in

რას ფიქრობს ზეტ თაობა, როცა თანამშრომლები ემოჯებს იყენებენ?

ემოჯების გამოყენება 2010 წლიდან დაიწყო. იგი შემოვიდა Slack-ში, Microsoft Teams-ში და ასე გახდა პოპულარული ენა სამსახურებრივი კომუნიკაციის დროს. მაგრამ თავად ენის მსგავსად, ემოჯებსაც განსხვავებული მნიშვნელობები აქვს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იყენებს მათ. მაგალითად, როცა თანამშრომლებს გაუგზავნით emoji-ს, რომელიც აცემინებს, ეს, შესაძლოა, ყველამ ერთნაირად ვერ გაიგოს. კონკრეტულ ემოჯის ზოგი თარგმნის როგორც ავად ყოფნას, ზოგი კი, პირიქით, კარგად ყოფნის სინონიმად აღიქვამს. ამ განსხვავებებს კი მცირე ასაკობრივი სხვაობაც წარმოშობს…

კვლევისას დადგინდა, რომ ინდუსტრიასა და გენდერს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რომელი ემოჯი არის მისაღები სამსახურში და რომელი, არა. მაგალითად, IT თანამშრომლებმა, შესაძლოა, ემოჯების გამოყენებასთან თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ, ვიდრე ფინანსებში მომუშავე ადამიანებმა. ქალებს კი, მეტად სავარაუდოა, რომ მამრობითი სქესის მენეჯერებთან უფრო ფორმალური კომუნიკაციის შენარჩუნება ურჩევნიათ. 

აქ ადამიანის ასაკს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზეც ანა ფრამროზიც, კომუნიკაციების სკოლის ლექტორიც, საუბრობს: თითოეულ თაობას აქვს თავიანთი ნორმები და გამოხატვის სტილი, ის, რაც შეესაბამება მათ ღირებულებებსა და რწმენების სისტემას. სამსახურში თუ სხვაგან, ასეთი ემოჯების გამოყენებამ, შესაძლოა, გაუგებრობები წარმოშვას.

ეს წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ისე სწავლის შესაძლებლობას, სამსახურში ეფექტური კომუნიკაციისთვის, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, როცა წერითი კომუნიკაცია უფრო ხშირი გახდა და არასწორი კომუნიკაციის უფრო მეტი შანსიც გაჩნდა… 

რატომ იწვევს ემოჯები დაბნეულობას?

Duolingo-სა და Slack-ის კვლევაში მონაწილეთა 74% ადასტურებს, რომ ემოჯების გამოყენებისას გაუგებრობები წარმოიშობა ხოლმე. რესპონდენტთა 45% ატირებულ ემოჯის სიხარულის ცრემლების გადმოსაცემად იყენებს, როცა 35% გაღიზიანების გამოსახატად მიმართავს მას. კოცნის ემოჯი კი კიდევ უფრო დამაბნეველია: ზოგიერთი ზოგად სიყვარულზე საუბრობს, ზოგი პლატონურ სიყვარულზე, ზოგიც კი რომანტიკულზე… ხოლო სამუშაო კონტექსტში მარტივია იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება ამან ცდომილება გამოიწვიოს. 

ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის ამ ნიუანსებს თავისი წონა აქვს. კომუნიკაციების განსხვავებულმა სტილმა და ინტერპრეტაციებმა, შესაძლოა, არასწორ ან ყალბ კომუნიკაციამდეც კი მიგვიყვანოს. ზოგიერთი ემოჯის გამოყენებას კი თითქმის ყველა არიდებს თავს სამსახურში. ასეთია, მაგალითად, ატმისა და ენა გამოყოფილი ემოჯები.

როგორ ავირიდოთ თავიდან არასწორი კომუნიკაცია?

ზეტ თაობის ბევრმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი იღებენ მინიშნებებს თავიანთი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისგან, რათა განსაზღვრონ, რომელი ემოჯი გამოიყენონ, ან საერთოდ გამოიყენონ თუ არა იგი. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ენერგიასთან შესაბამისობაა. თუ ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს მოღიმარი ემოჯის გამოყენებისას ჩემთან, მეც შემიძლია ის ანალოგიურად გამოვიყენო. ჩვენ ამგვარი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა თუ ისინი რამეს არ გამოიყენებენ, არც მე გამოვიყენებ, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე. 

საინტერესოა ისიც, რომ კომუნიკაციისას მსგავსი ნიუანსები პლატფორმების მიხედვით შეზღუდულია. მაგალითად, თუ Microsoft-იდან Slack-ზე გადახვალთ, შესაძლოა, აღარ გქონდეთ იმ ემოჯებთან წვდომა, რომლებსაც ადრე იყენებდით… თუმცა ემოჯის ნაკლებობა არასწორი კომუნიკაციის ნაკლებ შესაძლებლობასაც ნიშნავს. 

კვლევის ზოგიერთი მონაწილე კი ამბობს, რომ მათ ემოჯებით ურთიერთობა ძალიან გაუმარტივა Webex-ისა და Teams-ის პლატფორმებმა. ზოგიც კი თავშეკავებას გვთავაზობს: 

არ გჭირდებათ ღიმილიანი სახის გამოყენება ყოველ ჯერზე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამაზუსტებელი ენა, რათა არ გამოიწვიოთ დაბნეულობა, როცა ემოჯის გაგზავნას გადაწყვეტთ. გამოიყენეთ emoji, როგორც დამხმარე მექანიზმი, თუ არ ესაუბრებით ვინმეს, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

არ დაგავიწყდეთ, რომ, როცა ადამიანები ერთმანეთთან დისტანციურად ურთიერთობენ, მათ გართობა სჭირდებათ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებიან… ემოჯები გამოხატვის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ნამდვილად აქვს ძალა, გააუმჯობესოს სამსახურებრივი ურთიერთობები. მაგრამ, როცა განსხვავებულ თაობებთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. 

ტესტი ჩაბარებულია — Porsche 911 Dakar-ის მსოფლიო პრემიერა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე  გაიმართება

Nike-მა ციფრული ტანსაცმლის პლატფორმა შექმნა