in ,

თქვენთან ახლოს, შეიძლება, დახმარება სჭირდებათ – აპლიკაცია „სოლიდარობა“

COVID-19-ის გავრცელების საშიშროებისა და მისგან გამოწვეული იზოლაციის საჭიროების კვალდაკვალ, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევების წინაშე ვდგებით. მათ შორის, შემოსავლის გარეშე რჩებიან ადამიანები, შესაბამისად, სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტისა თუ მედიკამენტის შეძენის შესაძლებლობის მიღმაც აღმოჩნდებიან ხოლმე. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, სოციალურ ქსელში არაერთ კამპანიას, საინიციატივო ჯგუფსა თუ უბრალოდ, სხვისი დახმარების მსურველ კეთილ ადამიანს შეხვდებით. დღეს კი უნდა მოგიყვეთ ტექნოლოგიურ პროდუქტზე – აპლიკაციაზე, რომელიც მოხალისეებსა და დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

აპლიკაცია, სახელად „სოლიდარობა“ ორი მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ – დახმარების თხოვნისთვის, ან გაცემისთვის. იმ პირებისთვის კი, ვისაც აპლიკაციის გამოყენება არ შეუძლიათ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 160 00. დახმარება, ძირითადად, მოიცავს საკვებით, ან მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

ერთი მხრივ, საჭიროების მქონე პირმა, აპლიკაციის მარტივი ინტერფეისის დახმარებით, შეიძლება აღწეროს, თუ სად იმყოფება, ან რა ტიპის დახმარება სჭირდება. ადგილმდებარეობაზე წვდომის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ კი, აპლიკაცია ამცნობს მოხალისეებს, სად და რა ტიპის დახმარების გაწევაა საჭირო. ასე ვთქვათ, მოხალისეების აპლიკაციებში ჩნდება მისიები, რომელთა შესრულებასაც ისინი შეთანხმებულად იწყებენ. უფრო დეტალური და ვიზუალურად აღქმადი ინფორმაცია ქვემოთ მოცემული ვიდეოდან შეგიძლიათ მიიღოთ.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ფონდი „სოლიდარობა კოვიდ-19“, რომელში მოგროვილ თანხასაც მოხალისეები ბენეფიციარების საჭიროებებს ახმარენ. „სოლიდარობის“ აპლიკაციის გადმოწერა საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. ანდროიდის მომხმარებლებს მისი გადმოწერა შემდეგი ბმულიდან შეგიძლიათ, iOS-ის მომხმარებლები კი, როგორც „სოლიდარობის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, აპლიკაციის გადმოწერას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

YouTube-ის პირველ ვიდეოს 15 წელი შეუსრულდა

 „ბენეფიტსმა“ პსრ ტესტის ჩასატარებელი 5 000 ნაკრები ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცა