მიკრობანკ „კრისტალისა” და lib.ge აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ენის მასწავლებლები, რომლებიც პედაგოგიურ საქმიანობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეწევიან, პროფესიულ გადამზადებას გადიან. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპი.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებას ადგილობრივი მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია.
სახელმწიფო ენის თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული გაკვეთილები დაეხმარება მათ, სიღრმისეულად შეისწავლონ ქართული ენა და ეს ცოდნა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მისაღებად, საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის გამოიყენონ. შესაბამისად, ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადების პროგრამას ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიზანი აქვს.
„განათლების მხარდაჭერა, მით უფრო იმ სფეროს წარმომადგენლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, რომლებიც ქართულ ენას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ასწავლიან და განსაკუთრებულ მისიას ასრულებენ, „კრისტალისთვის“ ერთდროულად საპასუხისმგებლოცაა და საამაყოც. ეს პროგრამა ჩვენთვის წარმოადგენს საჭირო ცოდნისა და სწორი ღირებულებების მქონე ახალი თაობების ჩამოყალიბებაში, მათთვის ღირსეული მომავლის შექმნაში შეტანილ წვლილს ჩვენი კომპანიის მხრიდან, როგორც ადამიანებზე, განათლებასა და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვის ნაწილი“, – აღნიშნავენ „კრისტალში“.
პროგრამა სამუშაო შეხვედრებს მოიცავს და ამ ეტაპზე მასში ქართული ენის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები არიან ჩართული. მიღებულ ცოდნას მასწავლებლები სასწავლო პროცესში დანერგავენ, რაც მათ თანამედროვე მიდგომების გამოყენებასა და გაკვეთილების უკეთესი ხარისხით წარმართვაში დაეხმარება.
„კრისტალისა” და Lib.ge აკადემიის პარტნიორობა 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თანამშრომლობა სამი მიმართულებით ხორციელდება და მოიცავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, წიგნიერებისა და ცოდნის გავრცელების მხარდაჭერას, აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ემიგრანტი ქალების ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.
მიკრობანკი „კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი „კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
[პარტნიორის კონტენტი]











