კრიპტომატი ბანკომატის ტიპის აპარატია, რომლის გამოყენებითაც, იყიდით ან გაყიდით/გაანაღდებთ კრიპტოვალუტას. მონეტების შეძენა შესაძლებელია როგორც უკვე არსებული ელექტრონული/ციფრული საფულით, ე.წ. wallet-ით, აგრეთვე ქაღალდის საფულის მეშვეობითაც, რომელსაც კრიპტომატი თავად დაგიბეჭდავთ. ტრანზაქციები კრიპტომატში ორ კრიპტოვალუტაში: ბიტკოინი და ლაითკოინი ხორციელდება. კრიპტომატის მომსახურების დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს შპს კრიპტომატის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოსებ ბოლქვაძემ უპასუხა: M: რომელ ლოკაციებზე შეიძლება კრიპტომატით სარგებლობა და როგორია გაცვლითი კურსი?
ამჟამად, კრიპტომატით სარგებლობა 3 ლოკაციაზეა შესაძლებელი: გალერია თბილისი, კაზინო აჭარა და თბილისი მოლი. კრიპტომატის კურსი ონლაინ განისაზღვრება, მიბმული არის საერთაშორისო ბირჟის კურსზე, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ემატება კომპანიის მომსახურების საკომისიო, საშუალოდ, 3 %, რაც საქართველოში ონლაინ მაღაზიებს აქვს.
M: რა არის კრიპტომატით სარგებლობის სამომხმარებლო უპირატესობა?
პირველი არის ის, რომ ნაღდი ფულით შეგიძლია იყიდო ან გაყიდო ციფრული ფული. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც, ონლაინ გადახდა არ არის მოსახერხებელი, მაგალითად, ბანკში არ აქვს ანგარიში, ან ყადაღა ადევს და ა.შ. გარდა ამისა, ნაღდი ფულით გადახდა უფრო ანონიმურიც არის, არავინ იცის, ვინ და როდის ისარგებლა ბანკომატით. მეორე არის სისწრაფე – ყოველგვარი რეგისტრაციისა და რთული პროცედურების გარეშე, ასრულებ საჭირო ოპერაციებს. გარდა ამისა, ჩვენი შეთავაზება ტურისტებისთვისაც მოსახერხებელია. ხშირია შემთხვევა, როცა მათ ქართული ბარათი არ აქვთ და უკვე კრიპტომატის საშუალებით, ექნებათ შესაძლებლობა, მარტივად გაანაღდონ ფული. M: რაც შეეხება ბირჟაზე ვაჭრობას, ამ შემთხვევაში, როგორ განისაზღვრება თქვენი კონკურენტული უპირატესობა? როგორია თანხების განაღდების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა?
ბირჟაზე რომ ივაჭრო, ბევრი პროცედურა უნდა გაიარო: უნდა მიაწოდო დეტალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ, მიუთითო შემოსავლების წყარო და ა.შ. ამ ყველაფერს შეიძლება, თვე-ნახევარი, 2 თვე დასჭირდეს. შარშან, მაგალითად, წლის ბოლოს, საერთოდ ყველა დიდმა ბირჟამ გააჩერა ახალი კლიენტების რეგისტრაცია, იმდენად დიდი იყო მსურველთა რაოდენობა. როდესაც დიდ თანხებზეა საუბარი, 30-40 000 დოლარზე, მაშინ გირჩევნია, ელოდო, იწვალო და ბირჟაზე ივაჭრო. თუმცა, თუ გინდა 50 ლარის, 5000 ლარის განაღდება, არ გიღირს ამდენი პროცედურის გავლა და ჯობს, პირდაპირ ჩვენი აპარატიდან იყიდო. დღეში, მაქსიმუმ, 100 000-ის, ხოლო მინიმუმ – 50 ლარის განაღდება შეგიძლია.გთავაზობთ კრიპტომატის გამოყენების ინსტრუქციას:
მონეტების ყიდვა/გაყიდვა შესაძლებელია თქვენი არსებული ციფრული საფულით ან კრიპტომატის საშუალებით შექმნილი ქაღალდის საფულით:
მონეტების ყიდვა ციფრული საფულით: თუ უკვე გაქვთ საკუთარი ციფრული საფულე (Wallet), ირჩევთ Scan Wallet QR Code-ს. საფულის QR კოდის დასასკანერებლად, უნდა გახსნათ შესაბამისი მობილური აპლიკაცია (მაგ: Blockchain), სადაც უკვე გაქვთ დარეგისტრირებული საფულე და აირჩიოთ ბრძანება Request. მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება თქვენი საფულის QR კოდი, რომლის დასასკანერებლადაც, სკანერთან ახლოს (დაახლოებით 10-15 სმ-ის დისტანციაზე) უნდა მიიტანოთ მობილურ აპლიკაციაში, ეკრანზე გამოსახული ბარკოდი და დააფიქსიროთ. კრიპტომატის თანხის მიმღებში შეიტანთ ლარის კუპიურებს, რის შემდეგაც, დაასრულებთ ოპერაციას.
