in

21 მარტი მხოლოდ ჭრელი წინდა არაა! #ჩვენვაკავშირებთ – რა ხდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოში

28-ში კი, ყველას ორბელიანის მოედანზე ვეპატიჟებით!

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რასაც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, წელს, უკვე მეათედ აღნიშნავს. მსოფლიო გზავნილი, ყოველწლიურად, სხვადასხვაა და ყოველთვის მიმდინარე მოვლენებს პასუხობს. #ჩვენვაკავშირებთ – წლევანდელი გზავნილი, რაღა თქმა უნდა, პანდემიის გამოხმაურებაა და ის მთელს მსოფლიოში არსებული ვითარების გარდა, მომავალი წლის გეგმებსაც ეხმიანება. იმ გეგმებს, რომელთა გარშემოც თითოეული ჩვენგანი გაერთიანდა. 

სულ რაღაც, 10-15 წლის წინ, გაცილებით მეტ ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო დაუნის სინდრომი. ცვლილებები ნელ-ნელა, კომპლექსურად, ბევრი ადამიანის ძალისხმევით დაიწყო. პირველი ნაბიჯები მშობლებმა გადადგეს. დაუნის სინდრომის ასოციაცია სწორედ ასეთი მშობლების კავშირია. 

ყოველ წელს, ახალ-ახალი პრიორიტეტების დასახვითა და ბევრი შრომით, ქვეყანაში სტიგმამ შემცირება დაიწყო. თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. 

გასულ წლებში, თუ მთავარი მიზანი ადამიანებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება იყო, წელს, დღის წესრიგში, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების პროფესიული უნარების განვითარება და მათ დასაქმებაზე ზრუნვაა.

21 მარტთან დაკავშირებით, დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრი, 8 წლის ანას დედა, ნინო კალანდია გვესაუბრება:
„ყველა მშობლის მიზანი შვილის მომავალზე ზრუნვაა, მისი რესურსების აღმოჩენა და შემდეგ ამ რესურსების სწორად გამოყენების საშუალების მიცემა. 

ბევრმა, ალბათ, ისიც არ იცის, რომ ადრეული განვითარების ცენტრები, რომლებიც საქართველში არსებობს, მხოლოდ 7 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 7 წლის მერე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰაერში რჩებიან. ბევრს მიაჩნია, რომ 7 წლის ასაკში ბავშვი უკვე სკოლაში მიდის და მერე უკვე სკოლის პასუხისმგებლობაა მის განვითარებაზე ზრუნვა. სინამდვილეში ეს ასე არაა. დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, განსაკუთრებით, 7-დან 18 წლამდე, სწორი მიდგომები და განვითარების ეტაპების მრავალფეროვნება სჭირდებათ იმისათვის, რომ შეძლონ და გაიუმჯობესონ უნარები, დაიმკვიდრონ თავი, შეარჩიონ პროფესია და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგან. 

დღეს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ „7+“ პროგრამა აქვს არჩეული, რომელიც  დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების ხელშემწყობი მიდგომების დანერგვას გულისხმობს საქართველოში. პროგრამის მიზანია, ადამიანმა შეძლოს საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლებლობების აღმოჩენა, ადეკვატური შეფასება და პროფესიული ორიენტაციის დაზუსტება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ განვითარების, განათლების მიღებისა და საზოგადოებაში ღირსეულ, თანასწორუფლებიან წევრებად დამკვიდრების საშუალება. ამჟამად, პროექტი „7+“  საპილოტე რეჟიმშია და მიმდინარეობს როგორც დაუნის სინდრომის მქონე პირების, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებაც. პროექტი „7+“ სწორედ ჭრელი წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხით შეიქმნა.

წლევანდელი ჩვენი ყველა ღონისძიება ამ თემის ირგვლივაა. 

19 მარტს დაანონსებული რიგით მეხუთე კონფერენციაც ამ თემას ეხებოდა: დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარება, არსებული პროგრამები და პრობლემები. კონფერენციაში ჩართული იყო ბევრი აქაური და უცხოელი სპეციალისტი, რომლებიც მოგვიყვნენ საკუთარი გამოცდილებების შესახებ და გაგვიზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. 

28-ში კი, ყველას ორბელიანის მოედანზე ვეპატიჟებით, სადაც ჩვენი ბავშვები გაგიმასპინძლდებიან თავიანთი გამომცხვარი ორცხობილებით, მოგიმზადებენ ჩაისა და ყავას, მათსავე მოხატულ ქოთნებში ჩარგავენ ყვავილებს და მწვანილებსაც, გაყიდიან „ბაბალეს“ ხელნაკეთ ნივთებს, ჩრდილების თეატრსაც განახებენ.

გავყიდით ჩვენს ჭრელ წინდებსაც. ისიც აუცილებლად მინდა, ვთქვა, რომ კამპანიის წინდები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების ესკიზებით მოიქსოვა და ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილსაც თავისი  წვლილი შეაქვს ამ საქმეში – წინდების გაყიდვით შემოსული ფულიც პროგრამა „7+ -ის“ განვითარებასა და გაფართოებას მოხმარდება. მოკლედ, ორბელიანის მოედანზე 21 მარტს დიდი მხიარულება იქნება.

პანდემიამ როგორც ყველა, ისე დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებიც დააზარალა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, წელს, ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება პრიორიტეტად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ თავის დამკვიდრებაში და საფუძველი ჩავუყაროთ მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას მომავალში. 

21 მარტი არაა მხოლოდ ჭრელი წინდა. 21 მარტის სწორად აღქმითა და წარმართვით, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ღირსეულ მომავალს ვუყრით საფუძველს,  რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

ვფიქრობ ეს ღონისძიებები დაეხმარება საზოგადოებას, კიდევ უფრო კარგად გაიგონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებები. წლევანდელი მსოფლიო გზავნილი  #ჩვენვაკავშირებთ ზუსტად ამ შინაარსის მატარებელია – კავშირი ადამიანებს შორის“, – განმარტავს ნინო კალანდია.  

ქართულ ბაზარზე „ძალიან ცუდი კომპანია“ გამოჩნდა!

Pizza Hut-ის ახალი ყუთებით Pac-Man-ის დამატებითი რეალობის ვერსიის თამაშია შესაძლებელი