13
May
2019

კრეატივი, როგორც პროტესტის ფორმა

13 May 2019

კრეატივი პროტესტის ფორმად აირჩიეს კამპანია „ბოდიშის“ ორგანიზატორებმა და რუსთაველის გამზირზე, შს მინისტრ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც, მათი თქმით, იქ 14 მაისის ჩათვლით დარჩება.

იდეის ავტორი ჭაჭა „ბოდიშის“ დამფუძნებელი და სტუდია Holy Motors-ის კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანია.

„ისტორიული ბოდიში ისტორიულ აღნიშვნას იმსახურებს! ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, 12 მაისი საკმაოდ მრავლისმთქმელი თარიღია – დღე, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა საქართველოს ყველაზე მწვავე პრობლემები და შემდეგ ერთი „ბოდიშით“, თითქოს, ბნელ თაროზე შემოდო ცეკვის ჯადოსნურ მუხტთან ერთად. ამ ბუნდოვანი მოგონების გაცოცხლების, განხილვისა და გადახარშვის ყველაზე ადეკვატურ, ყურადსაღებ და სახალისო გზად არა მასობრივი აქცია ან ჩვეული თავყრილობა კარგად ნაცნობი გამომსვლელებითა და მრავალჯერ მოსმენილი მოწოდებებით, არამედ მოვლენის ერთ-ერთი მთავარი გმირის, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერაქტიული ძეგლის დადგმა დავსახეთ, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით დაუზარლად შეგვახსენებს, როგორი განუზომელი ძალა აქვს „ბოდიშს“ “, – ამბობს გიორგი ავალიანი.

გიორგი ავალიანი თვლის, რომ კრეატივი პრობლემაზე საუბრის ყველაზე ეფექტური საშუალებაა:

„საქართველოში, უკმაყოფილების გამოხატვის გაუგონარი ხერხების მოფიქრება ნამდვილად არ გვეშლება – ცოტნე დადიანის თაფლში ამოვლებიდან შარშანდელ სახალხო ცეკვამდე, აურაცხელ ენერგიას ვხარჯავთ, რომ ჩვენს სათქმელს უნიკალური ფორმები გამოვუძებნოთ. მჯერა, ყველა საზოგადო პრობლემა გაუმართავი კომუნიკაციიდან იღებს დასაბამს და თუ ტვინის შემოქმედებითად ალესვით საინტერესოდ გავაგებინებთ ერთმანეთს ჩვენს სატკივარს, სეირის მაყურებლებს თანამებრძოლებად ვაქცევთ და შესაბამის სალბუნებსაც საერთო ძალებით გაცილებით მარტივად მოვიძიებთ“.

კამპანიის ორგანიზატორ კრეატიული აქტივიზმის პლატფორმა „მაყურებლების“ თანადამფუძნებელი თაკო სულაქველიძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ორი დატვირთვა აქვს:

„ მინდა, ვთქვა, რომ „ბოდიშს“ [კამპანიას] ორი დატვირთვა აქვს: პირველი – ხალხს შევახსენოთ, რომ 2018 წელს, გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებისთვის მიცემული პირობები არ შეასრულა. მაშინ რეალრუად, სისტემის მხრიდან ძალადობას ვაპროტესტებდით. ის დაგვპირდა, რომ თუ მაშინ ვინმეს უფლება დაირღვა, აუცილებლად აღდგებოდა შელახული უფლება. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, კი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ეს პირობები, დღემდე არ შესრულებულა. და მეორე – ამ აქციით გვინდოდა იმის დემონსტრირება, რომ სამწუხაროდ, შს მინისტრის ბოდიშს ფასი არ ჰქონია და ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენ ბოდიშსაც გინდათ, იმდენს მოიხდის. რეალურად, მხოლოდ ახლანდელს კი არა, გვინდა, მომავალ მთავრობასაც ვუთხრათ, რომ შსს ძალადობის ან რეპრესიის მექანიზმი კი არა, პირიქით, ხალხის სამსახურში უნდა იყოს. მათ, ჩვენი გადასახადებით ვუხდით ხელფასს იმისთვის, რომ დაგვიცვან და უზრუნველყოფნ ჩვენი უსაფრთხოება და არა პირიქით, როგორც დღეს ხდება“,  – ამბობს თაკო სულაქველიძე.

მისივე თქმით, კრეატივს აქვს ძალა, ნებისმიერ საკითხებზე, ადამიანების ყურადღება სწორი კუთხით გაამახვილოს  და მათი აზროვნება შეცვალოს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ მოხდა, რის შემდეგაც, ადამიანებმა იმედგაცრუება იგრძნეს და არ აქვთ განცდა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ კი გვგონია და ვამბობთ, რომ თუ ისინი იაქტიურებენ და საკუთარ მოსაზრებას გამოხატვენ, ცვლილება შესაძლებელია. გვინდა, კრეატიულ ადამიანებს, ჩვენნაირ ხალხს მივცეთ მოტივაცია, რომ ჩვენთვის პრობლემატურ საკითხზე, შეგვიძლია კრეატიული გზით, ისეთი რამ გავაკეთოთ, რასაც ეფექტი ნამდვილად ექნება. ეფექტური რომ არის [„ბოდიშის“ კამპანია], ამას თემის გარშემო ატეხილი ხმაური და გაშუქება გვიჩვენებს. კონკრეტულად ჩვენს სეგმენტზე მიმართულ მედია – არხებში დღის „ტოპ“ თემებს გადავასწარით, რეიტინგით. კამპანიის სამიზნე აუდიტორიას  სწორედ ის ადამიანები შეადგენენ, ვინც ჩვენ გარშემო არიან, ჩვენსავით ხედავენ ყველა პრობლემას და აწუხებთ ეს საკითხები. „ონლაინ“ მედია გვიხსნის ეფექტურობაზე ხელმისაწვდომბას, კრეატივს კი რამხელა ძალა აქვს, უკვე ვნახეთ“, – ამბობს თაკო სულაქველიძე.

 

განხილვა