5-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, რომელიც 8 წელია, ბორჯომში ოპერირებს, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე საუკეთესო კურორტის წოდება მეორედ მოიპოვა. ამის შესახებ სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა კალანდაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ოსკარად ცნობილი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება World Travel Awards ჯერ კიდევ გასულ წელს ბათუმში ჩატარდა, ხოლო წელს 31-ე ცერემონიის მასპინძელი თავად გერმანია, ბერლინი იყო. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ტურიზმის ინდუსტრიის უამრავი ნომინანტი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით.
„აღნიშნული ჯილდოს მოპოვება „ქრაუნ პლაზა ბორჯომისთვის“ უდიდესი სიამაყის მომგვრელია, ვინაიდან, პირველ რიგში, ეს არის მთელი გუნდის თავდაუზოგავი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. ჩვენ ამაყნი ვართ ჩვენი გუნდის თითოეული წევრით და, პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მათ, ერთგულებისა და ლოიალობისთვის. ასევე იმისთვის, რომ უკვე ამდენი წელია, ქრაუნ პლაზა ბორჯომი ურყევად ინარჩუნებს სტუმრებისთვის გამორჩეულად საყვარელი დასასვენებელი ადგილისა და კურორტის სტატუსს. გასულ წელს მიღებული ჯილდო იყო ერთგვარი სიმბოლური და ოფიციალური აღიარება ჩვენი სტუმრების მრავალწლიანი სიყვარულისა და პატივისცემისა, რაც წელს, უკვე მეორედ, ისევ განმტკიცდა. ამან როგორც კომპანიაზე, ისე გუნდის წევრებზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედა“, — აცხადებს ირმა კალანდაძე.
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ არის საერთაშორისო ქსელის — Intercontinental Hotel Group-ის წევრი. სასტუმროს გააჩნია 101 დახვეწილი დიზაინის ნომერი, მათ შორის მაღალი და საპრეზიდენტო კატეგორიის, სპა და ბალნეოლოგიური მიმართულება, სადაც უახლოესი და საერთაშორისო მეთოდებით ტარდება სხვადასხვა სახის პროცედურები, რამაც ჩამოაყალიბა დიდი მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსვენებლებისთვის.
გარდა ამისა, სასტუმრო საქმიანი ტურიზმით აქტიურადაა დაკავებული და მასპინძლობს საერთაშორისო დელეგაციებსა და კონფერენციებს. „წელს გვინდა, რომ ღონისძიებების მიმართულებით კიდევ უფრო განვვითარდეთ და მომხმარებელს მეტად მრავალფეროვანი აქტივობები შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დავუბრუნდეთ პანდემიამდელ ნიშნულს, თუმცა გამოწვევა ბევრია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან კოლაბორაციით უნდა მოგვარდეს. გვჯერა, რომ 2024 წელს უკეთესი შედეგებით დავხურავთ და საინტერესო წელი გვექნება“, — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა.
ირმა კალანდაძის ინფორმაციით, სასტუმროს ძირითადად სტუმრები ყაზახეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან, კორეიდან ჰყავს, თუმცა ასევე, არასეზონურ პერიოდში ადგილობრივებსაც მასპინძლობს. გარდა ამისა, გააქტიურებულები არიან ევროპული ჯგუფები, კერძოდ გერმანია, პოლონეთი, სკანდინავიის ქვეყნები და სერიული ჯგუფები ამერიკის გაერთიანებული შტატებიდან.
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ 180-მდე ადამიანს ასაქმებს, რომლის 90% ადგილობრივი მცხოვრებია.
[R]