in

ტრანსფერი, როგორც მარკეტინგული გეგმის ნაწილი – რონალდუ მანჩესტერში დაბრუნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი მოვლენა ლიონელ მესის საფრანგეთის ლიგა 1-ში გადაბარგება იყო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიის „ბარსელონა“ დატოვა და ბევრისთვის წარმოუდგენლად შერაცხული სცენარი სისრულეში მოიყვანა –  ლიონელი პსჟ-ის ფეხბურთელია, როგორც თავად ამბობს, ამბიციურ კლუბსა და პროექტში მოხვდა, პარიზში ბედნიერია და წინ დიდი გამარჯვებები ელოდება.

ამ ამბების ჩრდილქვეშ მოსაქცევად სულ რაღაც რამდენიმე დღე გახდა საჭირო, ეს საღამოა, უკვე მთელი მსოფლიო მანჩესტერ იუნაიტედისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს, დიახ, პორტუგალიელი „შინ“ ბრუნდება, ის კვლავ ოლტ ტრაფორდზე ითამაშებს. მადრიდის „რეალიდან“ ტურინში გადაბარგებული კრიშტიანუ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის და ამბობს რომ „წითელ ეშმაკებთან“ ერთად ტიტულების მოგებას აპირებს.

უკვე ტრენდად ქცეული სიახლე, რომელიც ყველა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება, ასევე მალევე შეიძლება დაჩრდილოს ფრანგი სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს მადრიდში გადაბარგებამ. როგორც პრესა იუწყება, კილიანი პარიზში გუნდელებს უკვე დაემშვიდობა, მისი წასვლის სურვილი კლუბის ხელმძღვანელობამაც საჯაროდ აღიარა, შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

შეგვიძლია, თუ არა აღნიშნული დონის ტრანსფერები წმინდა საფეხბურთო ასპექტისა და შინაარსის გარდა, განვიხილოთ, როგორც მარკეტინგული კამპანიებისა და გაწერილი გეგმების ნაწილად? რა თქმა უნდა, შეგვიძლია. თუ პარიზული კლუბი მესის გადაბარგების შემდეგ, თითქმის მისი წლიური ანაზღაურების ნახევარ თანხას, 2 დღეში ფეხბურთელის გვარით გაფორმებული მაისურების რეალიზაციით აგროვებს, თუ ყველა ის ახალი სასპონსორო ხელშეკრულება და გარიგება, რომელიც აღნიშნული აქტივობების შემდეგ კლუბებსა და პოტენციურ მომავალ პარტნიორებს შორის გაფორმდება, კლუბებს დიდ კაპიტალსა და მოგებას მოუტანს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა აღნიშნული გადაადგილების უკან ფარული მარკეტინგული გათვლები და იდეები დგას, რომელიც სპორტის ნომერ პირველი სახეობის განვითარებისა და ზრდის ფონზე, კოვიდ სიტუაციამაც დიდად ვერ შეცვალა და ეს ინდუსტრია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

„პორშე ცენტრი თბილისის“ ყველა თანამშრომელი აცრილია

მაგიური Superheroes, ანუ სუპერგმირებმა ადამიანებს თვითრწმენა დაუბრუნეს – ყველაფერი „საქართველოს ბანკისა“ და JWT Metro-ს კამპანიის შესახებ