11
აგვ
2017

CrafterTogo – ტყავზე კვეთის პირველი საამქრო ბათუმში და ხელნაკეთი აქსესუარები, რომლებიც არ ძველდება

11 აგვ 2017


CrafterTogo ტყავზე კვეთის პირველი საამქროა ბათუმში, სადაც სხვადასხვა აქსესუარი იქმნება. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის ორნამენტებია, რომელსაც ხელოვანი – ტოგო მეგრელაძე, ტყავზე კვეთის ტექნიკის გამოყენებით ხატავს ამა თუ იმ აქსესუარზე, ხოლო, როგორც თვითონ აღნიშნავს, ქიმიურად დაუმუშავებულ, ბუნებრივ ზედაპირზე დატანილი ნახატი არასოდეს ფუჭდება. ტყავზე კვეთის კულტურა სიახლეა საქართველოსთვის და ადგილობრივი სტარტაპერებიც არ არიან მსგავსი საქმიანობით დაკავებულები. ტოგო ცდილობს ამ სფეროს პოპულარიზებას. პროექტის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, დაახლოებით, 2 წლის წინ, „ქრაფთერტოგომ” მოიპოვა გრანტი 5000 ლარის ოდენობით, რითაც ხელოვანმა შეიძინა საჭირო ინსტრუმენტები და დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. დღეისათვის, იყენებს სკანდინავიურ, კელტურ თუ ქართულ ორნამენტებს, შეკვეთის შემთხვევაში, სხვა ფორმებსაც კვეთს, გარდა ამისა, თვითონაც ქმნის ახალ ვიზუალებს. მისი პროდუქციის შეძენა კი როგორც facebook გვერდზე, ასევე, მის სახელოსნოში (ბათუმი, მაზნიაშვილის 6) შეგიძლიათ. რას მოიცავს ტყავზე კვეთის ტექნიკა და როგორ დაეუფლა მას ხელოვანი – ამ და სხვა კითხვებზე მარკეტერს  CrafterTogo-ს შემქნელმა – ტოგო მეგრელაძემ უპასუხა:

M: როგორ დაინტერესდით ტყავზე კვეთის კულტურით და რამ შეგიწყოთ ხელი ამ საქმიანობის დაწყებაში?
დავინტერესდი ძალიან ადრე, ალბათ 10 წლის წინ. პოლონეთში ვნახე პირველად, როგორ კვეთდნენ ტყავზე ნახატებს, არ მქონდა შესაძლებლობა სადმე მესწავლა ეს ხელობა, თუმცა, ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ვცდილობდი მეტი გამეგო ამ სფეროზე, „იუთუბზე” განთავსებული ამ თემატიკის ვიდეოებიდან. მას შემდეგ, რაც დავწერე პროექტი, მოვიპოვე სახელმწიფო დაფინანსება, შევიძინე საჭირო ინსტრუმენტები და ორწელიწადნახევარია, ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. აქამდე, მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა პატარა სახელოსნო, სადაც ის მინანქარზე მუშაობდა, მე კი ხეზე ვკვეთდი ვიზუალებს და შეიძლება ითქვას, ასე ვემზადებოდი ჩემი ამჟამინდელი საქმიანობისთვის. 

M: რას მოიცავს ტყავის დამუშავების თქვენ მიერ გამოყენებული ტექნიკა? რა სახის აქსესუარებს ქმნით და თუ გაქვთ ინფორმაცია, თქვენ გარდა, საქართველოში სხვა ხელოვანი თუ არის დაკავებული ამ მიმართულებით?
ვიყენებ სპეციფიკურ ტყავს, რომელსაც აქ ვერ ვპოულობ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მეზობელ ქვეყნებშიც კი. თურქეთსა და რუსეთში შედარებით არის, თუმცა, უფრო ძვირ ფასად, ვიდრე მე ვიწერ კანადიდან. კვეთისთვის ვარგის ტყავზე, ქიმიკატები საერთოდ არა არის ნახმარი და თითქმის, დაუმუშავებელია. ზედაპირზე ვკვეთ ორნამენტს, შემდეგ ვამუშავებ ქიმიურად, ვჭრი ფორმებად და ვკერავ. აბსოლუტურად ყველაფერს ხელით ვაკეთებ – საფულეებს, სამაჯურებს, ქამრებს, ჩანთებს, ბეჭდებს და ა.შ. თვითონ  მასალა ძალიან ძვირი ჯდება. სიმართლე გითხრათ, ვეძებდი ამ მიმართულებით დაკავებულ ადამიანს, რადგან თანამშრომლობა მინდოდა, თუნდაც, ტყავის ჩამოტანის საკითხში, აჭარის ტელევიზიასაც კი ვთხოვე დამხმარებოდა, თუმცა, ვერავინ ვიპოვნეთ. ტყავზე ბევრი მუშაობს, თუმცა, ამ ტექნიკას საქართველოში არავინ იყენებს.

