in

მონაცემთა ანალიზი და საქმეების გამარტივება AI-ს მეშვეობით – „კროკო სქუადის” ახალი სისტემა

უკვე წელიწადზე მეტია, ყველგან გაიგონებთ საუბარს ხელოვნურ ინტელექტზე (AI). AI-ზე საუბრისას, როგორც წესი, გენერაციული მოდელები გვახსენდება, რომელთაც შეუძლიათ, ტექსტური ბრძანების საფუძველზე დააგენერირონ ტექსტი, ფოტო, ვიდეო, დაწერონ პროგრამული კოდი, გააანალიზონ მონაცემები და ა.შ. AI საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ კონტენტი, ავიმაღლოთ ცოდნა, ვთარგმნოთ ენიდან ენაზე, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ChatGPT-მდე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ AI-სთან ერთად თანაცხოვრება. Youtube-ისა და Netflix-ის სარეკომენდაციო სისტემები ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომლებიც ჭკვიანი ალგორითმების საშუალებით სწავლობენ შენს ქცევას და პერსონალიზებულ კონტენტს გთავაზობენ. ჩვენს სმარტფონებში ჩაშენებული სახის ამომცნობი სისტემა, რომელსაც დღის განმავლობაში მრავალჯერადად ვიყენებთ, ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი წარმომადგენელია. აღარაფერს ვამბობთ ხმოვან ასისტენტებზე, რომელთა გარეშეც დღეს ყოველდღიურობა ბევრს ვეღარც წარმოუდგენია.

ინოვაციების სადარაჯოზე მყოფმა „კროკო სქუადმა” რამდენიმე თვის წინ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის კუთხით სიახლეების დანერგვა. ერთ-ერთი ასეთია მულტიმოდალური AI სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წამოიღოს მისთვის საინტერესო მონაცემები პირდაპირ მონაცემთა ბაზებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მანიპულაციებიც განახორციელოს.

პლატფორმა მიზნად ისახავს, ყოველდღიური, რუტინული ამოცანების სიმძიმე თავად იტვირთოს და კროკო სქუადის გუნდის წევრებს მეტი დრო გამოუთავისუფლოს უფრო შემოქმედებითი და საინტერესო ამოცანების გადასაჭრელად.

იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ ამ სისტემასა და მის მუშაობაში, მონაცემთა მეცნიერსა და სქუადის AI ელჩს, ქეთი ფოტოვას ვესაუბრეთ.

M: ქეთი, პირველ რიგში, თავად AI სისტემის შესახებ ვისაუბროთ: როგორ მუშაობს და რაში გამოიყენება?

პლატფორმა წარმოადგენს ღია ტიპის AI სისტემას, რომელიც გარე სამყაროსთან AI მოდელების საშუალებით ურთიერთობს, იღებს დავალებას, სისტემის შიგნით გუნდის წევრებთან ერთად გადაჭრის მოთხოვნილ ამოცანას და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას აწვდის. სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გუნდური მუშაობის პრინციპი მანქანების მაგალითზე გადავიტანოთ. სპეციალიზებული მიდგომა ამოცანისადმი და მცირე მამრავლებად დაშლა, შეცდომების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და მნიშვნელოვნად ზრდის შესრულებას.

ადამიანების მაგალითს რომ შევადაროთ: გუნდში ერთი მარკეტერია, მეორე HR-ია, მესამე ფინანსისტი, რომლებიც, მთლიანობაში, ქმნიან ერთიან, შეთანხმებულად მომუშავე სისტემას. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ერთ ადამიანზე რომ იყოს დამოკიდებული, მისთვის ძალიან რთული იქნებოდა ყველაფერთან გამკლავება.

ზუსტად ასე მუშაობს ჩვენი სისტემაც – ჩათვალეთ, რომ სპეციალისტებით დაკომპლექტებული AI გუნდი გყავთ, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება.

M: კონკრეტულად სქუადს რაში ეხმარება ეს სისტემა?

