მორჩა, გადავიწვი. თუმცა, ჩემი მენტალური მდგომარეობის მიუხედავად, იმასაც კი რომ ვერ ვწყვეტ, რა ვჭამო, ადამიანები ჩემგან კრეატიულ იდეებს, ამოცანების ინოვაციური გადაჭრის გზებს ელოდებიან. რა ხდება ასეთ დროს? რა უნდა შევცვალო?
დროის მენეჯმენტის ქოუჩი, ელიზაბეთ გრეის სონდერსი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, როგორ შეიძლება სტრესი შესაძლებლობად ვაქციოთ:
პირველ რიგში, მთავარია ამის გააზრება, აღიარება და შემდეგ, ჩვენი გონებისთვის, ცოტა მეტი თავისუფლების მინიჭება. თვითიძულებით, შესაძლოა, „ბრძოლის ან გაქცევის რეაქციით“, „საფრთხის მოლოდინში“, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობა-მოვალეობებს ვერ გავუმკლავდეთ და კუთხეში მიკუჭვით, გავექცეთ მას. ამისგან თავის ასარიდებლად კი, საჭიროა დამოკიდებულების შეცვლა: „აუცილებლად უნდა ვიყო კრეატიული“, „ეს ახლა უნდა გაკეთდეს“ და ა.შ. რადიკალიზმი, ჯობს, დროებით, ასე შეიცვალოს: „ვაპირებ, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვცადო“, „რაღაც იდეები მიტრიალებს თავში და ვნახოთ, რა იქნება“…
გამოჯანსაღებულ ტვინს თავისით მოსდევს ფიქრის დიფუზიური მეთოდი, რომელიც ფოკუსირებულისგან განსხვავებით, ტვინის თავისუფალ, შემოქმედებით, ძალდაუტანებელ მდგომარეობას შეესაბამება. როცა ჩაბღაუჭებულები და კონცენტრირებულები არ ვართ ერთ კონკრეტულ საკითხზე და თავს საკუთარი თავიდან გამოსვლის უფლებას ვაძლევთ. ჩარჩოებისგან, რუტინისგან თავის დაღწევას. აქტივობები, როგორებიცაა: სეირნობა, თვლემა, ზოგადად, განტვირთვა – ბუნებრივად გვაგდებს დიფუზიურ ფიქრებში… და ეს ახალი იდეების შესაგროვებლად, სწორ ბილიკზე გვაყენებს.
აღმოვაჩინე, რომ ყველაზე შემოქმედებითად თავს ვგრძნობ მაშინ, როცა იმ ადგილას ვარ, ბედნიერებას რომ მგვრის. უფრო თბილ თვეებში, სადმე გარეთ, ტბასთან. როცა ცივა, ჩაის სახლში, ბუხართან. ლამაზი და მშვიდი გარემო ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე პოზიტიურად ზემოქმედებს და ასეთ დროს, ვფიქრობ, რომ საუკეთესო იდეების გენერატორი ვარ. ეს ჩემი სუბიექტური, მშვენიერი რეალობაა, თუმცა სხვა ადამიანები თავს განსხვავებულ ადგილას გრძნობენ ბედნიერად. მაგალითად, ჩემმა მსმენელებმა მათთვის შესაფერისი კრეატიული სივრცეები ისტორიულ ბიბლიოთეკებში, ხელოვნების მუზეუმებსა თუ ტანსაცმლის მაღაზიებში იპოვნეს. მთავარია, მივხვდეთ, როგორი გარემო გვჭირდება იმისთვის, რომ სტრესთან გამკლავების პარალელურად, ახალი იდეების დაბადებას მივცეთ ხელი.
ხანდახან გამოსავალი არა კონკრეტულ ადგილებში, არამედ ადამიანებში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, შეგვიძლია, ვნახოთ სხვების გამოცდილება, ისინი როგორ გაუმკლავდნენ კრიზისს და როგორ გარდაქმნეს სტრესი შემოქმედებით წვად. ხშირად, იმის გაცნობა, რაც სხვა ადამიანებმა გააკეთეს, შეიძლება ჩვენი პირადი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს.
გამოსავალია, ასევე, კოლაბორაცია. ამტკიცებენ, რომ შემოქმედებითი აზროვნებისთვის ორი და სამი ტვინის ერთად მუშაობა ყველაზე ეფექტურია. ვიბრეინშტორმინგოთ კოლეგებთან, ვესაუბროთ მეგობარს ან უბრალოდ, ავიყვანოთ კონსულტანტი და დავიხმაროთ. საუბარი მნიშვნელოვანია. მით უფრო, ამ პროცესთან შემოქმედებითად მიდგომა ახალი იდეების განვითარების სტიმულად შეიძლება, იქცეს.
რომ შევაჯამოთ, სტრესი აუცილებელია არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. როცა ვიგრძნობთ, რომ დავცარიელდით, გამოვიფიტეთ და ვფიქრობთ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია, სწორედ ამ დროს, ნუ დავიძინებთ ღრმა ძილით. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემიდან საკუთარი თავის ამოყვანა. ვიფიქროთ, სად გვინდა, მოვნიშნოთ ჩვენი მენტალური რუკები შემოქმედებითი აზროვნების გამოსაღვიძებლად და ჩვენი გონება, საპასუხოდ, აუცილებლად, აქამდე უცნობს შემოგვთავაზებს.
წყარო: HBR