in

500 Global-ის რჩეულთა სიაშია Crosscreators – აუგმენტური რეალობა ბიზნესისთვის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ერთ-ერთი ასეთი სტარტაპია Crosscreators, ქართული სტარტაპი, რომელიც ბიზნესს სთავაზობს მომხმარებელთან კომუნიკაციისა და რეკლამის სრულიად ახალ, ულტრათანამედროვე მოდელს. გაძლიერებული რეალობის მეშვეობით, ის გთავაზობთ სერვისს რეკლამის გასაკეთებლად, საცალო ვაჭრობისთვის, განათლებისთვის ან უბრალოდ გართობისთვის. იდეა, რომ გაძლიერებული რეალობის ტექნოლოგია ეფექტური იქნება მარკეტინგისთვის, ანი მანჯავიძეს მაშინ გაუჩნდა, როცა მარკეტინგის მიმართულებით ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ფიქრობდა. დღეს გუნდში 10 ადამიანია და ისინი თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ დანერგონ საქართველოში რეალობა, რომელიც ცოტა მაგიასაც კი ჰგავს.

გთავაზობთ სტარტაპის დამფუძნებელთან, ანი მანჯავიძესთან ინტერვიუს, რომელიც მოგვიყვება Crosscreators-ის დაარსების, მიზნებისა და 500 Global-ის შესახებ:

M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ – როდის დაარსდა, როგორ დაარსდა, რამდენი ხანია არსებობს და რა სერვისს ქმნის?

Crosscreators დაარსდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. იდეა დაიბადა მაშინ, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე, განსხვავებული სტრატეგია ამერჩია მომხმარებლების უკეთ მოსაზიდად იმ კომპანიისთვის, რომელშიც ვმუშაობდი, როგორც მარკეტინგის ხელმძღვანელი. ზოგადად, ვიცოდი აუგმენტური რეალობის კამპანიების არსებობის შესახებ უცხოური კომპანიებისგან, ამიტომაც გადავწყვიტე, მეც გამომეყენებინა, თუმცა აღმოჩნდა რომ უცხოური სააგენტოები საკმაოდ ძვირადღირებულია, კვალიფიციური ფიზიკური პირის პოვნა კი ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მომეგვარებინა არსებული პრობლემები და ხელმისაწვდომი გამეხადა ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც. 

შევქმენით Crosscreators.com, რომელიც არის პლატფორმა აუგმენტური რეალობის მარკეტინგისთვის, ის აკავშირებს ბრენდებს პროფესიონალ AR კრეატორებთან. აქ მომხმარებელს აქვს საშუალება, მიიღოს როგორც მისთვის სასურველი, კონკრეტულ იდეაზე დაფუძნებული კონტენტი, ასევე მიიღოს კონცეფციის იდეები კრეატორებისგან. ამ ეტაპზე უკვე გვყავს 2000-ზე მეტი კრეატორი.

 

M: რით არის გამორჩეული და ინოვაციური თქვენი სერვისი?

Crosscreators არის პირველი და ერთადერთი აუგმენტური რეალობის მარკეტფლეისი ამიერკავკასიაში. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს აუგმენტური კონტენტი ყველანაირი არხისთვის, იქნება ეს სოციალური მედიის ფილტრები და ეფექტები, თუ ვებსაიტი ან აპლიკაციები. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, გლობალურ ბაზარზე ჩვენი პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ჩვენთან ეს ყოველივე შესაძლებელია 60%-ით ხელმისაწვდომ ფასად და 3-ჯერ უფრო სწრაფად, ხარისხის გაფუჭების გარეშე.

გარდა უშუალოდ აუგმენტური რეალობის სერვისებისა, ჩვენ ვზრუნავთ აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებაზეც ამ კონკრეტული ტექნოლოგიის მიმართ. 

M: რა გამოწვევებთან, პრობლემებთან არის დაკავშირებული ქართულ ბაზარზე სტარტაპად თავის დამკვიდრება? 

საქართველოს ბაზარზე და არა მარტო, არსებული სტარტაპების საციცოცხლო ციკლი ძირითადად ძალიან მოკლეა. როგორც წესი, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა ხოლმე, რომელიც ხელს უშლის სტარტაპს სისწრაფეში, არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებისთვის.

M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში, რა მოლოდინები გაქვთ მისგან და რა ეტაპები უნდა გაიაროთ აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში?

საერთაშორისო აქსელერაციაში მონაწილეობა, პირველ რიგში, დიდი ვალიდაცია და ნიშანია სამომავლო ინვესტორებისთვის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი აქ ყოფნის სწორედ ესაა, რადგან მალე გამოვაცხადებთ რაუნდს და გვინდა ჩვენს სხვა ძლიერ ინვესტორებთან ერთად დიდი აქსელერატორის სახელიც ფიგურირებდეს ასევე ერთი ორად მნიშვნელოვანია გუნდისთვის ცოდნა, რომელსაც აქ ვეზიარებით.

ეს პროგრამა კონცენტრირებულია სტარტაპის გაზრდის ფაზაზე, ამიტომაც ძალიან დიდი დრო დაეთმობა მარკეტინგული და გაყიდვების კომუნიკაციების გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოოდ, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდასა და მათ კმაყოფილებაზე აისახება.

M: თქვენი სტარტაპი 400+ კომპანიას შორის შეირჩა, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

ვფიქრობ, Crosscreators-ს პირველ რიგში გამოარჩევს ის, რომ არის უნიკალური – ამ ტიპის მომსახურებას ჩვენი პირობებით არცერთი სხვა კომპანია არ სთავაზობს მომხმარებელს ამიერკავკასიაში. 

ჩვენ მოვახერეთ და დროის მცირე პერიოდში ავითვისეთ მომხმარებლების საკმაო რაოდენობა, რომელიც ვფიქრობთ, აქსელერაციისთვის გადამწყვეტი ნიშანი აღმოჩნდა, რომ ფინალში გავსულიყავით. ჩვენს გუნდს წარმატებისთვის ყველა საჭირო კომპონენტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

რისთვის იყენებენ „ყავისფერ ხმაურს“?

Mastercard-ისა და Wolt-ის შეუფასებელი გაერთიანება!