Kantar-ის ყოველწლიური Creative Effectiveness Awards-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ვიცით ბოლო 12 თვეში რომელმა კამპანიებმა იქონია გავლენა საზოგადოებაზე, რომელიც 16 ბაზარს, 35 მომხმარებელს, 41 ბრენდსა და 28 კატეგორიას მოიცავდა. ეს დაჯილდოება განსაკუთრებული კი იმით არის, რომ შეფასებებს მომხმარებლები აკეთებენ და არა, ექსპერტები.
დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში Kantar ათასობით რეკლამას აკვირდებოდა, ამაზე დაყრდნობით კი ახლა გვეუბნება, რა მუშაობს და რა ტრენდები იკვეთება ინდუსტრიაში. ეს რიგით მეხუთე დაჯილდოებაა, რომელიც 5 კატეგორიისგან შედგებოდა — Courage, Catastrophizing, Candid, Consistent & Comical. ჩვენ კი ახლა ამ კატეგორიებში გამარჯვებულთა ნაწილს გაგიზიარებთ:
Courage
Kantar-ის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 80% ამბობს, რომ იმ ბრენდებისგან შეიძენენ, რომლებიც მათთვის პერსონალურად მნიშვნელოვან მიზეზს უჭერენ მხარს. ამის ერთ-ერთ ძლიერ მაგალითად კი KFC-ის Sticking with Chicken მიაჩნიათ:
კიდევ ერთი გამორჩეული რეკლამა AMV BBDO-ს ეკუთვნის, რომელმაც ამჯერად Bodyform-ისთვის იმუშავა. Periodsomnia იმ რეალობას ასახავს, რომელთან გამკლავებაც ქალებს უწევთ მენსტრუალური ციკლის დროს — ეს ტაბუდადებული თემაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, კონკრეტული ფილმის დამსახურებად კი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება მიაჩნიათ.
Catastrophizing
გამუდმებით სქროლვას მიჩვეული მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ამ წლის გამარჯვებულების უმეტესობა კი ამ მიზნით მეტად დრამატულ ხერხებს იყენებდა. მათ შორისაა ციფრული კატეგორიის გამარჯვებული Facebook რეკლამა Gasp, რომელიც მექსიკური ყავის ლიქიორის ბრენდ Kahlua-სთვის შეიქმნა. ინსპირაცია რომ მექსიკური ტელენოველებია, ამაში თავად დარწმუნდებით:
ამის კიდევ ერთი მაგალითი Peroni-ის Live Every Moment-ის კამპანიაა, აქ ნინოს გვაჩვენებენ, რომელსაც ერთი ჭიქა ლუდისთვის თოვლში უწევს გზის გაკაფვა:
Candid
Kantar-მა აღმოაჩინა, რომ მაყურებლებისთვის მეტად რეზონანსული გულწრფელი კონტენტის მქონე ბრენდები არიან. კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული კი Cadbury Dairy Milk-ის First Date – For Your Date-ის კამპანიაა, რომელიც მამისა და შვილის ურთიერთობას ასახავს:
ხოლო Dettol გასარეცხად დატოვებულ ნივთებს ალაპარაკებს:
Consistent
ახლა კი თქვენთვის საყვარელ სარეკლამო სლოგანებზე დაფიქრდით… ალბათ, მათ შორის უმეტესობა საკმაოდ ძველია და სწორედ ამ ასპექტზე უნდათ ხაზგასმა Consistent-ით. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჰაინეკენი, რომელმაც 150 წლის იუბილეზე გვაჩვენა, რომ მომხმარებლები ლუდის შეკვეთისას უბრალოდ the green one-ს ამბობდნენ… და აქვეა Cadbury-იც, რომელიც უკვე 200 წელს ზეიმობს:
Comical
რეკლამებში იუმორი რომ უნდა წამოვწიოთ წინ, ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტატისტიკაც დადებითია — ბოლო წლებში 12%-ით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. Kantar კი ამ კატეგორიაში AMV BBDO-ს მიერ შექმნილ Tena Men-ის ვიდეოს გვიზიარებს, ხოლო მეორე მაგალითად სამსუნგის რეკლამა მოჰყავს:
და თუ Creative Effectiveness Awards-ის ყველა გამარჯვებული გაინტერესებთ, ამ ბმულს უნდა ეწვიოთ.