საქართველოში, მარკეტინგის დაუფლების კიდევ ერთი ახალი პროგრამა გამოჩნდა. Certifiet Professional in Marketing – კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის კომპანია ACT-ის ერთობლივი პროექტია.
მარკეტერი კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის დირექტორს, ხატია ჯიქიას ესაუბრა:
როდის და როგორ შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი?
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი დაფუძნდა 2012 წელს კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით, დღეს კი ის უკვე ბიზნესის გარდა კიდევ შვიდ სკოლას აერთიანებს: სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის.
კავკასიის უნივერსიტეტში მოღვაწეობენ გამოცდილი და კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რაც სწავლების მაღალ ხარისხზე, წარმატებულ სტუდენტებზე, მათი დასაქმების უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელსა და საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს.
სწორედ კავკასიის უნივერსიტეტის ამ მიღწევებმა განაპირობა ის, რომ ტრენინგ ცენტრმა კვალიფიციური ტრენერების და გამოცდილი სასწავლო პრაქტიკის მეშვეობით მოკლე პერიოდში შეძლო არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელება.
რა კურსებს სთავაზობს ტრენინგ-ცენტრი მსმენელებს ამჯერად?
ამჟამად, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი აცხადებს მიღებას ორ სასერტიფიკატო პროგრამაზე: სასერტიფიკატო პროგრამა ფინანსებში და სასერტიფიკატო პროგრამა მარკეტინგში.
სასერტიფიკატო პროგრამა მარკეტინგში?
ეს არის კავკასიის უნივერსიტეტისა და მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის კომპანია“ეისითის“ ერთობლივი პროექტი. ამ პროგრამის მიზანია მსმენელებს გაუღრმავოს ცოდნა სტრატეგიული მარკეტინგის, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის, მარკეტინგული კვლევის და ბრენდინგის მიმართულებით.
ამ პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან და შეისწავლიან მარკეტინგული ანალიზის ინსტრუმენტებს, გაყიდვების პროცესის მართვას, პიარ კამპანიის დაგეგმვას, მედიასთან ურთიერთობას, მარკეტინგული კვლევის მეთოდოლოგიას და ბრენდის სტრატეგიულ მართვას. ეს სასერტიფიკატო პროგრამა დაეხმარება მსმენელებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ მარკეტინგული პრობლემების იდენტიფიკაციის, ანალიზისა და დასკვნის გაკეთების მიზნით. ამ პროგრამის გავლა ხელს შეუწყობს მსმენელებს კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში.
პროგრამა მოიცავს სამ მოდულს: სტრატეგიული მარკეტინგი, მარკეტინგული კვლევა და ბრენდინგი.
თითოეული მოდულის გავლის შემდეგ პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეების შეფასებას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, მსმენელები მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB), კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრის (CU Training Center) და მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციისკომპანია ”ეისითის” (ACT) ერთობლივ სერტიფიკატს.
რამდენად საინტერესოა მოკლევადიანი კურსების ბაზარი დღესდღეობით საქართველოში?
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიებთან (როგორც კერძო ისე საჯარო სექტორთან). მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები დღეს საკმაოდ მოთხოვნადია. ნამდვილად დასაფასებელია, რომ კომპანიები ზრუნავენ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.
ბაზარზე ძალიან ბევრი ტრენინგ-ცენტრი არსებობს, რეალურად რას მიიჩნევთ თქვენ კონკურენტულ უპირატესობად? რა არის ის, რაც სხვას არ გააჩნია?
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მთავარი უპირატესობა არის სწავლების მაღალი ხარისხი, დახვეწილი და ადაპტირებული სასწავლო პროგრამები ასევე, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური ტრენერები.