თქვენი აზრით, რატომ უნდა გამოიყენოს სასმელების კომპანიამ ბაქტერია პროდუქტის პოპულარიზაციისთვის? ახლა Crucible-ზე მოგიყვებით და ვეცდებით, კითხვაზე პასუხი გაპოვნინოთ. გარკვეული წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ ბრენდი ექსპერიმენტების მოყვარულია — ცოტა ხნის წინ Jägermeister-ის კოქტეილის კონკურსი ჩაატარეს სესიებით, რომელთა დროსაც მცენარეებიდან აღებულ ხმებს იკვლევდნენ. მონაწილეებს კი შეეძლოთ ლაბორატორიული აღჭურვილობით საკუთარი სასმელიც შეექმნათ. გეთანხმებით, ისეთივე უცნაურ რაიმეს აღგიწერთ, როგორც თავად ეს ლოგოა…
თუმცა გვეუბნებიან, რომ ეს მეცნიერებისა და კრეატიულობის შერწყმაა, რომლის ასახვაც ბრენდინგში Madalena Studio-ს მიანდეს. მართალია, ბრიფი უფრო მეტად ვებგვერდის განახლებას ეხებოდა, მაგრამ შემოქმედებითმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ მას ახალი ვიზუალური იდენტობაც სჭირდებოდა. ამოცანას ბრენდის ევოლუციის ასახვა წარმოადგენდა, პირველი ბარიდან ინოვაციურ ჰაბამდე სასმელების ინდუსტრიაში.
„როგორც კი ბაქტერიისგან ლოგოს შექმნის იდეა გაჩნდა, ჩავთვალეთ, რომ ეს სწორი სვლა იქნებოდა, არც ვიცოდით, იმუშავებდა თუ არა, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ეს სწორი იყო“, — აცხადებს კრის კოლიკოტი, Madalena Studio-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
აქ არც Crucible-ის გუნდის დათანხმება გასჭირვებიათ, შემდგომ ამოცანად კი მხიარული იდენტობის შექმნა იქცა, რაც ბაქტერიაში ფერების დამატებას გულისხმობდა. როგორც ხედავთ, ვარდისფერისა და მწვანეს კომბინაციაზე შეაჯერეს არჩევანი. თუმცა ეს ორი ფერი უფრო რომ გამოეკვეთათ, ფონად შავ-თეთრი აირჩიეს. ფერების დამატებით კი მეცნიერული წამოწყება გრაფიკული დიზაინის პროექტად იქცა…
რაც შეეხება ლოგოს, ორიგინალ გრაფიკას იყენებს, რომელიც Madalena Studio-მ 2017 წელს შექმნა. თუმცა ბაქტერია ამ კონკრეტული ფორმით რომ გაეზარდათ, დიზაინერთა გუნდმა ლაზერულ მეთოდს მიმართა, რა დროსაც დაძველებული კომბუჩათი გაჟღენთილი ნიმუშები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გულა სოკოს, კანიდან და მიწიდან აღებული ნიმუშები გამოიყენეს. გასაზრდელად კი ლაბორატორიაში დატოვეს. ბაქტერიების გაზრდის პროცესი გადაიღეს და ვებგვერდის ვიზუალურ მასალადაც გამოიყენეს.
„რეგულარული ინტერვალებით თითქმის 30 ნიმუშის გადაღება გამოწვევას ჰგავდა. თითოეულს 1-2 კვირა სჭირდებოდა გასაზრდელად. შუა ღამით ადგომაც გვიწევდა ხოლმე ამის დასაფიქსირებლად, ამიტომ შვებას ჰგავდა პროექტის დასრულება…“, — განმარტავს კოლიკოტი.
დანარჩენი თავად ნახეთ: