3
Sep
2019

რა შევწიროთ იდეებისთვის კრეატიულობის არაპროგნოზირებად ღმერთებს

3 Sep 2019

იდეების მოსაფიქრებლად რა ხერხებისთვის მიგიმართავთ? ჟურნალისტ ანა კოდრეა რადოს თუ დავუჯერებთ, მისი მწერალი და კინორეჟისორი მეგობარი ამბობდა, რომ ამისთვის თავდაყირა ეკიდებოდა ხოლმე. ტვინს სისხლი უფრო სწრაფად მიეწოდებოდა და ფიქრობდა, რომ მისი შემოქმედებითი ბლოკების ჟანგბადით მომარაგება კარგი იდეების მოფიქრებაში დაეხმარებოდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, მცდელობა თავის ტკივილითა და გაღიზიანებით სრულდებოდა ხოლმე.

ალბათ, მას, ვისაც ინტელექტუალური შრომა უწევს, ხშირად უნატრია ისეთი ბერკეტის ქონა, რომლითაც საკუთარ თავს, საჭიროების მიხედვით, კარგ იდეებს გამოსძალავდა და ევრიკა მომენტების სერიებს თავდაყირა არ დაუწყებდა ლოდინს…

შემოქმედებითობაზე წვდომის ქონა შესაძლებელია Reddit-ზე, „იუთუბის“ ვიდეოებში… ზოგიერთი ჭკვიან ტაბლეტებს მიმართავს ამისთვის, ან ონლაინკურსებს, რომელიც კრეატიულობის წარმატების მოდელს გვიზიარებს…

მოკლედ რომ ვთქვათ, რაღაცის შექმნა რთულია, ხანდახან ძალიან ბევრი ამაო მცდელობაა საჭირო, რომელმაც შეიძლება, დეპრესიამდეც კი მიგვიყვანოს და მოგვწყინდეს ის, რასაც ვაკეთებთ. ერთ-ერთი მთავარი აქ იმის გააზრებაა, რომ ესაა ბრძოლა, რომელიც წამებად შეიძლება გადაიქცეს, მოგვიწიოს ნახევრადგამომცხვარი იდეების ჩახშობა და ტვინის ანკესმომარჯვებულებს, რაღაცის დაჭერის მოლოდინი გვქონდეს…

თქვენც ხომ გქონიათ შემთხვევა, დროში რომ ვიწვებით, არადა, დედლაინამდე, რაც შეიძლება მეტი იდეის მოფიქრებაა საჭირო, თავს ვერაფერს ვუხერხებთ და ის სტრესიც გვემატება, რომ ხანდახან, ჩვენი საარსებო წყარო ზედმიწევნით დამოკიდებულია, რამდენად შემოქმედებითები ვიქნებით საქმეში?!

ამბობენ, რომ არსებობს ხრიკები, რომლებიც ჩვენს ტვინს უფრო მეტი ეფექტური და მუშა იდეის გენერირებაში ეხმარება. ჰიპერპროდუქტიულ ეპოქაში, დღეს, ინოვაციური იდეების გარშემო აშენებულ ეკონომიკაში, კრეატიულობა არის ვალუტა და წარმატებას თუ კარგი ეკონომიკური მდგომარეობით განვსაზღვრავთ, მაშინ კრეატიულობა წარმატებისთვის გვჭირდება.

მეცნიერულად, კრეატიულობით მე-19 საუკუნეში დაინტერესდნენ. პირველი ამერიკული უნივერსიტეტი კი, რომელმაც სტუდენტებს კრეატიული განათლების პროგრამები შესთავაზა, 1967 წელს, ბუფალოს სახელმწიფო კოლეჯი იყო.

დღეს, ამბობენ, რომ შემოქმედებითობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. და ვინ გვახსენდებიან ამ უნარზე, თუ არა: ცნობილი მხატვრები, მოაზროვნეები თუ გამომგონებლები – გენიოსები და მათი კონკრეტული გამოცდილებები, ჩვევები, რიტუალები… და თუ რაიმე მეთოდი ლეონარდო და ვინჩის ან სტივ ჯობსისთვის მუშაობდა, ვითომ, ჩვენს შემთხვევაში არ იმუშავებს?