ეს არის ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის სწრაფად წამოღებასა და ანალიზში. როცა მომხმარებელი გზავნის მოთხოვნას, სისტემა დავალების ანალიზს აკეთებს და წყვეტს, სპეციალისტების რომელ ჯგუფს გადასცეს შესასრულებლად. გარდა ამისა, აყალიბებს დეტალურ ინსტრუქციას გუნდისთვის, სადაც ამოცანის პირობები მკაფიოდაა გაწერილი. მაგალითად, თუ მხოლოდ მონაცემების წამოღება გვსურს, ერთი მოდელი ეუბნება მეორე მოდელს, რომ დაწეროს ე.წ. „ქვერი”, რომელიც მიაკითხავს მონაცემთა ბაზას და შესაბამის მონაცემებს წამოიღებს. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ დამატებით აგრეგაციები ან ვიზუალიზაციები სჭირდება, მონაცემთა მეცნიერებისა და ანალიტიკოსების AI გუნდი ერთვება პროცესში, წერს შესაბამის სკრიპტს და გზავნის Executor-ში ოპერაციის შესასრულებლად.

M: როგორ გაჩნდა სქუადში ამ სისტემის იდეა?

ოპტიმალური და დროული გადაწყვეტილებების მიღება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი საქმის წარმატებისთვის. სწორი გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე კი პირდაპირპროპორციულია იმის, თუ რამდენად მიგიწვდება ხელი საჭირო მონაცემებზე. AI მოდელების აღზევების პარალელურად, გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა კაცობრიობის ეს უნიკალური მონაპოვარი და ჩვენი საჭიროებები გადაგვეჭრა. სისტემა თითქმის სრულიად თვითმყოფადია – შეუძლია ხარვეზები თავადვე დააიდენტიფიციროს და აღმოფხვრას კიდეც.

ჩვემი მიზანია კროკო სქუადის გუნდში ცნობიერების უფრო ამაღლება და ახალი ხელსაწყოების შექმნა. ამ მიმართულებით ხშირად გვაქვს აქტივობები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ AI არტკონკურსი Midjourney-ში, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.

მსგავსი აქტივობებით, ვცდილობთ, გუნდს AI-სთან დაკავშირებული შიშები გავუქროთ. მეორე მხრივ კი, სფეროსთვის ვაკეთოთ სასიკეთო საქმეები. შესაბამისად, ჩვენი სამომავლო გეგმაა, გუნდის ყველა წევრი თავს ისე გრძნობდეს AI ხელსაწყოებთან, როგორც თევზი წყალში, შევქმნათ უფრო ჭკვიანი სისტემები, რომლებიც სუპერძალებით აღჭურავს ყველა თანამშრომელს. ეს ანალიტიკური ხელსაწყო არ არის ერთადერთი, სადაც მულტიმოდალურ მიდგომებს ვიყენებთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ თუ გვსურს ამ ტექნოლოგიის სასიკეთოდ გამოყენება, მნიშვნელოვანია, შევქმნათ მოდელი, რომელიც ჩვენს ბიზნესსაჭიროებებს ზუსტად მოერგება.

M: AI-სთან დაკავშირებული შიშები ახსენეთ – როგორც მონაცემთა ანალიტიკოსი, რას გვეტყვით იმ შიშებზე, რაც საზოგადოებაში ამ თემაზე არსებობს?

ნებისმიერი სიახლისადმი ადამიანს შიშის შეგრძნება უჩნდება, ჩნდება კითხვები, მოდის არასტაბილურობის განცდა და ეს ბუნებრივია. მთავარი ისაა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ და გავიხსენოთ, რომ თავის დროზე კალკულატორის გამოყენებასაც ჰყავდა სკეპტიკოსები. ნებისმიერ ეპოქას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ რევოლუციურმა გამოგონებებმა ადამიანების საქმიანობა ააჩქარა, დახვეწა და მათი გონებრივი შესაძლებლობები უფრო მაღალინტელექტუალური ამოცანებისკენ მიმართა.

ზუსტად ასე, ხელოვნური ინტელექტი აღარ ითვლება მომავლის ტექნოლოგიად და სამეცნიერო ფანტასტიკად, ესაა ჩვენი დღევანდელი მოცემულობა, რომელთანაც უნდა ვადაპტირდეთ და რაც უფრო მალე გადავეწყობით, მით უკეთესი. ერთი სიტყვით, მომავალი უკვე აქ არის.

[R]

„ნუ გეშინია, დააზღვიე“ — ალდაგის სახალისო რეკლამა

როგორ იქმნება გრძელვადიანი მეხსიერება?