M: თქვენი ნაწარმის იდენტური პროდუქტი არ არის ქართულ ბაზარზე, თუმცა, არის მსგავსი, ტყავის აქსესუარების სტარტაპები. რა არის თქვენი უპირატესობა?
ჩემი პროდუქტი ძალიან გამძლეა, რაც დრო გადის, კიდევ უფრო ლამაზია. მაქვს სამი წლის წინ, ჩემთვის გაკეთებული აქსესუარი, რომელიც, რომ შეადაროთ ახლებს, უფრო მოგეწონებათ, ეფექტი მიიღო დროთა განმავლობაში და გარდა ამისა, რადგან კვეთა ხელით სრულდება, არასდროს გაფუჭდება ნახატი. ხარისხიანი ლაზერით რომ იყოს გაკეთებული, ის ან ამომწვარია ან ამოკვეთილი და ხმარებაში ფუჭდება. ფორმას თუ არა, ფერებს მაინც დაკარგავს. „ქრაფთერტოგოს” ნაწარმი გამძლეობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

M: აქსესუარებზე დასატან ორნამენტებს როგორ არჩევთ? თვითონ ქმნით თუ უკვე არსებულ ნახატებს იყენებთ?
შეკვეთების შემთხვევაში, უმეტესად უკვე მზა ორნამენტი მოაქვთ, ან იდეას მეუბნებიან. გასაყიდად შექმნილ პროდუქციაზე ჩემი ან ჩემი მეუღლის მიერ შექმნილ ნახატებს ვკვეთ. ხშირად ვიყენებ კელტურ და სკანდინავიურ ორნამენტებს, ასევე, ქართულს. თითოეული ორნამენტი უნიკალურია და მას სხვა აქსესუარზე მუშაობისას არ ვიმეორებ. 

M: რა დრო სჭირდება CrafterTogo-ს აქსესუარის დამზადებას და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი?
აქსესუარის დამზადების დრო ნახატის დეტალებზე და ზომაზეა დამოკიდებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი სამუშაო მასალა ძალიან ძვირი ჯდება. ყველაზე იაფი, კვადრატულ მეტრ თითქმის დაუმუშავებელ ტყავში 735 ლარი გადამიხდია, შესაბამისად, ეს აისახება პროდუქციის ფასზეც. კვადრატული მეტრიდან გამოდის მაქსიმუმ 3 სტანდარტული ზომის საფულე. საფულე ღირს 200-250 ლარი, ჩანთები 400 ლარიდანაა, ქამარი 200-300 ლარამდე. ქამარზე ბევრი ტყავი არ იხარჯება, თუმცა, სჭირდება ბევრი ორნამენტი და ძალიან შრომატევადია მასზე კვეთა. თუ საფულეზე ნახატის დატანას სჭირდება 4-5 დღე, ქამრის ნახატისთვის მინიმუმ, 2 კვირაა საჭირო.

M: თუ გიცდიათ რეალიზების ახალი გზების მოსინჯვა, მაგალითად, სხვადასხვა მაღაზიასთან თანამშრომლობა?
ჩემი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია facebook გვერდის საშუალებით, თუმცა, ისედაც შეუძლიათ მსურველებს მობრძნდნენ სახელოსნოში, ბათუმში, მაზნიაშვილის 6-ში. სხვა მაღაზიებში შეტანის მცდელობა იყო, თუმცა, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, რადგან ისინი დიდ ფასს ამატებენ. იყო დიზაინერების დაინტერესება და შეკერვის შემოთავაზება, თუმცა, პირობები ჩემთვის არ იყო ხელსაყრელი. ამიტომ, ამ ეტაპზე, მირჩევნია, ვიწვალო, სანამ ყველა გაიგებს, რა კეთდება.

M: რა მიმართულებით გეგმავთ CrafterTogo-ს განვითარებას?
პირველ რიგში, ძალიან მინდა, მქონდეს პატარა ქარხანა, სადაც ტყავს დავამუშავება, არ მიწევდეს გამოწერა, ადგილობრივი ნედლეულის ათვისება შემეძლოს და ტყავი თვითონ მივიყვანო კვეთისათვის ვარგის მდგომარეობამდე. გარდა ამისა, სამომავლოდ, ვაპირებ, ერთ ადამიანს ვასწავლო  ხელობა, იმისათვის, რომ კერვასა და შეღებვაში დამეხმაროს. მაქვს სურვილი, მეტად ვიყო ორიენტირებული მხოლოდ ხატვასა და კვეთაზე, რადგან ეს არის ის საქმიანობა, რომელიც მიყვარს და მსიამოვნებს, მინდა, ამ მიმართულებით უფრო დავიხვეწო და განვვითარდე. 

 

განხილვა