საქართველოში, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება. „კრიპტომატი“ (Cryptomat) კრიპტოვალუტის ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 5 თვის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებს უკვე სიახლეებს სთავაზობს. როგორც მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი იოსებ ბოლქვაძე ამბობს, აპარატებისა და სერვისების დამატების გადაწყვეტილება მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს:

„დღემდე კრიპტომატები „გალერია თბილისში“, „თბილისი მოლსა“ და კაზინო „აჭარაში“ გვქონდა განთავსებული. ახლა კი, უკვე, მათით სარგებლობა თბილისში კიდევ ორ ლოკაციაზე – „ისთ ფოინთსა“ და ვაკის კარფურში („ჰოუმმარტი“), ბათუმში – სასტუმრო „კოლიზეუმში“, ხოლო ქუთაისში – სასტუმრო „ბაგრატში“ არის შესაძლებელი. უახლოეს დღეებში კიდევ ერთი კრიპტომატი თელავში განთავსდება“.
M: როგორც ცნობილია, მალე მომხმარებლებს ახალ სერვისებსაც შესთავაზებთ . . .
დიახ, ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები: თუ კრიპტომატით, აქამდე, მხოლოდ ბიტკოინის (BTC) და ლაითკოინის (LTC) შეძენა და განაღდება შეიძლებოდა, ახლა ოპერაციების შესრულება ბიტკოინ ქეშითაც (BCH) არის შესაძლებელი. უახლოეს დღეებში, კრიპტომატს ეთერიუმი (ETH) დაემატება. მოგვიანებით, მომხმარებლებისთვის კიდევ ახალი „ქოინები“ გახდება ხელმისაწვდომი.

M: კომპანია 5 თვეა ქართულ ბაზარზეა. როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს?
ეს 5 თვიანი პერიოდი ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა. ბაზარზე არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიის ბრუნვები ძალიან სწრაფად გაიზარდა, რის შედეგადაც ახალი კრიპტომატების დამატების მივიღეთ გადაწყვეტილება. გაიზარდა კომპანიის გუნდიც, უფრო მეტად დავხვეწეთ პროგრამული უზრუნველყოფა და ცხელი ხაზის მომსახურება.
M: თქვენი გამოცდილებით და დაკვირვებით, კრიპტოვალუტა რამდენად საინტერესოა ქართველი მომხმარებლისთვის? არის მოთხოვნა ამ პროდუქტზე?
საქართველოში ბევრი ადამიანია ჩართული როგორც კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში, ასევე მისი გამომუშავების პროცესში, იგივე „მაინინგში“. აღსანიშნავია, რომ ქართველების გარდა ჩვენი მომსახურებით უცხოელებიც/ტურისტებიც ინტერესდებიან.

M: საქართველოში ეს ბიზნესი რამდენად მოგებიანი და კონკურენტულია?
ბლოკჩეინ ინდუსტრია მაინც სიახლეს წარმოადგენს საქართველოსთვის, ამიტომ, ბაზარი ჯერ გაჯერებული არ არის კონკურენტებით. თუმცა, მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი, ნამდვილად, მოგებიანია.
M: მსოფლიო და ქართული ბაზრები რომ შევადაროთ, რა სურათი გვექნება?
ზოგადად, ქართული ბაზრის მასშტაბი პატარაა, თუმცა, კრიპტოვალუტების ათვისება აქ საკმაოდ მაღალია, რადგან ელ. ენერგიის შედარებით დაბალი ფასის გამო ბევრი ადამიანი დაკავდა „მაინინგით“. ცნობილია, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავების კუთხით, საქართველო მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედის. მსოფლიოს მასშტაბით, ბევრმა ქვეყანამ ადრეული ეტაპიდანვე მიაქცია ყურადღება ამ ინდუსტრიას და საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი მოაწესრიგა (მაგალითად, შვეიცარია) რამაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყო ხელი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში, ამ კუთხით, ჯერ უძრაობაა. ამ ეტაპზე, ჩვენთან კრიპტოვალუტა არც გადახდის საშუალებად და არც ფინანსურ ინსტრუმენტად არ არის აღიარებული და მას არანაირი ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.
M: რაც შეეხება თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებს . . .
მომავალში, კრიპტომატების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აგრეთვე, ვგეგმავთ ახალი სერვისების დამატებას და აქტიურად ვმუშაობთ კრიპტოვალუტების საგადახდო სისტემისა და კრიპტოვალუტების ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტზე.
[R]











