27
Aug
2018

შემოქმედებითი კრიზისი – „ჯერ არასდროს არ შობილა ცნება ასე მცდარი!“ – სანდრო ციცქიშვილის #აზრები

27 Aug 2018

M2
M2


მე ვარ სანდრო ციცქიშვილი, არტ დირექტორი და ყველას ფეხებზე ჰკიდია, თუ როდის დადგება ჩემს ცხოვრებაში შემოქმედებითი კრიზისი, რადგან ინდუსტრია რომელშიც მე ვმუშაობ, მსგავს სისულელეებს არ ითვალისწინებს.

ჰო, მართლა ეგრეა, რეკლამაში მუშაობისას, თითქოს, საფეთქელთან ახლოს, ღილაკზე თითის დაჭერით უნდა შეგეძლოს იდეების გენერირება, უფრო სწორედ ეს ღილაკიც არ არის საჭირო, იმიტომ, რომ იდეები 24/7 ზეა საჭირო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: კი მაგრამ, აბა შემოქმედებითი კრიზისი როდესაც დგება, მაშინ რა ხდება?

რა ხდება და არაფერი, დიდი დიდი შენი სააგენტოს ტუალეტში შეხვიდე, სახეზე წყალი შეისხა, მერე შენ თავს ახედო სარკეში და უთხრა: „ვიცი რომ გამოგივა, ეს ხომ ბევრჯერ გიქნია, შენ ხომ ყველაზე მაგარი ხარ“, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. არ მუშაობს რა… არც ის მუშაობს, ქუჩაში რომ გავდივართ ღამის 3 საათზე, რედ ბულით ხელში და Paranoid android-ით ყურებში, მგონია, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, უფრო რომანტიულად დაძაბულს ხდის ყველაფერს, სინამდვილეში კი არანაირი შედეგი არ გააჩნია. აბა რა ხდება, რა არის ეს შემოქმედებითი კრიზისი, ან რითი უნდა დავამარცხოთ?

სანდრო ციცქიშვილი – JWT Metro, არტ დირექტორი

ჩემი მოკრძალებული აზრით, „შემოქმედებითი კრიზისი“ არის იმ ადამიანების მოგონილი, ვისაც უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ხიბლავთ და ჰგონიათ, რომ რაც უფრო პოეტურად მიუდგებიან პრობლემას, მით უფრო მაგარი იქნება. სინამდვილეში, ალბათ, შემოქმედებითი კრიზისი ბევრად მარტივი რამეა. ხშირად შემოქმედ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ისინიც ადამიანები არიან და რომ „შემოქმედებითი კრიზისის“ მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ გადაიღალნენ, ან შიათ, ან სექსი არ ქონიათ კაი ხანია, ან ცუდ ნევროპათოლოგთან დადიან, ან საერთოდ არ დადიან, მოკლედ საკმაოდ ყოფითი რაღაცები. შესაბამისად, ალბათ, კარგი იქნება თუ პრობლემას ცივი გონებით მივუდგებით, გავარკვევთ თუ რომელი ყოფითი პრობლემა არის მოსაგვარებელი და იმასაც ცივი გონებით გადავჭრით, ყოველგვარი შექსპირული ფიქრებისა თუ მოქმედებების გარეშე.

თუმცაღა, ალბათ აქვე უნდა ხსენდეს, ამ შემთხვევაში სარეკლამო ინდუსტრიის სისასტიკეებიც. ხშირად ის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავისვენოთ, ვჭამოთ, გავმრავლდეთ და დავტკბეთ ცხოვრებით. უაზრო რეჟიმიც იმდენად რომანტიზებულია, რომ სიხარულით ვეჯიბრებით ვინ უფრო გვიან გამოვიდა სამსახურიდან და ვის უფრო წაბილწული აქვს სული ამის გამო. სწორედ ეს არის პარადოქსი, ინდუსტრიის მოწყობა ქმნის თავისივე მტერს – „შემოქმედებით კრიზისს“ და თავისივე შექმნილი კონტენტით გვასწავლის მასთან ბრძოლის უსარგებლო ხერხებს.

ამ აბზაცის წაკითხვის შემდეგ შეიძლება, გაგიჩნდეს შემდეგი პროტესტი: კი მაგრამ, მარტო რეკლამაში მომუშავე დეგენერატებს ხომ არ ემართებათ ეგ? მხატვრებმა რა ქნან, ან მწერლებმა, ან რავიცი კიდე ვინ. იცი რა, არ ვიცი… არ მიფიქრია, ალბათ თავისუფალი შემოქმედების ფარგლებში (ვგულისხმობ მხატვრებს, პოეტებს, მუსიკოსებს) რომანტიკის ადგილი არსებობს და ამ ადამიანებმა სწორედ ამიტომ აირჩიეს ესა თუ ის საქმიანობა. ამ შემთხვევაში, ამდენჯერ ხსენებული რომანტიკა და ბრძოლა ექსპრესიას აძლიერებს, ეს კი ყველას აწყობს.

მოკლედ, თუ ვინმე ამ წამს შემოქმედებით კრიზისში იმყოფება, შეუძლია ჩემი რჩევით ცადოს, თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებოს პრობლემები და არა საკუთარ ტვინში, რადგან მერწმუნეთ, იქ ყველაფერი კარგად არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც მიხვდებოდით რომ შემოქმედებით კრიზისში ხართ.

განხილვა