in

Cricut – მოწყობილობა, რომელიც ხელნაკეთი ნივთების შექმნაში დაგეხმარებათ

მის ასამუშავებლად არსებული შაბლონების გამოყენება ან ორიგინალური დიზაინის პროგრამაში ატვირთვაა საჭირო

Cricut მანქანები ყველასათვის საყვარელ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც სრულებით ჩვენს მოთხოვნებზეა მორგებული – მისი დახმარებით შეგიძლიათ, სასურველი დიზაინი რეალობად აქციოთ და ხელნაკეთი ნივთები შექმნათ.  თანაც ის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერით, თითოეულ მოქმედებას თავად ასრულებს. თუმცა, მოწყობილობის უკანასკნელი განახლება გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული… მომხმარებლებს განსაზღვრული ექნებათ განხორციელებული პროექტების რაოდენობა.

უფრო დეტალურად, რომ აგიხსნათ, Cricut-ის ასამუშავებლად არსებული შაბლონების გამოყენება ან ორიგინალური დიზაინის პროგრამა Design Space-ში ატვირთვაა საჭირო. ამ დრომდე ეს უფასო და შეუზღუდავი იყო ყველა მომხმარებლისთვის, მაგრამ ახლა უფასო პროექტების რაოდენობა ოცამდე შემცირდა. უფრო მეტის მისაღებად, მოწყობილობის მფლობელს ორ გეგმას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება – სტანდარტული, წელიწადში $95.88, ან პრემიუმი, წელიწადში $118.88.

მართალია, Design Space-ში აქამდე ატვირთული ყველა დიზაინი ძალაში რჩება, თუმცა როგორც კომპანია ამბობს, საჭიროა, გვესმოდეს, რომ ახლა განახლებული Cricut რაღაც მიზნითა და მნიშვნელობით უნდა იქნას გამოყენებული.

აღნიშნული პროგრამის გარეშე მოწყობილობა ფუნქციას კარგავს, რადგან სწორედ ის მიუთითებს მანქანას, რა როგორ უნდა იქნას “ამოჭრილი” ქაღალდიდან, ქსოვილიდან, ვინილიდან, ხიდან თუ სხვა ნებისმიერი სახის მასალიდან. ამასთან ერთად, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს ექსკლუზიურ შრიფტებს, სურათებსა და შაბლონებს, რაც ნამუშევარს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ბევრი მომხმარებლის უკმაყოფილებაც გამოიწვია. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობთ, როდესაც თქვენს ხელთ არსებულ ნივთს კვლავ სხვები უწესებენ შეზღუდვებს? როგორც ამბობენ, დაწესებული ლიმიტის მიღწევა ბევრად სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომაც, მათ, ვინც Cricut-ს ბიზნესისთვის იყენებს, პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად, შესაბამისი გეგმის შეძენა მოუწევთ.

უკმაყოფილო მომხმარებლებმა პეტიციაც შექმნეს. ამის პარალელურად კი კომპანია ირწმუნება, რომ ყოველი განახლება მხოლოდ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

პოპულარული ლოგოების ვინტაჟური ვერსიები – Rafael Serra-ს ნამუშევრები

გიგია აფციაური: „21-ე საუკუნის განძის მაძიებლები ვართ“