Duolingo-ს ბუსა და McDonald’s-ის Grimace-ის წარმატების შემდეგ, ბრენდების თილისმები მარკეტინგულ სივრცეში კვლავ აქტუალურია. ამ ტრენდს ფეხსაცმლის ცნობილი მწარმოებელი, Crocs-იც შეუერთდა და საზოგადოებას ახალი, თითქმის ორმეტრიანი ნიანგი, სახელად Niles წარუდგინა. ნაილსი ბრენდის ცნობილ ლოგოს წარმოადგენს, რომელიც ფეხსაცმლის სამაგრ ღილაკზეა გამოსახული და თითქმის 25 წლის შემდეგ რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა.
კამპანია საკმაოდ კრეატიულად დაიწყო: სოციალურ ქსელებში გამოჩნდა გიგანტური კვერცხი ტაიმერით, საიდანაც გასულ კვირას ნაილსი გამოიჩეკა. მისი პირველი დღეები Crocs-ის სათავო ოფისში „დასაქმებას“ დაეთმო.
თანაც, პერსონაჟის კომუნიკაციის სტილი სრულად არის მორგებული ზეტ და ალფა თაობებზე. ის სოციალურ ქსელებში (Instagram, X, Threads) განგებ დაშვებული გრამატიკული შეცდომებით წერს, იყენებს სპეციფიკურ იუმორს და ხუმრობით წუწუნებს „ნეპოტიზმსა“ თუ მუშაობაზე, რაც ახალგაზრდულ აუდიტორიაში დიდ ჩართულობას იწვევს.

ნაილსის კოსტიუმზე კომპანია Provost Fabrication-მა იზრუნა, პარალელურად კი, კრეატიულ სააგენტო Callen-თან თანამშრომლობით, იქმნება მიკრო-სერიალი, რომლის მოქმედებაც Crocs-ის შტაბ-ბინაში განვითარდება.
ბრენდის მარკეტინგული გუნდის განცხადებით, 2027 წელს დაგეგმილი 25 წლის იუბილეს წინ, კომპანია კომუნიკაციის სტრატეგიას ცვლის და მთავარ აქცენტს „სთორითელინგზე“ აკეთებს. მათი მიზანია, რომ ნაილსი იყოს არა უბრალოდ ვიზუალური ატრიბუტი, არამედ დამოუკიდებელი, ცოცხალი ხასიათის მქონე პერსონაჟი, რომელიც მომხმარებელთან იუმორითა და ოპტიმიზმით დაამყარებს ემოციურ კავშირს.












