6 აგვისტოს, თბილისიდან სტარტს აიღებს Cross Georgia 2026 – სათავგადასავლო შეჯიბრი, რომელიც სამი დღის განმავლობაში ენდუროსა და Adventure კატეგორიის მოტომოყვარულებს ბათუმამდე, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი და ტექნიკურად რთული მარშრუტებით გაატარებს. ამ მასშტაბური ინიციატივის ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. იდეა უბრალო მეგობრული მოგზაურობიდან გაჩნდა, 9-დღიანი ენდურო ტურის დროს, როცა მეგობრებმა ისეთი კუთხეები გადაკვეთეს, სადაც ავტომობილით მოხვედრა შეუძლებელია. მიხვდნენ, რომ ეს განსხვავებული გამოცდილება და ხედები ფართო აუდიტორიისთვისაც უნდა გაეზიარებინათ. ასე ჩამოყალიბდა Cross Georgia, რომელიც 2020 წელს პირველად გაიმართა დედოფლისწყაროდან ქობულეთამდე და პირველივე წელს ნამდვილ ენდურო თავგადასავლად იქცა. წელს კი პროექტი სიმბოლური კონცეფციით – “Reloaded” – ბრუნდება. რეგისტრაცია ორ კატეგორიაშია შესაძლებელი – Enduro და Adventure. გასულ წელს აჭარაში მოსული უეცარი თოვლის გამო გაუქმებული მესამე დღის შემდეგ, მონაწილეებს ეძლევათ შანსი, ბოლომდე მიიყვანონ დაუმთავრებელი თავგადასავალი. როგორ გადაიქცა მეგობრების ინიციატივა ეროვნული ფედერაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენად – დეტალებზე საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი, თეა აბელაშვილი და ენდურო მიმართულების ხელმძღვანელი, Cross Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი ოთიაშვილი გვესაუბრებიან.
M: როგორ გაჩნდა ეს ინიციატივა და როგორ დაიწყო Cross Georgia-ს ისტორია?
გიორგი ოთიაშვილი: იდეა ერთ-ერთი ენდურო მოგზაურობის დროს დაიბადა. მეგობრები ცხრა დღის განმავლობაში მოტოციკლებით ვკვეთდით საქართველოს იმ რეგიონებს, სადაც ზოგჯერ ფეხით გადაადგილებაც კი რთულია, ავტომობილით კი თითქმის შეუძლებელი. სწორედ ამ მოგზაურობისას მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნება, მრავალფეროვანი რელიეფი და შთამბეჭდავი ხედები მხოლოდ ჩვენთვის არ უნდა დარჩენილიყო – გვინდოდა ეს გამოცდილება სხვა მოტომოყვარულებისთვისაც გაგვეზიარებინა. ასე გაჩნდა ენდურო შეჯიბრის იდეა, რომელიც მონაწილეებს საქართველოს გადაკვეთას სრულიად განსხვავებული თვალით სთავაზობს. პირველი შეჯიბრი 2020 წელს „ჰასკი ჯგუფისა“ და „ენდურო ქლაბ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა. სამი დღის განმავლობაში მრბოლელებს დედოფლისწყაროდან ქობულეთამდე სპეციალურად დაგეგმილი საშეჯიბრო გზა უნდა დაეფარათ. მარშრუტი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და ტექნიკურად რთული მონაკვეთებით. მონაწილეებს უწევდათ მდინარის ხეობების, კლდოვანი რელიეფისა და ტყის მასივების გადალახვა. ამავდროულად, ისინი საქართველოს შთამბეჭდავი ლანდშაფტებით ტკბებოდნენ, რაც ამ შეჯიბრს არა მხოლოდ სპორტულ, არამედ დაუვიწყარ სათავგადასავლო გამოცდილებად აქცევდა. პროექტმა მონაწილეების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება პირველივე წლიდან დაიმსახურა, რამაც დაგვარწმუნა, რომ იდეა სწორ დროს გაჩნდა.

M: რა არის ღონისძიების მთავარი მიზანი?
