in

„სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“ – ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური გამოფენა

7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უძღვნის ვირტუალურ გამოფენას სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე”.

გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით. 

2020 წლის 7 აპრილის თემა ეძღვნება ექთნების და ბებიაქალთა ღვაწლს ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერების ყურადღებას ამახვილებს უმცროსი სამედიცინო პერსონალის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ჯანდაცვაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს”.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას  ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი  გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წესრიგი COVID-19-მა თავად განსაზღვრა.

ვირტუალური გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე” სწორედ ამ კამპანიას ეხმაურება და მისი მიზანია პანდემიად ქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი  მადლიერების გამოხატვა.

ტელეფონი, როგორც საკვების, ამბების, განათლების მიღებისა და ქორწინების საშუალებაც კი – „ესპანური გრიპი“, 1918 წელი

ქართული სასუნთქი აპარატის პროტოტიპი, რომლის წარმოებაც 20 000 ლარით დაფინანსდა