როგორც მეცნიერი, ელის ვივერ ფლეერტი ამბობს, „კონკრეტული შემთხვევების შესწავლა სისულელეა, რეალური მონაცემებია საჭირო, რომელიც ერთზე მეტ პირზე ვრცელდება!“

ელისი, პროფესიით, ნევროლოგია და ის მხატვრების ტვინს სწავლობს. მას თავად ჰქონდა ჰიპერგრაფია, ანუ აკვიატებული მიდრეკილება გრძელი ტრაქტატების წერისადმი (ხშირად – მორალურ და ფილოსოფიურ თემებზე, ერთი და იმავე სიტყვის ან ფრაზის მრავალჯერადი გამოყენებით), რის შედეგადაც, ბესტსელერი წიგნი შექმნა: „შუაღამის დაავადება: მოთხოვნილება, რომ წერო, მწერლის ბლოკი და შემოქმედებითი ტვინი“.

მოკლედ, ამ მეცნიერს თუ დავუჯერებთ, ის, რაც ერთი ადამიანისთვის მუშაობს, სავსებით ბუნებრივია, რომ სხვისთვის არაეფექტური იყოს. მაგალითად, მეთიუ ნაითმა, სტრატეგმა და დამოუკიდებელ მუშაკთა საზოგადოების დამფუძნებელმა, ეს მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც თავად სცადა პომიდვრის ტექნიკა (Pomodoro Technique არის დროის მენეჯმენტის ტექნიკა, რომელიც იყენებს ტაიმერს სამუშაოს 25 წუთიან ინტერვალებში, “Pomodoro-ებში“, გასანაწილებლად), დალაგების კონმარის მეთოდი და დავალებების შესრულების სისტემა, დილის სტრუქტურირებული რუტინები და ცივი შხაპი… ყველაფერი ეს იმ მუდმივი ზეწოლის სამართავად, რომლითაც თავს უფრო კრეატიულად იგრძნობდა. 

თუმცა, ელის ვივერ ფლეერტმა დაასკვნა, რომ შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მუდმივ გარეგან ზეწოლას არასასურველ შედეგებამდე მივყავართ. და არ ეთანხმება გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც, „საჭიროება არის გამოგონების დედა“. არ ეთანხმება იმიტომ, რომ საჭიროებას საფრთხე ამოძრავებს და თუ მას ვერ მიიღებ, რაღაც ცუდი მოხდება. კრეატიულობის შემთხვევაში კი, საქმე სხვაგვარადაა.

ფლეერტის რჩევა ასეთია, მიუხედავად ჩვენი ინტელექტუალური შფოთისა, შეგვიძლია, ვთქვათ, ინსტაგრამზე ვიკითხოთ, როგორც კვებასთან დაკავშირებულ რჩევას ვიკითხავდით, ისე, როგორ გადაწყვეტდნენ ჩვენს ადგილას ამ პრობლემას?!

ელიზაბეტ გილბერტი, წიგნის ავტორი: „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ Ted-ზე გამოსვლაში აღნიშნავს, რომ ანტიკური ბერძნები და რომაელები ფიქრობდნენ, რომ შემოქმედებითობა ღვთიური ერთეულებით იყო გაჯერებული და ის, უბრალოდ, ადამიანების მახასიათებელი არ იყო. ელიზაბეტი კრეატიულობას აღწერს, როგორც პროცესს, რომელიც შესაძლოა, რაციონალურ ქცევას სულაც არ გულისხმობდეს. „ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ წეს-ჩვეულებებს, რომელსაც შევასრულებთ და კრეატიულობის არაპროგნოზირებად ღმერთებს სამსხვერპლოზე შევწირავთ“.

რომ შევაჯამოთ, ძალიან რთულია კრეატიულობასთან დაკავშირებული სასარგებლო რჩევების გაცემა. მაგალითად, ვის აქვს უფლება თქვას, რომ თავდაყირა დგომით კარგი იდეები არ იბადება ტვინში? და კითხვაც გაგვიჩნდება, ალბათ ხომ, რა მოხდება, სხვადასხვა მეთოდი რომ ვცადო?

რა თქმა უნდა, არაფერიც არ მოხდება. უბრალოდ, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ კრეატიულობა პრობლემის სხვა სახელით გადაჭრაა. და როცა ჩვენ შემოქმედებითობას ვუყურებთ, როგორც დანიშნულების ადგილს და არა – მოგზაურობას, დიდი ალბათობაა, რომ ჩვენი მიდგომებით არასწორ რელსებზე ვიდგეთ.

მოკლედ, კრეატიული ადამიანების მიზანი არა კრეატიულობა, პრობლემის ორიგინალურად გადაჭრაა.

წყარო: Medium



განხილვა