გიორგი ოთიაშვილი: Cross Georgia მხოლოდ სპორტული შეჯიბრი არ არის – ეს არის შესაძლებლობა, მონაწილეებმა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ საქართველო. მთავარი მიზანია ენდუროს მოყვარულებს გააცნოს ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება, ისტორიული ადგილები და ის უნიკალური მარშრუტები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამასთანავე, პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდუროს დისციპლინის პოპულარიზაციაში. შეჯიბრი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, რეალურ პირობებში განივითარონ როგორც ტექნიკური მართვის უნარები, ისე ფიზიკური გამძლეობა და სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა GPS ნავიგაციის გამოყენებასაც. მონაწილეები სწავლობენ დამოუკიდებლად ორიენტირებასა და უცნობ რელიეფზე მარშრუტის ეფექტურად გავლას, რაც თანამედროვე ენდუროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
M: რას სთავაზობს Cross Georgia მონაწილეებს 2026 წელს?
გიორგი ოთიაშვილი: Cross Georgia 2026 მონაწილეებს სამდღიან სათავგადასავლო შეჯიბრს სთავაზობს, რომელიც თბილისიდან ბათუმამდე გადის და საქართველოს ყველაზე მრავალფეროვან და ტექნიკურად რთულ მარშრუტებს აერთიანებს. პირველი დღის ოქროს ფინიში ბაკურიანშია დაგეგმილი, მეორე დღის – გოდერძის უღელტეხილზე, ხოლო შეჯიბრი ბათუმში დასრულდება, სადაც გამარჯვებულებისა და ფინიშერების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაც გაიმართება. ყოველი დღის საშეჯიბრო გზა დაყოფილია სამ დონედ – ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ფინიშებად. სწორედ ეს ფორმატი ხდის პროექტს უნიკალურს: შეჯიბრი გათვლილია როგორც გამოცდილ პროფესიონალ მრბოლელებზე, ისე ენდუროს მოყვარულებზე. მონაწილეები თავად წყვეტენ, რომელი სირთულის მარშრუტი აირჩიონ. 2026 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ენდუროს დისციპლინასთან ერთად Cross Georgia პირველად Adventure დისციპლინაშიც გაიმართება, რაც კიდევ უფრო მეტ მოტომოყვარულს მისცემს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობას.

M: როგორი საზოგადოება და ქომიუნითი ჩამოყალიბდა ამ ინიციატივის ირგვლივ?
თეა აბელაშვილი: Cross Georgia წლების განმავლობაში მხოლოდ შეჯიბრი აღარ არის – ის ენდუროს დიდი ოჯახის შეხვედრის ადგილად იქცა. ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა გამოცდილების, ასაკისა და პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ერთი საერთო ინტერესი აქვთ – მოტოციკლი, თავგადასავალი და საქართველოს აღმოჩენა. შეჯიბრის განმავლობაში მონაწილეები ერთად გადიან რთულ მარშრუტებს, ეხმარებიან ერთმანეთს დაბრკოლებების გადალახვაში, უზიარებენ გამოცდილებას და ამყარებენ მეგობრულ ურთიერთობებს. სწორედ ამ ურთიერთპატივისცემამ და მხარდაჭერამ შექმნა ძლიერი ენდურო ქომიუნითი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ უკვე გვყავს ერთგული მონაწილეები, რომლებიც ყოველ წელს ბრუნდებიან და ახალ წევრებსაც იზიდავენ. წელს კი, Adventure დისციპლინის დამატებით, ღონისძიება კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას აერთიანებს. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენა – ეს არის ადამიანების, გამოცდილებისა და საერთო ღირებულებების გაერთიანება.
M: უკვე მეოთხედ ტარდება Cross Georgia – როგორი გზა გაიარა პროექტმა ამ პერიოდში?
გიორგი ოთიაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ Cross Georgia ჯერ მხოლოდ მეოთხედ ტარდება, ამ მოკლე პერიოდში მან უკვე მოახერხა საკუთარი ისტორიისა და ტრადიციის შექმნა. ყოველი წელი ახალი გამოცდილების, ახალი გამოწვევებისა და ახალი მონაწილეების დამატებასთან ასოცირდება, თუმცა უცვლელი რჩება მთავარი იდეა – აჩვენოს საქართველო ისეთი თვალით, როგორითაც მას მხოლოდ მოტოციკლით მოგზაურობისას დაინახავ. პირველი შეჯიბრი 2020 წელს გაიმართა და მონაწილეების მხრიდან იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ Cross Georgia მალევე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ენდურო ღონისძიებად იქცა რეგიონში. წლების განმავლობაში შეჯიბრის მარშრუტები კიდევ უფრო დაიხვეწა, გაიზარდა ორგანიზების ხარისხი და მონაწილეთა რაოდენობაც. 2026 წელი კი განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია Adventure დისციპლინის დამატებით, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა.
M: წლევანდელი თემაა “Reloaded” – რას უკავშირდება ეს სახელწოდება?
გიორგი ოთიაშვილი: Reloaded სიმბოლურად ნიშნავს დაბრუნებას იმ გზაზე, რომლის სრულად გავლაც გასულ წელს ვერ მოხერხდა. 2025 წლის Cross Georgia-ს მესამე საშეჯიბრო დღე ექსტრემალური ამინდის გამო გაუქმდა. მიუხედავად იმისა, რომ ენდუროში რთული ამინდი შეჯიბრის ბუნებრივი ნაწილია, გასულ წელს აჭარის რეგიონში სექტემბერში მოსულმა ინტენსიურმა თოვლმა სრულიად მოულოდნელი ვითარება შექმნა. უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საორგანიზაციო გუნდმა მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მესამე დღის გაუქმების შესახებ. სწორედ ამიტომ, Cross Georgia 2026 – Reloaded გარკვეულწილად გასული წლის გაგრძელებაა. წლევანდელი მარშრუტი მოიცავს იმ ტერიტორიების ნაწილსაც, რომელთა გავლა მონაწილეებმა შარშან ვეღარ შეძლეს. ეს არის შესაძლებლობა, დასრულდეს დაუმთავრებელი თავგადასავალი.
M: რა როლს ასრულებს საქართველოს მოტოსპორტის ფედერაცია ღონისძიების ორგანიზებაში?
თეა აბელაშვილი: Cross Georgia უკვე მეორე წელია ტარდება საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით, რაც ღონისძიებისთვის მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპი გახდა. ფედერაციის ჩართულობა, პირველ რიგში, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულ ორგანიზებასა და უსაფრთხოების მაღალი ნორმების დაცვას უზრუნველყოფს. დაიხვეწა რეგლამენტი, გამარტივდა მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი, გაიზარდა ორგანიზაციული ხარისხი და შეჯიბრის მართვის სტანდარტი. ფედერაციის მთავარი მიზანია Cross Georgia ეტაპობრივად გადაიქცეს საერთაშორისო დონის ღონისძიებად, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მონაწილეებისთვის.
M: როგორ შეუძლიათ მსურველებს ჩართვა და რა უნდა გაითვალისწინონ მომზადებისას?
თეა აბელაშვილი: Cross Georgia 2026-ზე რეგისტრაცია ზაფხულის დასაწყისიდან მიმდინარეობს და მონაწილეთა დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა პროცედურა. თუმცა მსურველებისთვის ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, გახდნენ ამ უნიკალური თავგადასავლის ნაწილი. რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე motofederation.ge და ის 4 აგვისტოს დასრულდება. შეჯიბრის დაწყებამდე, 5 აგვისტოს, გაიმართება ოფიციალური ბრიფინგი, სადაც მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მარშრუტის, უსაფრთხოების წესებისა და რეგლამენტის შესახებ. პროექტი სტარტს 6 აგვისტოს თბილისიდან აიღებს და 8 აგვისტოს ბათუმში დასრულდება. მათ, ვინც მონაწილეობას გეგმავს, ვურჩევთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ როგორც მოტოციკლის ტექნიკურ გამართულობას, ისე საკუთარ ფიზიკურ მომზადებას, რადგან წინ დაუვიწყარი, თუმცა გამოწვევებით სავსე თავგადასავალი ელოდებათ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











