უკვე მეორედ, Beyonce-ის საკონცერტო კოსტიუმებზე SITUATIONIST-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ირაკლი რუსაძემ იმუშავა. COWBOY CARTER TOUR-ისთვის შექმნილი სამოსები ამაყად ატარებს იარლიყს “Made in Georgia” და მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მოდის ინდუსტრიაში ქართველ დიზაინერებს დიდი პოტენციალი აქვთ.

ამჯერად, SITUATIONIST-ისა და ბიონსეს გუნდის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის მხარდამჭერია SOLO.
კოსტიუმების შექმნის შემოქმედებით პროცესსა და ინსპირაციაზე SITUATIONIST-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ირაკლი რუსაძე გვესაუბრება.
SITUATIONIST-მა ბიონსეს გუნდთან უკვე მეორედ ითანამშრომლა. მოგვიყევით, რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის კოსტიუმების შექმნა?
ჩვენთვის ეს პროექტი ძალიან ამაღელვებელი იყო. პირველ რიგში, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უდიდესი მოტივაციაა, როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის ვქმნით კოსტიუმებს. განსაკუთრებით კი გვახარებს ის ფაქტი, რომ კოსტიუმს შიგნით აწერია Made in Georgia, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიომ გაიგო.
როგორი იყო კოსტიუმებზე მუშაობის პროცესი?
კოსტიუმებზე მუშაობის პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდა. თავდაპირველად შეიქმნა ესკიზები, შემდეგ შერჩევაში ჩაერთო როგორც ბიონსეს გუნდი, ასევე თავად ბიონსე. შერჩეული ესკიზების შემდეგ დავიწყეთ შესასრულებელი კოსტიუმების დამზადება – შევქმენით არაერთი პროტოტიპი. ამ პროცესს სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, ზომებზე დისტანციურად მუშაობა. ამისთვის მთელ ჩემს გუნდს უდიდეს მადლობას ვუხდი. საბოლოოდ კი, სცენაზე შესრულებული შედეგის ხილვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო.
კოსტიუმების შექმნის პროცესში რა იყო თქვენი ინსპირაცია?
ინსპირაციის ძირითადი წყარო თავად ტურის თემატიკა იყო. ამას დაემატა ბიონსეს გუნდიდან მოწოდებული გაიდლაინები და მუდბორდები. საინტერესოა, რომ ბიონსეს სტილისტი დაესწრო ჩვენს პარიზის მოდის კვირეულის შოუს მარტში, სადაც SITUATIONIST-ის კოლექცია ვაჩვენეთ. იქ მოეწონა რამდენიმე ლუქი და მოგვმართა კოლაბორაციისთვის.

რას ნიშნავს თქვენთვის SOLO-ს მხარდაჭერა?
SOLO-სთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით პარიზის მოდის კვირეულების პერიოდში, სადაც ისინი ჩვენი მხარდამჭერები არიან. ეს კი პროექტების რეალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართული ბრენდი დამოუკიდებლად ცდილობს ქვეყნის გარეთ გატანას. SOLO ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მათ.
რას უნდა ველოდოთ შემდეგ ეტაპზე SITUATIONIST-ისგან?
ამ ეტაპზე ვემზადებით პარიზის კვირეულისთვის, სადაც სექტემბრის ბოლოს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარვადგენთ. სხვა პროექტების გამხელა ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ნამდვილად ბევრი საინტერესო რამ გველის წინ.

SOLO ხელს უწყობს ქართული ხელოვნების გლობალიზაციას
SOLO-სთვის ქართველი არტისტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ხელოვანების პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებას.

სწორედ ამიტომ, SITUATIONIST-ის და ბიონსეს გუნდის კოლაბორაცია ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებული პროექტია – ინიციატივა, რომელმაც ქართული ბრენდის სახელი კიდევ ერთხელ გააჟღერა გლობალურ დონეზე.

ვულოცავთ SITUATIONIST-ის გუნდს ამ დიდ მიღწევას და მომავალშიც გავაგრძელებთ ქართველ არტისტთა მხარდაჭერას“, – აღნიშნავს ლიზა ქისტაური, SOLO და Wealth Management ის ბრენდ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის: SOLO უკვე მესამე წელია, რაც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში SITUATIONIST-ის პარტნიორია. მათთან თანამშრომლობა აძლიერებს ქართული მოდის გლობალურ პოზიციონირებას და ქმნის ახალ კავშირებს საერთაშორისო კულტურულ არენაზე.
[R]















