in

რომელმა ტრენდებმა შექმნა კრიპტოსამყარო 2024 წელს და როგორია ახალი წლის პროგნოზი

შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოსამყარომ 2024 წელს დაამტკიცა თავისი გამძლეობა და გარდამტეხი ძალა. ჩვენ ისეთი ახალი ტენდენციებისა და ცვლილებების მოწმენი გავხდით, რომლებმაც ციფრული ვალუტების მომავალი განსაზღვრა.

ამ სტატიაში ჩვენს რესპონდენტთან ერთად მიმოვიხილავთ, თუ რით იყო საინტერესო აწ უკვე გასული წელი კრიპტოსამყაროსთვის, რა სიახლეები დაინერგა და რამდენად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება კრიპტოაქტივების მიმართულებით.

ანი ნემსიწვერიძე, „კოინმანიას” მარკეტინგის მენეჯერი:

2024 წელი კრიპტოსამყაროსთვის წარმატებული იყო. აღმავალი ფასების ტენდენციის ფონზე  კრიპტოაქტივების საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის 100%-იანი ზრდა აჩვენა და 2024 წლის ბოლოსთვის რეკორდული 3.4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბიტკოინის ღირებულებამ დეკემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 100 000 აშშ დოლარს.

2024 წლის იანვარში შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ ბიტკოინის SPOT EFT-ებით ვაჭრობა დაუშვა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. შემოდგომაზე კი, საპრეზიდენტო არჩევნებში კრიპტომეგობრული განწყობებით ცნობილი დონალდ ტრამპის გამარჯვებამ და მის გუნდში ილონ მასკის გამოჩენამ კრიპტოენთუზიასტები კიდევ უფრო ოპტიმისტურად განაწყო.

M: რა ხდებოდა ქართულ კრიპტოინდუსტრიაში გასულ წელს?

2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ქართული კრიპტოინდუსტრიისთვისაც. მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც მოიმატა კრიპტოს მიმართ ინტერესმა, ვირტუალური აქტივების მფლობელებისა და ტრანზაქციების რაოდენობამ. აქტიურად ამოქმედდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიზანიც კრიპტომომსახურების მეტი უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფაა. შეიქმნა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთა (VASP) რეესტრი იმ კომპანიების ნუსხით, რომლებიც დარგის დადგენილი სტანდარტებით ოპერირებენ. Coinmania-მ აღნიშნული ლიცენზია მაისში მიიღო, რამაც კარი გაუხსნა ახალ ბიზნესშესაძლებლობებსა და სანდოობის ზრდას.

M: რამდენად წარმატებული წელი იყო 2024, მომხმარებელში კრიპტოს თაობაზე ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით?

კრიპტოს გარშემო ცნობადობის ყოველწლიურ ზრდას რიცხვებიც მოწმობს, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. პოპულარული კრიპტოაქტივების ფასის ზრდამ უკვე მიიქცია ყურადღება საინვესტიციო კუთხით, თუმცა ეს რევოლუციური ტექნოლოგია გაცილებით მეტია, ვიდრე ფინანსურად მიმზიდველი აქტივის ჭრილში განსახილველი მოვლენა.

როცა შესაძლებელი გახდება კრიპტოაქტივების კონვერტაციით პროდუქტის ან მომსახურების ფართო ასორტიმენტის მარტივად მიღება, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ ეს შეუწყობს ხელს კრიპტოს გარშემო ცნობიერების ამაღლებასა და მის ყოველდღიურობაში გამოყენებას. ამ კუთხით ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და 2024 წელს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერ ელექტრაფესთან ერთად, შევიმუშავეთ ტერმინალი, რომელიც ობიექტებში კრიპტოს გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. 2025 წელს კი რამდენიმე ათეული კრიპტომეგობრული ობიექტი დაგვემატება.

ცნობიერების ამაღლების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის თემატური სემინარები, კონფერენციები თუ ვორკშოპები, რაც ჩვენს ქვეყანაში ტარდება. მნიშვნელოვანია, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ლიტერატურის არსებობაც. ამ მიზნით, წელს გამოვეცით „ფულის ინტერნეტი“ – მსოფლიო კრიპტოლიტერატურის ბესტსელერი, რომელიც საჩუქრად გადავეცით ჩვენი გუნდის წევრებს და ყველას, ვინც გამოხატა ინტერესი, მეტი შეეტყო ამ ინოვაციური ტექნოლოგიების გარშემო.

კრიპტოს გარშემო ცნობადობის გაზრდა ის საქმეა, რაშიც წვლილი შეაქვთ კრიპტოენთუზიასტებს და ყველა კომპანიას, რომელიც ამ დარგში ოპერირებს. კრიპტო მომავალია და მას საფუძველი დღეს ეყრება.

M: რა მოლოდინია 2025 წლისთვის კრიპტოსამყაროში?

არაერთი ექსპერტისა და ინვესტორის მოლოდინით, 2024 წლის ტენდენციები 2025 წელსაც შენარჩუნდება. მსოფლიო ინტერესით ელის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ახალ კრიპტოპოლიტიკას და იმას, თუ რა ასახვას პოვებს ეს ბაზარზე. უნდა ველოდეთ ტექნოლოგიურ სიახლეებსაც, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით. კრიპტოსამყაროში მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, როგორც თავად ბლოკჩეინტექნოლოგია. დანამდვილებით ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ 2025 წელი მოსაწყენი არ იქნება. 

*აქ გამოთქმული არცერთი მოსაზრება არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორი წელი იყო ქართული ელკომერციისთვის 2024?

თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა