საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კონტროლისთვის სპეციალური აპლიკაცია იქმნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს. მისი თქმით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა შემთხვევითი კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. ასევე, გაიგებენ იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომელთანაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.
ტექნოლოგიური პროდუქტების როლი ეპიდემიის გავრცელების მართვის კუთხით საკმაოდ დიდია. ამაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის მაგალითმაც დაგვარწმუნა. როგორც წესი, მსგავსი მიზნის მქონე აპლიკაციების მუშაობა ადგილმდებარეობის ისტორიაზე წვდომას ეფუძნება. მსგავს გზას, ოფიციალურად, უკვე მიმართა ისრაელმა, ინგლისმა და ამ მეთოდის განხილვის რეჟიმშია აშშ.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, ან როდიდან შეიძლება ველოდოთ მის ამოქმედებას. არც ისაა ცნობილი, როგორ მოხდება პერსონალური ინფორმაციის დამუშავება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე აპლიკაცია მხოლოდ სატესტო რეჟიმშია და მიმდინარეობს მისი მორგება ქართული რეალობისთვის. „მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში,“- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ადგილმდებარეობის ისტორია პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას მიეკუთვნება და შესაბამისად, მისი კონტროლი, დემოკრატიულ სახელმწიფოში, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ნონსენსს წარმოშობს. მოკლედ რომ ვთქვათ, მოცემული ეპიდემიოლოგიური საფრთხე წარმოშობს დილემას ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებსა და საზოგადო საჭიროებებს შორის არჩევანის გაკეთების კუთხით. თუმცა, როცა ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშეა და როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცდილობს ფუნქციონირებას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოსთვისაც, ალბათ, რთული არ არის არჩევანის გაკეთება.
უფრო სწორად, როგორც მინისტრის განცხადებიდან ვიგებთ, საქართველომ უკვე გააკეთა არჩევანი ამ კუთხით. ახლა კი, უნდა დაველოდოთ მეტ დეტალს და პასუხებს კითხვებზე – როგორ, რამდენად უსაფრთხოდ და სტანდარტების დაცვით მოხდება ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება? იქნება, თუ არა ნებაყოფლობითი, ან ეფექტური აპლიკაციის გამოყენება, მით უფრო მაშინ, როცა მოსახლეობის ნაწილს სმარტფონი არ აქვს. ან თუ იქნება შეზღუდული, რიგითი მომხმარებლისთვის, მასთან შემთხვევით კონტაქტში მყოფი ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება.