხვა მიკრობები მის დაშლას შეძლებს.

თუმცა ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება ბიოდეგრადირების პროცესს, ეს ჯერ არ არის დამტკიცებული და დიდად არის დამოკიდებული ეკოსისტემაზე. ამ ეტაპისთვის ლაბორატორიული ტესტებიც კი ვერ გვეუბნება ზუსტ პასუხს. მაგალითად, TÜV Austria ამოწმებს, თუ როგორ დეგრადირდება ის 30 გრადუსზე მაშინ, როცა ოკეანის საშუალო ტემპერატურა 39 გრადუსს უდრის. უფრო ცივი წყალი კი უფრო ნელ ბიოდეგრადირებაზე მიგვანიშნებს. ამასთან, დაშლის პროცესზე გავლენა ტენიანობას, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებსაც აქვს. სავარაუდო დროდ კი ამ ეტაპისთვის 1.5-4.5 წელს ასახელებენ.

ბიოდეგრადირება არ არის ჯადოსნობა, რომ რაღაც გადააგდო და გაქრეს. გარემოც არ არის ერთნაირი, ზოგადი იდეა კი ის არის, რომ მივიღოთ ზედა და ქვედა ზღვარი, თუ რამდენ ხანში შეძლებს ბოთლი დაშლას, — განმარტავს ბენ კოგანი, სტარტაპის მდგრადობის ხელმძღვანელი. 

ბუნებრივია, იმედოვნებენ, რომ ეს შეფუთვა არასდროს აღმოჩნდება ბუნებაში და სანაცვლოდ, სპეციალურ ურნაში დაიდებს ბინას, სადაც იგი სულ რაღაც 90 დღეში დაიშლება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ბოთლის წაღება იმ სივრცეში, სადაც ეს ურნაა განთავსებული, მომხმარებლებისთვის გამოწვევად შეიძლება იქცეს…

მასალის გადამუშავება ასევე შესაძლებელია შესაბამისი აღჭურვილობით, მაგრამ სანამ ბაზარზე მეტი PHA-ს შემცველი შეფუთვა არ გამოვა, ბიზნესს ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების მიზეზიც არ ექნება… თქვენ კი მისი წარმომქმნელი ბაქტერიებისთვის PHA-ს მიწოდებით გადამუშავებასაც კი შეძლებთ. თუმცა ეს ბოთლები PET-ით, ანუ სტანდარტული პლასტმასით, რომელიც სხვა ბოთლებში გამოიყენება, ვერ გადამუშავდება.

ახალი ბოთლების დამზადება საკმაოდ ძვირიცაა, თუმცა, კომპანიის თქმით, ეს მალე შეიცვლება… საინტერესოა ისიც, რომ მათ ბოთლების საწარმოებლად ქარხნის აშენება თავად მოუწიათ, რადგან PHA-ს წყლის ბოთლების დასამზადებლად სხვა არავინ იყენებდა.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს უბრალოდ კონცეფცია არ არის, მისი გაყიდვები ლოს-ანჯელესის ჯანსაღი საკვების ქსელ Erewhon-ში უკვე დაიწყო.

ნახეთ: ანიმაციებად ქცეული აკვარელის ნახატები

რას გულისხმობს ეფექტური კონტენტის წერა?