COVID-19-ის mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები, რომლებმაც პანდემიის დროს მსოფლიოში 2.5 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა, შესაძლოა, ახლა კიბოს წინააღმდეგ იმუნური სისტემის გააქტიურებაში დაგვეხმაროს. ეს ვარაუდი კი უახლესი კვლევიდან მოდის, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინეს, რომ mRNA-ს შეუძლია იმუნური სისტემის გაწვრთნა სიმსივნეების გასანადგურებლად — მაშინაც კი, თუ mRNA არ არის დაკავშირებული კიბოსთან. ამგვარად, შემდეგი ჰიპოთეზა დაიბადა:
შესაძლოა, COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ შექმნილ mRNA ვაქცინებს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტებიც ჰქონდეს.
ამის გამოსაცდელად კი მკვლევრები მელანომასა და ფილტვის კიბოს მქონე 1000-ზე მეტ გვიანი სტადიის მქონე პაციენტების კლინიკურ შედეგებს დააკვირდნენ, რომლებიც იმუნური საკონტროლო პუნქტების ინჰიბიტორების სახელით ცნობილი იმუნოთერაპიით მკურნალობდნენ. აღნიშნული კი კიბოს წინააღმდეგ იმუნური სისტემის გასააქტიურებლად კარგად გავრცელებული მიდგომაა — პროცესში იმ ცილებს ბლოკავს, რომლებიც იმუნურ სისტემას აფერხებს, შედეგად კი, იგი კვლავ აგრძელებს სიმსივნური უჯრედების დამარცხებას.
აღსანიშნავია, რომ პაციენტებს, რომლებმაც იმუნოთერაპიის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში მიიღეს Pfizer-ის ან Moderna-ს mRNA-ზე დაფუძნებული COVID-19 ვაქცინა, სამი წლის შემდეგ გადარჩენის ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არცერთი ვაქცინა გაუკეთებიათ.
თუმცა გასაოცარია, რომ იმუნოთერაპიაზე კარგი რეაქციის მქონე პაციენტებმაც კი მნიშვნელოვანი სარგებელი აჩვენეს სამწლიანი საერთო გადარჩენის მაჩვენებლის თითქმის ხუთჯერ გაუმჯობესებით. თანაც, გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და COVID-19 mRNA ვაქცინის მიღებას შორის ეს კავშირი ძლიერი მაშინაც კი იყო, როცა დაავადების სიმძიმისა და თანმხლები დაავადებების მსგავსი ფაქტორები გააკონტროლეს.
ამ ყველაფრის უკან არსებული მექანიზმის გასაგებად ცხოველებზე ჩაატარეს კვლევა და აღმოაჩინეს, რომ კოვიდის ვაქცინები ორგანიზმში განგაშის სიგნალივით მოქმედებს, უბიძგებს სხეულის იმუნურ სისტემას ამოიცნოს და მოკლას სიმსივნური უჯრედები, შემდგომ კი დაძლიოს კიბოს იმუნურ უჯრედებთან გამკლავების უნარი. ხოლო, როცა გააერთიანეს, ვაქცინები და იმუნური საკონტროლო პუნქტების ინჰიბიტორები ერთად კოორდინირებულად მუშაობდა იმუნური სისტემის სრული ძალის აღსადგენად, რათა მას კიბოს უჯრედები გაენადგურებინა.
და რით არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი? იმუნური საკონტროლო პუნქტების ინჰიბიტორების თერაპიამ ათწლეულების მანძილზე რევოლუცია კი მოახდინა კიბოს მკურნალობაში, მაგრამ არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ „ცივი“ სიმსივნეები, მარტივად რომ ავხსნათ, იმგვარი სიმსივნური უჯრედები, რომლებიც იმუნურ სისტემას ემალება. კოვიდის ვაქცინას კი შეუძლია ის წარმოშვას, რაც ამ „ცივი“ სიმსივნეების „გასათბობად“ არის საჭირო.
ხოლო თუ აღნიშნულს მომავალი კვლევებითაც დაადასტურებენ, ჩნდება იმედი, რომ კიბოს მქონე პაციენტებს ფართოდ ხელმისაწვდომ, დაბალფასიან ალტერნატივას შესთავაზებენ.











