რა გავლენას ახდენს Covid-19 ქართველ მომხმარებელზე? როგორ იცვლება მათი განწყობა, ქცევა, ფინანსური და სამსახურებრივი მდგომარეობა? როგორია მათი მოლოდინი? მომხმარებლის პულსის მუდმივი მოსინჯვა, დღეს, ბიზნეს სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. IPSOS-ის კვლევა, რომლის შედეგებსაც დღეს გაგაცნობთ, მომხმარებლის მდგომარეობას გვიჩვენებს 3-12 აპრილის შუალედში (კვლევა პერიოდულობით ტარდება და განახლებულ მონაცემებს კვლავაც მოგაწვდით). კვლევაში მონაწილეობა 18-55 წლამდე ასაკის 500-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, 53% ქალია, 47% – მამაკაცი. გამოკითხულთა 67% თბილისშია, დანარჩენი ნაწილი კი შემდეგ ექვს ქალაქზე ნაწილდება: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი.
კვლევაში მონაწილეები ოთხ ასაკობრივ კატეგორიად არიან დაყოფილები:
როგორი იყო Covid-19-ის გავლენა მომხმარებლის სამუშაოზე?
40% კვლავ აგრძელებს მუშაობას, მათგან 26% დისტანციურად. გამოკითხულთა 55%-მა კი განაცხადა, რომ არ აქვს შემოსავალი. ასევე, კვლევიდან ირკვევა, რომ მომუშავეთაგან კარანტინის შემდეგ, 26%-მა დაკარგა სამსახური.
როგორ აისახა Covid-19 მომხმარებლების ფინანსურ მდგომარეობაზე?
გამოკითხულთა 56%-მა თქვა, რომ მათი შემოსავალი შემცირდა, 20%-ს კი, ანაზღაურება დაუგვიანდა.
დანაზოგი: გამოკითხულთა მხოლოდ 22%-მა თქვა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, კარანტინის პერიოდის ერთ თვეზე მეტხანს გაძლებდა. 29%-მა განაცხადა, რომ არსებული ფინანსური რესურსი მაქსიმუმ 2 კვირასაც არ ეყოფოდა (რაც აპრილის ბოლო რიცხვებს ემთხვევა), 77%-ის თქმით, კარანტინის ერთ თვეს ფინანსურად ვერ გაუმკლავდება.
54% არსებულ ფინანსურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს, 52% კი, უახლოესი 6 თვის მანძილზე, მის გაუარესებას ელის.
რაზე გეგმავს ეკონომიას მომხმარებელი?
გამოკითხულთა 45% გეგმავს ეკონომიას სამოსსა და გასართობ ღონისძიებებზე. მოგზაურობაზე დაზოგვას 41% აპირებს, ალკოჰოლზე – 39%, ელექტრო პროდუქციაზე – 37%, თამბაქოს პროდუქციაზე – 32%, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე – 31%, რემონტზე – 28%, ქირაზე – 26%.
გამოკითხულთა უმრავლესობა, 79% არ აპირებს საკვებზე ეკონომიას. ეკონომიას არ გეგმავს მედიცინისა (43%) და თავის მოვლაზე (22%).
რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს მომხმარებელი, რომელ მაღაზიაში იყიდოს საკვები და საბაზო პროდუქტები?
როგორც კვლევიდან ირკვევა, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მაღაზიის არჩევისას ჰიგიენასა და სისუფთავეს ენიჭება (44%), მას ხელმისაწვდომი ფასები მოსდევს – 35%, 26%-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაზიასთან არ იყოს რიგი. მომხმარებელი, ასევე, მნიშვნელობას ანიჭებს სივრცის რეგულარულ გასუფთავებას, ურჩევნია, რომ მომსახურე პერსონალი ხელთათმანებით მუშაობდეს, უპირატესობას ანიჭებს მაღაზიის ადგილმდებარეობას, პროდუქციის ფართო არჩევანს და სხვა.
ასევე, მომხმარებლები უფრო მეტად განეწყვნენ დიდ შესყიდვებზე, მაღაზიებში მცირე შოპინგის ნაცვლად.
რა აშინებთ მომხმარებლებს Covid-19-თან დაკავშირებით, ყველაზე მეტად?
დაინფიცირების შიში (3-12 აპრილის მონაცემებით) ეკონომიკური სირთულეების შიშს სჭარბობს. 55%-ს დაინფიცირების რისკი აწუხებს, პროდუქტებზე ფასების მატებას 29% შიშობს, სამსახურის დაკარგვის ალბათობა ან მაღაზიის პროდუქტებიდან დაინფიცირება 26%-ს აშინებს, ლარის გაუფასურება 25%-ს აწუხებს, ხელფასის შემცირება – 23%-ს, მაღაზიებში პროდუქტების შესაძლო დეფიციტის კი მხოლოდ 14%-ს ეშინია.
როგორია მომხმარებლების მოლოდინი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით?
3-12 აპრილის მონაცემებით, გამოკითხულთა უმეტესობა (72%) არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს, ხოლო 70%, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, მდგომარეობის გაუარესებას ელოდება.
საინტერესოა, რომ ნეგატიური პროგნოზი ქვეყნის ეკონომიკის გაუარესების შესახებ უფრო მძაფრია, ვიდრე პირადი ფინანსების გაუარესების მოლოდინი.
როგორია მომხმარებელთა განწყობა?
ოპტიმისტურად და პესიმისტურად განწყობილი ჯგუფების თანაფარდობა თითქმის თანაბარია. ყველაზე ოპტიმისტურად 18-24 წლის ასაკობრივი ჯგუფია განწყობილი, რომელსაც კარგი შემოსავალი აქვს. ყველაზე პესიმისტურ განწყობას კი 45-55 ასაკობრივი ჯგუფი ავლენს, რომელსაც ცუდი ფინანსური მდგომარეობა აქვს, რაც შეეხება 25-34 წლის კარგი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებს, ისინი მეტწილად იმედიანად არიან განწყობილნი.
შეგახსენებთ, მოცემული შედეგები შეესაბამება 3-12 აპრილის შუალედს. კვლევის საჯარო ნაწილის ნახვა ამ ბმულიდან შეგიძლიათ. მონაცემები უახლოეს დღეებში განახლდება და შედეგებსაც დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი