28
Oct
2019

“Crosscurrents” – გამოფენა Window Project-ში

28 Oct 2019

ე.ტატიშვილის 9-ში მდებარე საგამოფენო სივრცეში Window Project გამოფენა “Crosscurrents” გაიხსნა. გამოფენის იდეა თბილისის კულტურულ ცხოვრებაზე დაკვირვების შედეგია. მასში მონაწილეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ. აქ ხელოვანები, დიზაინერები, მუსიკოსები და არქიტექტორები ერთად მუშაობენ, თანამშრომლობენ, ერთობიან და ამ პროცესში სხვადასხვა დისციპლინას შორის არსებულ ტრადიციულ ზღვარს არღვევენ.

ფოტო: გურამ კაპანაძე

“ახალგაზრდა შემოქმედები კრიტიკოსების აზრისა და კატეგორიზაციის სურვილის მიღმა მუშაობენ, ისინი უბრალოდ აკეთებენ, ეძებენ და ცხოვრობენ, მაქსიმე მაჩაიძე დიზაინ ობიექტების შესაქმნელად საბჭოთა მანქანების კაპოტებს იყენებს, რომლებზეც ანკა ბოჭორიშვილი ფაქიზი ხაზით ხატავს. მოდის დიზაინერი ირაკლი რუსაძე Situationist Official-ის ტანსაცმელს დეტალზე ორიენტირებული დიდი ყურადღებით აგებს და მის მოდელებზე შემდეგ გიორგი გელაძე თავის ტექსტებს წერს ან მექანიკურ ნახატს აკეთებს. სალომე ჩიგილაშვილი პარკეტის ნაჭრებზე ქართული ფარდაგის დეტალებს ქარგავს და ხელოვანი შოთიკო აფციაური ქვებითა და მიწით ინსტალაციას აგებს, რომელზეც სიმბოლურ თიხის ობიექტებს ამაგრებს, აქვე გამოფენილია არქიტექტორ გიგი შუკაკიძის ვიდეო, რომელიც უკრაინაში შესრულებული პერფორმანს -ინსტალაციის დოკუმენტაციაა. გამოფენის მონაწილეები ცდილობენ თავიანთი პოზიციისა და ადგილის პოვნას როგორც ადგილობრივი კულტურულ ფონზე, ასევე ზოგადად თანამედროვე ხელოვნების დიზაინისა და არქიტექტურის კონტექსტში,” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

ფოტო: გურამ კაპანაძე

როგორც გამოფენის ერთ-ერტმა კურატორმა მარკუს ფეარსმა აღნიშნა, გამოფენის მონაწილეები ქმნიან განსაკუთრებული ელფერის ნამუშევრებს და სურვილი აქვთ, გლობალური დისკურსის ნაწილი იყვნენ. მათ ნამუშევრებში ჩანს ის რთული დამოკიდებულება საბჭოთა წარსულის მიმართ, რომელსაც ნოსტალგიის გარდა, მის ნარჩენებს შემოქმედებითი პოტენციალისათვის იყენებენ.

ფოტო: გურამ კაპანაძე

ეს თითქოს პანკური ხელოვნებაა, რომელსაც სიბრაზე და ნიჰილიზმი დაკარგული აქვს. ეს მიმდინარეობაა და, ამავე დროს, ძალიან წამიერია.

ახალგაზრდა ქართველი შემოქმედები:

შოთიკო აფციაური
მაქსიმე მაჩაიძე
ანკა ბოჭორიშვილი
Situationist Official
გიორგი გელაძე
სალომე ჩიგილაშვილი
გიგი შუკაკიძე

კურატორები:

ირინა პოპიაშვილი და მარკუს ფეარსი

ფოტო: გურამ კაპანაძე

გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

განხილვა