მონეტების საყიდლად ქაღალდის საფულის (Wallet) შექმნა: იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ საფულე და მისი შექმნა გსურთ, აირჩიეთ მეორე ვარიანტი – Create New Wallet. მას შემდეგ, რაც თქვენი საფულე შეიქმნება, უნდა აიღოთ ნაბეჭდი საფულე პრინტერიდან და შეინახოთ. გაითვალისწინეთ: პირველი კოდი წარმოადგენს თქვენი საფულის საჯარო მისამართს და მისი გაზიარება სხვა პირებისთვისაც შეგიძლიათ, ხოლო მეორე მათგანი თქვენი პირადი გასაღებია და შესაბამისად, კონფიდენციალური. საფულეზე თანხის შესატანად უნდა აირჩიოთ Fund my new wallet – კრიპტომატის თანხის მიმღებში შეიტანეთ ლარის კუპიურები და დააჭირეთ დასრულებას.
თქვენს საფულეზე არსებული მონეტების გასაყიდად/ლარში გასანაღდებლად, მთავარი მენიუდან ირჩევთ ოპერაციას: Withdraw Cash-ს, შემდეგ კი, იმ მონეტას, რომლის განაღდებაც გსურთ. ეკრანზე გამოჩნდება გასანაღდებელი თანხის რამდენიმე ვარიანტი. შემდეგ კი, ბარკოდი და კრიპტომატის ანგარიშის მისამართი (მწვანედ).
ტრანზაქციის გასაგრძელებლად, გახსენით შესაბამისი მობილური აპლიკაცია (მაგ: Blockchain), სადაც უკვე გაქვთ დარეგისტრირებული საფულე. მობილურ აპლიკაციაში აირჩევთ Send-ს და ველში „To: Enter bitcoin/litecoin address“ ეკრანზე გამოსახული მისამართის ჩასაწერად, მობილურის საშუალებით (ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახული ბარკოდის სიმბოლო), დაასკანერებთ QR კოდს. აპლიკაციაში ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ აიღებთ თანხასა და/ან მხოლოდ ქვითარი.
მონეტების განაღდება სპეციალური კოდის (ე.წ. Redemption Code) გამოყენებით: თუ გასანაღდებელი თანხის სასურველი ოდენობა 1000 ლარს აღემატება, ტრანზაქციას ქსელისგან დადასტურება (ე.წ. Network Confirmation) დასჭირდება. ტრანზაქციის დადასტურებამდე კრიპტომატიდან აიღეთ ქვითარი, რომელზეც გამოსახულია უნიკალური რვანიშნა კოდი (ე.წ. Redemption Code). შეინახეთ ქვითარი და დაელოდეთ რამდენიმე წუთი (საშუალოდ, 10-დან 30 წუთამდე). ტრანზაქციის ქსელისგან დადასტურების შემდეგ, მთავარი მენიუდან აირჩიეთ ბრძანება Redeem, ეკრანზე გამოტანილ ველში შეიყვანეთ ქვითარზე დაბეჭდილი რვანიშნა კოდი (ე.წ. Redemption code) და დააჭირეთ Finish Withdrawal-ს.