29
Mar
2019

„კრისტალი“ ვარდისფერს დაემშვიდობა – მიზეზები და ცვლილებები

29 Mar 2019

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“ ახალი ლოგო და კორპორატიული ფერი აქვს.

კომპანიის ფილოსოფიის სტრატეგიულ კონცეფციად ჩამოყალიბებაზე მილენიალ ჰაბის გუნდმა – Millennial Hub იმუშავა (რეზო ჩარკვიანი, ვასკა ჩუბინიძე, გიორგი ტაბატაძე), ხოლო დიზაინი  მორ სტუდიომ – More Studio (ზაქარია მესროპოვი, რუსლან ბერიძე) შეიმუშავა. ცვლილებებთან დაკავშირებით, მარკეტერი „კრისტალის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელ სოფიო ვაჭარაძეს ესაუბრა:

კომპანიის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა, განახლებული ლოგოთი და ფერით დაგვეწყო კომპანიის ახალი ეტაპი. ლოგოზე მუშაობის პროცესში დიზაინერებმა გაითვალისწინეს ბრენდის ფილოსოფია, ღირებულებები და მიზნები. ვინაიდან, „კრისტალი“ მომხმარებლებისთვის არის ერთგვარი შუქურა განვითარებისთვის, ამიტომ სხივის მონახაზი ლოგოში აისახა. ფერზე მუშაობის პროცესში ძალიან არ დავშორდით არსებულს, ამასთანავე, ბრენდის ხასიათისა და არქეტიპის შესაბამისი ფერი შევარჩიეთ.

M: სოფიო, რამ გამოიწვია რებრენდინგის საჭიროება?
„კრისტალი“ 20 წელია ოპერირებს საფინანსო სფეროში, ყოველწლიურად, კომპანია განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, რამაც ნათლად დაგვანახა, რომ „კრისტალი“ მხოლოდ მიკროსაფინანსო და სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის. მისი დანიშნულებაა, იყოს პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.

M: თქვენს საკომუნიკაციო სტრატეგიაში რა შეიცვალა?
„კრისტალი“ პოზიციონირდება, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური საზრუნავის შემსუბუქებას, სასურველის მიღწევას, განვითარებას და, საბოლოო ჯამში, უკეთეს ცხოვრებას. ჩვენ ყველა ფინანსური კომპანიისგან განსხვავებული, ინოვაციური მიდგომა გვაქვს, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, შეეძლოს ფინანსური მომსახურების მიღება.

განხილვა