in

რა უნდა ვქნათ, რომ სამსახურმა ბედნიერება მოგვანიჭოს?

ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ის პროდუქტია, რასაც ჩვენ სამყაროს ვაწვდით. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე კარიერული სწორი გზის განსაზღვრას ეხება, ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება “რისი კეთება შემიძლია?”. ამ კითხვას უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე საკუთარი ინტერესებით ან სურვილებით დაწყებას. ამ კითხვის ამოცანაა თქვენი შინაგანი ენერგია მომართოს გარეთ – ადამიანებისკენ, უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებებისკენ, მიღწევებისკენ, რაც თქვენს არყოფნაშიც გააგრძელებს ზრდას. ამიტომ, ფრაზა “შენ ხარ ის, რასაც აკეთებ”, შეგვიძლია შევცვალოთ ასე: “შენ ხარ ის, როგორც ეხმარები”.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როდესაც ჩვენს საქმეში ვხედავთ იმ წვლილს, რასაც სხვა ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვს, ეს მოტივაციასა და სიცოცხლის წყურვილს გვმატებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი განაგრძობს ცხოვრებას ფრაზით “რა სურს ჩემგან კომპანიას?”, რაც თქვენივე კარიერისთვისაა დამაზიანებელი და არც საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება. ბევრი სამსახური და მათ მიერ შექმნილი პროდუქტი მოქმედებს ადამიანზე უარყოფითად, მაშინ, როცა მის გაჯანსაღებას უნდა ემსახურებოდეს. არასასურველი სამსახური უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე უმუშევრობა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ საქმეში ცვლილებები შეიტანონ, ადამიანები ხშირად ხაფანგში მოქცეულად გრძნობენ თავს და ჰგონიათ, რომ ორგანიზაციიდან წასვლა საუკეთესო გამოსავალია.

მიზანი, ხელფასს მიღმა

მიზანი ანაზღაურებას აუცილებლად უნდა ახლავდეს. პრობლემა თავად ჩვენს მცირე მოლოდინებშია. ხშირად, ჩვენ მთლიანად კომპანიას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, იზრუნოს ჩვენს პროდუქტიულობასა და კეთილდღეობაზე. ამ დროს, ყოველმა ჩვენგანმა უნდა აიღოს თავისთავზე ის, რა მოაქვს თავისი სამსახურით საზოგადოებისთვის.

ბევრ ხელმძღვანელს სურს, რომ თანამშრომლებს უფრო აზრიანი საქმე ჰქონდეთ და პირადი ცხოვრებითაც კმაყოფილები იყვნენ. თუმცა, ორგანიზაციები, ძირითადად, პასუხისმგებლობას მოკლევადიან ფინანსურ შედეგებზე იღებენ. უმეტესობა მათგანს არც აქვს მანდატი, გავლენა მოახდინოს თანამშრომლების კეთილდღეობაზე.

ეს ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული – როგორ ვხედავთ საკუთარ სამსახურს, რას ნიშნავს ის ჩვენთვის. ამოცანა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ცდებით. გამოსავლის სახით, თქვენი ძალისხმევის ორიენტირის შეცვლას გირჩევთ – კონცენტრირდით იმ აზრზე, რა სიკეთე და სარგებელი მოაქვს კონკრეტულად თქვენს ნამუშევარს ადამიანებისთვის.

“რას საქმიანობ?” – გამოდით ჩარჩოებიდან ამ კითხვაზე პასუხისას

როდესაც ადამიანებს ეკითხებით, რას საქმიანობენ, რას გპასუხობენ? ხშირად, ძალიან მოკლედ იტყვიან ხოლმე “იურისტი ვარ”, “დიასახლისი”, “უძრავი ქონების აგენტი”… თუმცა, ეს კითხვა უფრო შორს მიდის – რას გულისხმობს შენი საქმე? როგორია შენი სამუშაო დღე? რას უთმობ ყველაზე მეტ დროს?

დაუფიქრდით, როგორ პასუხობთ ამ კითხვებს – კლიენტებზე იწყებთ საუბარს? თუ ბავშვებთან გატარებულ დროსა და მათ პატარ-პატარა წარმატებებზე? გრძნობთ, რა შედეგისკენ მიჰყავხართ თქვენ მიერ ყოველდღიურად დახარჯულ დროს? რომ ეს რაღაც დიდი მიზნის ნაწილია?

გაგიკვირდებათ და, ძალიან მარტივია, გაიგოთ, ადამიანი რამდენად ბედნიერია – უბრალოდ, სთხოვეთ, მოგიყვეთ, რას აკეთებდა გუშინ…

თუკი ახალ სამსახურში აპირებთ გადასვლას, სთხოვეთ მსგავს პოზიციაზე მომუშავე გამოცდილ ადამიანს, გიამბოთ, როგორია მისი ერთი სამუშაო დღე. პასუხი შეიძლება შეუფასებლად ძვირფასი აღმოჩნდეს. თუკი საკუთარ სამსახურში სირთულეებს აწყდებით, ეცადეთ, გონებაში აღიდგინოთ, ბოლო სამუშაო დღე ან კვირა და მოძებნოთ ის ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ყველაზე მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავთ. იფიქრეთ ყოველ საათზე – როგორ იყენებთ?

დააკავშირეთ ძალისხმევა შედეგებთან

ადამიანები საკუთარი კარიერით ხშირად არიან უკმაყოფილოები. უმეტეს შემთხვევაში, ისინი გამოსავალს სხვა სამსახურის პოვნაში ხედავენ. თუმცა, იქნებ, სჯობს რთულ კითხვებზე გასცეთ პასუხი? მაგალითად, ამაზე: ვის შეუძლია, საბოლოო ჯამში, ჩემი ძალისხმევიდან სარგებლის მიღება? დააკვირდით. იფიქრეთ კონკრეტულ ადამიანებზე და არა აბსტრაქტულ ჯგუფებზე.

თუმცა, უკმაყოფილო შეიძლება იყოთ მაშინაც კი, როდესაც სარგებელი ადამიანებისთვის მოგაქვთ. ზოგჯერ, რუტინაში ჩაკარგულ მშომელ ადამიანს უჭირს გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ გაწეული სამუშაო. თუკი შეძლებთ საკუთარი ნამუშევარი დაინახოთ, გაიაზროთ, რომ თქვენს შრომას შედეგი და სიკეთე მოაქვს სხვებისთვის, ეს დაგეხმარებათ.

შედეგებს, ხშირად, მაშინ გრძნობთ, როცა ამ შედეგებით კმაყოფილ ადამიანს ხედავთ. რაც მეტს იგებთ ამ ადამიანზე, მით მკაფიო ხდება თქვენთვის, რა მიმართულებით უნდა დახარჯოთ ძალისხმევა, რათა უფრო მეტი სიკეთე მოუტანოთ საზოგადოებას. ეს თქვენთვისვეა მნიშვნელოვანი, რადგან ერთი მხრივ, გჭირდებათ, იყოთ სასარგებლო, მეორე მხრივ, ეფექტიანობისთვის საჭიროებთ, იცოდეთ, რაში ხარჯავთ დროს მიზნობრივად და რაში – არა. დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასოდეს ვიცით, ამ რესურსის რა კაპიტალს ვფლობთ.

 

წყარო: HBR



საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კონტროლისთვის სპეციალურ აპლიკაციას გამოიყენებენ

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, „ბილაინი“ თბილისის ორი საავადმყოფოს მედპერსონალის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს