23
Sep
2019

კრეატიული აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში – საკო წოწორია

23 Sep 2019

“კრეატივს დღეს ბრენდინგის პრობლემა აქვს” – სადღაც მოსმენილი

მართლაც, ადამიანთა უმრავლესობა კრეატივის ხსენებისას მარტივად დაგისახელებთ მხატვრების, მუსიკოსების, სკულპტორებისა თუ მოცეკვავეების გრძელ სიას, მაგრამ იშვიათად საკუთარ თავს. კრეატივი არის ახალი და საჭირო იდეების მოფიქრების უნარი და ისევე, როგორც ინტელექტი, ის ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება რომ ჰქონდეს. შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ეს უნარი მხოლოდ გენიოსებს – პაბლო პიკასოს, ვოლტ დისნეის ან სტივ ჯობსს გააჩნდათ.

კრეატიული აზროვნება არ არის მხოლოდ ხატვა ან დიზაინის შექმნა. ჩვენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ვიყენებთ, მაგალითად, მაშინ, როდესაც ვფიქრობთ თუ რა კერძი მოვამზადოთ არსებული ინგრედიენტებით, ან ჰელოუინის კოსტიუმი როგორ შევქმნათ მხოლოდ იმ მასალის გამოყენებით, რაც სახლში გვაქვს. ხელნაკეთი დაბადების დღის საჩუქარი? სასაცილო ხუმრობა? ამ პატარა მაგალითებიდან დაწყებული დიდი ხელოვნების ჩათვლით, ყველაფრი სწორედაც რომ კრეატივს საჭიროებს.

არსებობს კრეატივის ორი ძირითადი სახე – 1. რევოლუციური, რომელსაც ზემოთხსენებული გენიოსები გვთავაზობდნენ და 2. ზრდადი, რაც მოიცავს არსებული საკითხების თავიდან გადახედვას, გაუმჯობესებას, მათ გაფართოებას. ეს კრეატივის უფრო მეტად გავრცელებული ფორმაა. თუმცა, კი ბატონო, არც ისე მიმზიდველად ჟღერს, როგორც მსოფლიო ხედვების შეცვლა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია უმეტესი პროექტებისა თუ ბიზნესის გასავითარებლად.

მაგრამ რატომ არის რომ სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს კრეატივზე? ან საერთოდაც, რამ გაანელა ჩვენში კრეატიული აზროვნება?

პასუხი 200 წლის უკან უნდა ვეძიოთ, მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ არსებული საგანმანათლებლო სისტემა პირველად შეიქმნა. დასაწყისში განათლების მიღება მხლოდ ელიტარული საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ინდუსტირალიზაციის შეცვლამ უნივერსალური სკოლების შექმნის მოთხოვნა გააჩინა. ქარხნების მფლობელებს, რა თქმა უნდა, სჭირდებოდათ დამჯერი, მოწესრიგებული და ადვილად სამართავი მომუშავეები, რომლებიც უფროსების მიერ გაცემულ დავალებებს პირნათლად შეასრულებდნენ. სკოლაში ბავშვების სწორ რიგად ჯდომის და ინსტრუქციების მიყოლის მკაცრად სწავლებაც ზუსტად აქედან იღებს სათავეს. ბავშვებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ? სწავლობდნენ საგნებს, რომლებიც მათ დასაქმებას უზრუნველყოფდა. ხატვით და მუსიკით კი ისინი ფულს ვერასდროს იშოვიდნენ. ამიტომ მეტი “პრაქტიკულობა” მართებდათ.

ნაცნობი სიტუაციაა?! თანაც ამდენი წლის შემდეგ?

მიუხედავად 21-ე საუკუნეში კაცობრიობის მიერ მიღწეული ტექნოლოგიური თუ ინტელექტუალური ასეთი განვითარებისა, განათლების ეს მოდელი დღემდე არ შეცვლილა. დროდადრო, რა თქმა უნდა, რეფორმები ჩატარდა, მაგრამ ამ სისტემის ფუძე იგივე დარჩა. თუ დავუკვირდებით, მსოფლიოს ყველა განათლების სისტემას პრიორიტეტული საგნების ერთი და იმავე იერარქია აქვს: სათავეში არის მათემატიკა და უცხო ენები, შემდეგ მოდის ჰუმანიტარული საგნები და ბოლოს ხელოვნება.

“ყველა ბავშვი იბადება არტისტად, მაგრამ პრობლემა ზრდასთან ერთად ამ არიტსტის შენარჩუნებაა” – პაბლო პიკასო

ბავშვები ადრეულ ასაკში აზროვნებენ შეუზღუდავად. მათ კრეატიულ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რადგან არ იციან საზოგადოებაში გაბატონებული დოგმების შესახებ და არც შეცდომების ეშინიათ. 6 წლის ანა ღმერთს ხატავს, მერე რა რომ არავის უნახავს? სესილიმ იასამნისფერი ცხენი დახატა.. რამდენ ბავშვს ჰყავს გამოგონილი მეგობარი? უხილავი ღუმელი, რომელშიც ნამცვარს აცხობს?.. ბავშვებს არ ეშინიათ შეცდომების და აქვთ საკუთარი სურვილების, ფიქრების თუ წარმოსახვის გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება, შესაბამისად ორიგინალურ და განსხვავებულ იდეებს დაუბრკოლებლად აზიარებენ. სკოლასა და უნივერსიტეტში კი თითოეული ჩვენი შეცდომა მოკლებულ ქულას ნიშნავს, განსხვავებული ხედვა – არასწორ მიდგომას, მოუსვენრობა – ცუდად აღზრდას. გამოცდაზე დასმულ ყველა კითხვას მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს. ჩვენს განათლების სისტემაში ყოველმა შეცდომამ შეიძლება განსაზღვროს მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობების კოეფიციენტი ან უფრო გრძელვადიან ჭრილში – კარიერული მომავალი. შედეგად ვიღებთ სტანდარტულ მოსწავლეს, სტანდარტული განათლებითა და სტანდარტული ხედვებით. სიტყვები სტანდარტული და კრეატიული კი ერთმანეთის ანტონიმებია.

როგორია ჩვენი რიგითი ქარხნის მოხელის ცხოვრება დღეს? ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა მათი დიდი ნაწილი ჩაანაცვლა. მაკენზის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, უმრავლესობა პროფესიებში, ადამიანთა მოვალეობების დაახლოებით 60%-ის ავტომატიზირება თავისუფლად შეიძლება. საკმაოდ ბევრი პოზიცია ამის გამო უკვე გაქრა და სამომავლოდ კიდევ გაგრელდება ეს ციკლი. აი სწორედ ამ დროს გვჭირდება ჩვენი “გასხვისებული” კრეატივის დაბრუნება, რადგან ხელოვნური ინტელექტი კრეატიულ უნარებს ვერ ითავსებს. (ჯერ-ჯერობით)

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმა, კი “მომავლის დასაქმების” წლიური შეჯამების წარდგენისას დაასახელა 3 ძირითადი უნარი, რომელიც 2020 წელს დამსაქმებელთათვის  ყველაზე პრიორიტეტული იქნება. კრეატივი მესამე ადგილზე მოხვდა, პრობლემების მოგვარების უნარისა და კრიტიკული აზროვნების შემდეგ.

განათლების სისტემაში მოღვაწე და კრეატივის მკლევარი, ცნობილი ბრიტანელი განმანათლებელი სერ კერ რობინდონი თვლის, რომ კრეატივს განათლების პროცესში ისეთივე მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, როგორც ლიტერასტურას: “იმისათვის რომ ადამიანების შესაძლებლობები მაქსიმალურად აყავდეს და გაიფურჩქნოს, ჩვენ მათ ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და შევუქმნათ საჭირო გარემო. დღევანდელი სისტემა არის ძველი გაბზარული მოდელის რეფორმა. ჩვენ განათლების სტეტემაში რეფორმა კი არა, რევოლუცია გვჭირდება, რაც ამ სისტემის მთლიანად ტრანსფორმაციას გულისხმობს”.

იმისათვის, რომ დავიბრუნოთ “წართმეული” კრეატივი – პირველ რიგში, საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული, ინდივიდუალური შესაძლებლობების სპექტრი აქვს და ყველას თავისებურად, განსაკუთრებულად შეუძლია იყოს კრეატიული განსვავებული ინტერესებიდან გამომდინარე. აჯობებს ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შევუწყოთ ხელი და არ შევზღუდოთ წარმოსახვის თავისუფლებაში, არ ჩავსვათ “ქულების და ქცევის” სტანდარტულ ჩარჩოებში. ჩვენ კი, დავძლიოთ შეცდომების დაშვების შიში. არსებული დოგმები დავაყენოთ კითხვის ქვეშ. ნუთუ მართლა ერთი სწორი პასუხი აქვს ყველა კითხვას? ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვაინტერესებს, გვიხარია და კრეატივიც არ დააყოვნებს.

და ბოლოს, ნეტავ არის რომ “საღი აზრი” მართლაც საღი?!

საკო წოწორია – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა